მემგონი ცოტა უფრო მეტი დრო გავიდა იმასთან შედარებით, რამდენ ხანში ერთხელაც ვწერ ხოლმე ახალ პოსტს და, მეთქი, დროა ამას წერტილი დაესვას. სულ მაქვს ხოლმე პატარ-პატარა იდეები მაგრამ ცალკე პოსტს არ ვუთმობ ხოლმე. ხოდა ეს თემა არ იქნება დიდი და ძალიან ინფორმატიული, მაგრამ იქნებ ზოგისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
უკვე რამდენი ხანია სეულში ვარ, ხომ იქნება 4 თვე? იქნება. ხოდა სულ ვგრძნობ ხოლმე ცუდ სუნს ქალაქში. ხადახან ფანჯარასაც არ ვაღებ იმის გამო, რომ ცუდი სუნია. ეს ცუდი სუნი პირველ რიგში გამოიხატება კანალიზაციის სუნით, რომელსაც ვერსად გაექცევი. აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემა არაა მთელად მოწესრიგებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ტექნოლოგიური გიგანტია, ულტრა თანამედროვე შენობებით, მოწყობილობებით და ა.შ. ტუალეტები გამუდმებით იჭედება ხოლმე. საქართველოში ნორმალური ამბავია, რომ ტუალეტის ქაღალდს უნიტაზშივე ჩაუძახო, აქ კი ყველგან გაფრთხილებებია გაკრული საზოგადოებრივ ტუალეტებში (თავისი ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა ჩავაგდოთ ტუალეტის ქაღალდი უნიტაზის გვერდზე მდებარე ნაგვის ყუთში) და კერძო სახლებშიც სახიფათოა ტუალეტის ქაღალდის უნიტაზში ჩაგდება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ სადაც კი ტუალეტში შევსულვარ, ყველგან დამხვედრია ტუალეტის ქაღალდი. რახან სიტყვამ მოიტანა, ტუალეტებში ყოველთვისაა გამოყოფილი ცალ-ცალკე ოთახები უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, ისევე, როგორც ბავშვიანი მშობლებისთვის.
მეორე ფაქტორი, რაც ცუდ სუნს ამძაფრებს, არის დაბინძურებული ჰაერი და მტვერი. ამბობენ, რომ ეს მტვრის დიდი მასა მოდის ჩინეთიდან. ძალიან ბევრი მტვერია და საქართველოსთან შედარებით ცოტა მეტს ვაცემინებ ხოლმე. ხშირადაა ხოლმე ბუღი და ახლა, რაც უფრო დაცხა, მით უფრო გამწვავდა ეს. ხანდახან (საკმაოდ იშვიათად) ნახავთ სპეციალური პირნიღბით მოსიარულე ხალხს. სხვათაშორის პირის ნიღაბი ხანდახან მოდურ აქსესუარადაც კი ითვლება (საუბარი არ მაქვს ჩვეულებრივ დამცავ ნიღაბზე). ფერადი ნიღბები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგზარდა გოგონებშიც და ბიჭებშიც. უფროს თაობას თითქმის საერთოდ არ უკეთია ასეთი ნიღბები ხოლმე.
და ბოლოს, ვერაფრით ვერ დავამუღამე ტუალეტის ღილაკები, რისთვისაა არ მესმის.ჩასარეცხი ჰქონდეს ტუალეტს და მეტი რა გინდა, ვერ გავიგე.
მოკლედ ამჯერად ეს მოპოსტო ელემენტი დავწერე. რახან შუალედური გამოცდები მიახლოვდება, ტვინი ნელ-ნელა მუშაობას იწყებს და პოსტების წერის სურვილიც იმატებს. ენის კურსის ბავშვებს არ ეკუთვნით არდადეგები და გაგანია სწავლაში ვართ. არა მარტო ჩვენს უნივერსიტეტში. მემგონი, ყველგან ასეა. მისურვეთ წარმატებები ^_^
რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე სტატიის დაწერა? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ბევრი მაქვს სამეცადინო. ხომ გაგიგიათ ძველების გამოთქმა: “იმდენი სამეცადინო მქონდა, რომ ავატარს ვუყურებდიო.” ხოდა მეთქი რა დავწერო, რა დავწერო-მეთქი და ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა ხმების შესახებ. არ იქნება გრძელი პოსტი მაგრამ შეიძლება დაგაინტერესოთ, განსაკუთრებით ვინც კორეული ენითაა დაინტერესებული ან კორეულ გადაცემებს უყურებს ხოლმე, ან სულაც, ვინც მანჰუებს კითხულობს (კორეული კომიქსი). თან ეს თემა ავირჩიე იმიტომ, რომ მე მომწონს ეს ხმები. რა ხმებზეა ლაპარაკი, გაიგებთ ახლავე.
ქართულში რაიმე ხმის გამოსახატავი სიტყვა ბევრი არ არის. რამდენიმეს გავიხსენებ აბა.
“ტყლაპ-ტყლუპ” იქნება წყალში რომ მიაბოტებ, მაგის ხმა;
“ნწუ” იქნება ნწუს რომ ამბობ (?), მაგის ხმა;
“კაკ-კუკ” დაკაკუნების ხმაა;
“მუაჰაჰაჰა” ბოროტი სიცილის ხმაა;
და ასე შემდეგ, მაგრამ კორეულში ასეთი, ასოებით გადმოცემული ხმის აღქმა გაცილებით ბევრია და რამდენიმეს ბარემ აქ ჩამოვწერ, რაღა.
ㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡ
개굴개굴 – ბაყაყების ერთად ყიყინის ხმა, ე.წ. “ბაყაყების პარლამენტი”: გეგულგეგულ ;
달가닥 – შეჯახების ხმა “დშ”: დალგადაკ;
두근두근 – დუგუნდუგუნ. გულისცემის ხმა;
사뿐사뿐 – ფეხისწვერებზე სიარულის ხმა: საპუნსაპუნ;
앙앙 – ტირილის სახეობის, ჯღავილის ხმა: ანგანგ;
짝짝 – დახევის ხმა: ჭაკჭაკ;
훌쩍 – წვინტლის უკან შებრუნების ხმა: ჰოლჭოკ;
ㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡ
და მოკლედ ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ვისაც უფრო დეტალურად დააინტერესებს ნახეთ ეს ვიდეო, ძალიან სასარგებლოა ამ ხალხის ვიდეოების ნახვა, თუკი კორეით დაინტერესებულია ვინმე (თუ, ცხადია, სასწაულებრივიი ძალების გამო ჯერ არ გაგიგიათ):
ამ ხმებს საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ძალიან აქტუალურია. იმდენადაც კი, რომ კორეული ენის დონის ტესტირებაშიც კი შედის, საშუალო დონიდან იწყება. ანუ ახლა მე რომ დავწერო კორეული ენის ეს გამოცდა (რომელსაც, აქვე დავძენ, ჰქვია TOPIK (한국어능력시험, Test of Proficiency in Korean)), არ უნდა გამიკვირდეს მსგავსი სიტყვის შეხვედრა. სხვათა შორის, კორეაში ეს ტესტირება წელიწადში ხუთჯერ ტარდება, ახლა ივლისში უნდა იყოს შემდეგი პარტია. მინდოდა დარეგისტრირება მაგრამ ვინ გაცალა? ადგილები გამოილია. ამ ჯერზე 70 ათასი კაცი წერს ტოპიკის გამოცდასო, მასწავლებელმა გვითხრა (წყარო: აქ) . ესაა აქამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთა შორის უდიდესი. ამდენი ხალხი ერთად იმიტომ მოაწყდა, რომ, ალბათ, შედარებით ადვილი იქნება ივლისის ტესტირება: ტოპიკს ახალი სტილით ჩაატარებენ და ძალიან მკაცრებიც არ იქნებიან, რომ ხალხს ადაპტირების საშალება მისცენ. ჯერ რა იქნება გადასალახი ზღვარი, ეგეც არაა დადგენილი.
მე ახლა ჩვეულებრივი ლექციების გარდა, კვირაში ერთხელ ვესწრები ტოპიკის გამოცდის მოსამზადებელ გაკვეთილს, რომელზეც მეოთხე და უფრო მაღალი დონის ბავშვები არიან (ჯერჯერობით მარტო მეოთხე და მეხუთე დონე ვართ). ხოდა მეთქი გავაკეთებთ ტოპიკის ტესტის მაგალითებს, რაც უცნობი შეგვხვდება ალაგ-ალაგ, განვიხილავთ, იმ ერთი-ორ უცხო სიტყვას და გრამატიკასაც ჩავაბულბულებთ და რა კარგი ყოფილა ცხოვრება? ვიტყვით. მაგრამ სინამდვილეში: ადამიანი ელი, რომ დასაწყისში კითხვები შედარებით ადვილი იქნება და ნელ-ნელა გართულდება, მაგრამ რეალობა სხვაა. ცხოვრება დასაწყისიდანვე რთულია და სწორედ ამის ჩვენება სურდა ჩვენს მასწავლებელს ჩვენთვის ამ ტესტით. ადვილი კი არა, ერთ ხუთსიტყვიან წინადადებაში ჩვიდმეტი უცხო სიტყვა გვხვდებოდა. გრამატიკას არ ვუჩივი, არ იყო ამ შემთხვევაში რთული, მაგრამ შე კაი ადამიანი, ჯერ ადვილი კითხვა ჩააგდე, ცოტა გული გამიხარე :S
მასწავლებელმა გვანუგეშა, ნახევრი მაინც თუ სწორად გააკეთეთ, ესე იგი ცუდად არაა თქვენი საქმეო. ჩვენ ამაზე რა რეაქცია გვქონდა, საიდუმლოა, რომ არ გამოჩნდეს ჩვენი უვიცობა :D, თუმცა ეს ერთიორად ცხადჰყოფს, რამდენად ბევრი დაგვრჩა სასწავლი და როცა შეგვაქებენ, უი რა კარგად გცოდნია კორეულიო, უნდა ვუპასუხოთ: 잘하기는요! 아직 멀었어요 (ქართულად რომ ვთარგმნოთ, ასე იქნება: კარგად არა შმართლად კიდე, ჯერ ბევრი დამრჩა, კარგადმდე ბევრი მიკლიაო. მაგრამ ქართულად ცოტა უხეშად ჟღერს, ეს წარმოიდგინეთ რომ თქვათ დამორცხვებით, თითქოს კომპლიმენტს იღებ, მაგრამ გინდა გამოხატო, რომ არ ხარ ღირსი. კორეულში ამით ავლენ თავმდაბლობას და ხაზს უსვამ საკუთარი შესაძლებლობების ნაკლებს. მაგრამ ქართულად რომ ვთარგმნე, უფრო შენიშვნას ჰგავს: გეგონება ვინმეს შენიშვნას ვაძლევ, რომ მას ფაქტი შეეშალა: კარგად კი არა, ის კიდეო. Get your facts straight-ო).
ტოპიკის გამოცდა კორეულის შემსწავლელთა გულის სატკივარი და სანერვიულოა. ესაა მკაცრი მშობელი, რომელიც ყოველდღე გაიძულებს იმეცადინო (ვხუმრობ შე კაცო, რა იყო (მათ, ვისი ასაკიც ჩემსაზე ბევრად მეტია და თქვენობით მიმართვას საჭიროებენ, არ ეხებათ (ავტორის შენიშვნა))). არავინ არ მაიძულებს სწავლას, პირიქით: ძალიანაც მიხარია ^_^ ვინმეს ენების სწავლა რომც არ მოსწონდეს, იმდენად მაგარი მასწავლებლები არიან და ისეთი კარგი გაკვეთილების სისტემაა სოგანგის უნივერსიტეტში, რომ არ მოწონების პატარა შანსია. ხოდა მეთქი რითი დავასრულო ეს აბდაუბდად დაწერილი თემა-მეთქი და დავდებ ჩემს საერთო საცხოვრებელში არსებული კედელზე გამოკრული განცხადების წარწერას, რომელიც პატარა ჩამშვებ ბავშვს მაგონებს :D
სხვათა შორის, პირველად, წელს ტოპიკის გამოცდა საქართველოშიც იქნება, თავისუფალ უნივერსიტეტში! ეს ძალიან დიდი ნაბიჯია წინ, რა თქმა უნდა. ადრე თუ აზერბაიჯანში უწევდა ხალხს ჩასვლა გამოცდის დასაწერად, წელს დრო იხელთეთ და წერეთ თბილისში, ქვეყნიდან გაუსვლელად! მოსალოცი ამბავია ნამდვილად.
და მოვიდა დრო, როცა უნდა გაგაცნოთ ჩემი საყვარელი ჯგუფი 2NE1 (იკითხება, როგორც To Anyone ან Twenty one. ჯგუფის სახელი აერთებს ამ სიტყვებს: 21st century” და “new evolution)! ისინი სრულიად შემთხვევით, 2010 წელს აღმოვაჩინე Youtube-ს მთავარ გვერდზე სიმღერით I am the Best და იმის შემდეგ გულშემატკივარი ვარ. მათი ყველა სიმღერა მომწონს, ყველა ცეკვა, იმიჯი გინდა, წევრების ხმა გინდა, ალბომის დიზაინიან კომპანიანად ყველაფერი მომწონს და ამიტომ ვთვლი, რომ მათი ფანი ვარ. მათ კონცერტზე წასვლა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რომელიც ვერ ავისრულე სეულში ჩამოსვლის დროს. თუმცა, როგორც იქნა, ბილეთის შეძენა მოვახერხე და მათ ცოცხალ შესრულებას კიდევ ერთხელ ვნახავ აგვისტოში, YG Family-ს კონცერტზე (პირველად მუსიკალურ შოუ ინკიგაიოზე (Inkigayo) ვუყურე მათ მიერ შესრულებულ სიმღერას).
დავიწყოთ წევრებით. ჯგუფში 4 წევრია, დარა (Dara), მინზი (Minzy), ბომი (Bom) და ჯგუფის ლიდერი სიელი (CL). დარა (1984 წელსაა დაბადებული) არის ძალიან ნაზი ხმის მქონე, რაც ჩემი აზრით 2NE1-ის მუსიკას კარგად აბალანსებს. იგი ასაკის მატებასთან ერთად არ იცვლება და ისევ 20 წლისას ჰგავს, მე თუ მკითხავთ. უყვარს ემოციების მკვეთრად გამოხატვა და სულ მეცინება ხოლმე, დარას ჰიპერბოლურად გადმოცემულ ემოციებს რომ ვუყურებ :D დარა ცნობილია ერთი ექსტრავაგანტული ვარცხნილობიდან მეორე, სულ სხვანაირ ვარცხნილობაზე გადართვით. დარა სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად აღიარეს. იგი არის ძალიან გამხდარი და ამავდროულად Badass. მინზი არის ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი (1994 წელს დაიბადა ანუ ჩემხელაა :D) და მისი პოზიცია ჯგუფში არის მთავარი მოცეკვავე. მინზის აქვს მართლაც რომ “მკვლელი მოძრაობები” და სიმართლე რომ გითხრათ, პირადად როცა ვნახე ამ ჯგუფის ცოცხალი შესრულება, მინზის ხმა და მაყურებლებთან ურთიერთობა მომეწონა ყველაზე მეტად. პარკ ბომი ან უბრალოდ ბომი (ბომ კორეულად გაზაფხულს ნიშნავს) 1984 წელს დაიბადა და იგი ითვლება 2NE1-ის მთავარ ვოკალად. მისი ხმა ძლიერია და ძალიან უხდება 2NE1-ის სტილს. მას ძალიან უყვარს ჭამა. რა სიახლესაც ბომზე ვიგებ, თითქმის ყველა ჭამას ეხება. აი რამდენი საერთო გვქონია მე და ბომს :D. სულ სიმინდს ჭამს ხოლმე. ოღონდ მოხარშულს. პრინციპში შემწვარის შოვნა უფრო ჭირს სეულში. ჩამოდი ბომ საქართველოში, გუბაზეულის ნაპირზე შევწვათ სიმინდები და ნახავ რანაირი გემო აქვს ნამდვილ სიმინდს :D. ბომიც ერთ-ერთ ულამაზეს მომღერლად ითვლება. ბომი ასევე ცნობლია თავისი გრძელი, ლამაზი ფეხებით და პლასტიკური ოპერაციებით, გარდა ხმისა. ჯგუფის ლიდერი სიელი (1991 წელსაა დაბადებული) არის ყველაზე badass მომღერალი და რეპერი და მართლაც რომ The Baddest Female (ასე ჰქვია მის ერთ-ერთ სიმღერასაც). მისი ცოცხალი სიმღერის შესრულებისას იმხელა ენერგია ვგრძნობ რომ ლამის გავანგრიო ჩემი საერთო საცხოვრებლის კედლები. ჩემი აზრით სიელი მთელ დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო რეპერია. ძალიან მომწონს მისი სტილი. ასევე აღიარებულია Fashionista-დ (ზუსტად არ ვიცი როგორ ვთარგმნო): მის მიერ დაწყებულ ტრენდს მთელი სამხრეთ კორეა აიტაცებს ხოლმე. მაგრამ ვაი, რომ ვინც აიტაცებს, მალევე გაკოტრდება :D მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიელი მართლაც ნამდვილ ლედის გავს კადრს მიღმა და ძალიან საყვარელია მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს.
2NE1-ის ფანებს ჰქვიათ ბლექჯეკები (BlackJacks) და ძალიან ბევრნი არიან არამარტო აზიაში. განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკაში ჰყავთ უამრავი გულშემატკივარი. ისევე, როგორც თითქმის ყველა ცნობილი კორეული ჯგუფი, 2NE1-საც ჰყავს კომპანია, რომელიც ზრუნავს მათ ყველაფერზე, მარკეტინგი გინდა, ორგანიზება გინდა, ჭამა-სმა თუ რა გინდა, ბოლოსდაბოლოს?! ამ კომპანიას ჰქვია YG Entertainment.
ეს მათი ახალი ალბომია, რომელსაც ჰქვია CRUSH. სიმღერები ხომ ძალიან მომწონს და მომწონს, მაგრამ თვითონ ალბომის დიზაინებზეც ვგიჟდები. საერთოდ, კორეული მუსიკის ალბომს რომ იყიდი, ფოტოწიგნაკი მოყვება ხოლმე თან. ასეა 2NE1-ის შემთხვევაშიც და შეგიძლიათ დატკბეთ მათი მშვენიერებით.
მე მარჯვნივ რომაა, ალბომის ეგ ვერსია მაქვს. პრინციპში არაფერის განსხვავებული, შეფუთვის გარდა. მაგრამ YGს სწორი მარკეტინგული გათვლა იყო ალბომის სხვადასხვა დიზაინით გამოშვება. მარტო დიზაინის სხვაობის გამოც კი ბლექჯეკები ალბომის ორივე ვერსიას იყიდიან. მეც უნდა ვიყიდო შავი ალბომი, სტიპენდიას რომ მომცემენ, რით ვერ დაადგა საშველი? :D 20 დოლარი ღირს დაახლოებით, მაგრამ რა ვუყოთ ეხლა, 15 დოლარი თუ ღირდა ბრელოკი და ეგ ვიყიდე, ალბომს აღარ ვიყიდი? საქართველოში გამხდარი დავბრუნდები :D ნახვამდის კორეულო გემრიელო ნაყინო, კუჭის მშვენებავ…
სიმღერა, რომლის ვიდეოც ქვემოთაა, არის I AM THE BEST. სიმღერით, როგორც სათაური გვეუბნება, ჯგუფი თავის BADASS-ობას უსვამს ხაზს და მოკლედ ასე აღწერას რა აზრი აქვს, უბრალოდ ნახეთ და მოუსმინეთ:
ჯერჯერობით ეს ვიდეო 2NE1-ის ყველაზე პოპულარული ვიდეოა. აღარ ვიცი რომელი ვიდეო განახოთ უკვე, ყველა ძალიან მიყვარს და მიჭირს არჩევა, ყველას ხომ არ დავდებ საიტზე? განახებთ რამდენიმეს და ვინც დაინტერესდება, მეტის მოძიებას რა უნდა. ახლა კი ახლანდელი ალბომის ყველაზემაგარკლიპიანი და უძალიანBadassესი სიმღერა “COME BACK HOME”, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ახალი ალბომიდან “CRUSH”:
გარდა ამ ყველაფერი badassისა, 2NE1 აქ არ ჩერდება. მათ სჩვევიათ ბევრი სხვადასხვა სტილზე ცდების ჩატარება. მაგალითად, ეს სიმღერა “HAPPY” არის მხიარული, განსაკუთრებით მსიამოვნებს ხოლმე კარგ ამინდში მოსმენა. აქამდე ნაჩვენები ორი ვიდეოსგან თავისი მსუბუქი თემატიკითა და სისაყვარლით გამოირჩევა ^_^. აი ვიდეო:
2NE1 არც აქ ჩერდება. მათი სტილი ბევრ სხვადასხვა ჟანრს მოიცავს. შეიძლება ერთ დღეს იმაზე მღეროდნენ, რომ გაგანადგურებენ თავიანთი badassობით (როგორც სიმღერაში “CRUSH”, აგერაა მათი ლაივ შესრულება, რახან ამ მუსიკას ვიდეოკლიპი არ აქვს, თუმცა ამ სიმღერის იაპონურ ვერსიას ძალიან მალე ექნება):
მეორე დღეს კი თავიანთ გულისტკივილზე დაიწყონ სიმღერა:
და ბოლოსკენ, მინდა გაჩვენოთ, თუ რატომაა სიელი მართლაც რომ The Baddest Female. ამ ვიდეოში კარგად ჩანს თუ რამდენად კარგადაა დახელოვნებული სიელი რეპის ხელოვნებაში. სიტყვების გაგება სულაც არაა საჭირო, რომ მიხვდეთ რაზე შეიძლება მღეროდეს სიელი. განსაკუთრებით ვიდეოს მეორე ნაწილში, დაახლოებით 1:50ზე იწყება სიმღერა სახელით Mental Breakdown (MTBD), რომელიც ასევე “CRUSH” ალბომიდანაა. ეს რეპი უნდა ვისწავლო რაფრამენაირად :D
YG Family-ს კონცერტზე 15 აგვისტოს მივდივარ და კიდევ კარგი, რომ ბილეთის შოვნა შევძელი. მე თვითონ ბევრი პრობლემა მექმნება ყოველთვის, როცა კი კორეული საიტიდან რაიმეს ყიდვა მინდა და რახან კონცერტის ბილეთები ყოველთვის ინტერნეტში იყიდება, სხვა გზა არ მქონდა და ჩემს კორეელ მეგობარს ვთხოვე დახმარება. თვით კორეელმაც კი მითხრა, რომ არაა ადვილი ბილეთების ყიდვა, განსაკუთრებით ისეთი ცნობილი შემსრულებლები თუ გამოდიან, როგორებიც YG Family-ში არიან. კორეაში ბილეთების გაყიდვა 2-3 თვით ადრე იწყება ხოლმე და ერთ დღეში უკვე ყველაფერი გაყიდულია, გადაირევი ყაზილარი. წინაზე, 2NE1-ის ბილეთის ყიდვაზე რომ ვჯახირობდი უმწეოდ საქართველოდან (მაშინდელი საკონცერტო ტური იყო All Or Nothing), ბილეთები 40 წუთში აღარ იყო. აქ გავიგე, რომ თუ აუცილებლად გინდა კონცერტზე წასვლა და აქამდე არ გქონია ამის გამოცდილება, სჯობს ვინმეს სთხოვო, ვინაც ღილაკზე სწრაფად დაჭერა იცის.
ფულის შეგროვება მინდოდა ცოტათი, რომ, მეთქი, ეხლა პატარა არდადეგები თუ მექნება რამე, გავიდე სეულიდან დავათვალიერებ რამე ადგილს, ვიმოგზაურ-წავიმოგზაურებ-თქვა, მაგრამ რა სჭირდება ამას, თუ მეტყვი ეხლა მე შენ? რადა, ფული. არდადეგები, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს მექნება. კონცერტების დროს მიდამო საკონცერტო საქონლით ივსება, იქნება ეს მაისურები, ბლოკნოტები, კაშნეები (2NE1-ის კაშნი მინდააააააა), ჩანთები თუ მოკლედ სულო-გულო. ალბათ კი არა და ყველაფერს ვიყიდი და, თვითონაც ხვდებით, რა მოუვა მოგზაურობის გეგმებს :D P.S. 2NE1 უამრავი ბრენდის სახეა და ამითაც ბევრი ფული ტრიალებს. აბა, ნამცხვარი ან სასმელი რომ გაიყიდება და 2NE1 რომ იქნება ზედ გამოსახული, რა გგონიათ, არ ვიყიდი? :D და ბოლოს, რას ფიქრობთ ამ ჯგუფის შესახებ, როგორ მოგეწონათ/არ მოგეწონათ? რომელი ჯგუფის შესახებ ისურვებდით სტატიის წაკითხვას? მე 2NE1-ზე დავწერე, რახან ფანი ვარ და მათ შესახებ ბევრი რამ ვიცი. არა მგონია ჯერჯერობით სხვა რომელიმე ჯგუფის შესახებ სტატიის დაწერისთვის ვიყო მზად. ვისაც 2NE1გიყვარდთ/მოგწონთ: როგორ აღმოაჩინეთ პირველად? ვინაა თვქვი საყვარელი წევრი და რომელია თქვენი საყვარელი სიმღერა? დაწერეთ კომენტარებში აქ ან Facebookზე. მემგონი ამ უკანასკნელზე სჯობს, რახან მემგონი ყველა კომენტარს არ აჩვენებს სისტემა აქ, არ ვიცი რატომ.
გამარჯობათ ხალხნო. მოდით ამ ნაწილში ვისაუბროთ ჰანჯონშიკის შესახებ. და საერთოდ მინდა, რომ სუფრის თემა აწი უფრო აქტუალური გავხადო ჩემს ბლოგში.
ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ჰანჯონშიკი არის ისეთი კორეული სუფრა, სადაც რაიმე მთავარ კერძთან ერთად (ძირითადად შემწვარი ხორცი ან წვნიანი) სუფრაზე გაწყობილია უამრავი წასახემსებელი. მაგრამ ასეთი მოკლე ახსნისთვის ხომ არ გავხსნიდი ცალკე თემას. მოდით, წავიკითხოთ და ერთად დავატკბოთ თვალები. “შენ რა გიჭირს, კორეაში ხარო, როცა გინდა შეჭამო,” მეტყვის რომელიმე გულუბრყვილო, ამიტომ წინასწარ გეტყვით, რომ საკმაოდ ძვირია. როცა ჰანჯონშიკზე ვსაუბრობდით ბავშვები კაბინეტში, მასწავლებელმა თავი შემოყო და სერიოზული სახით დაგვარიგა: “არ შეუკვეთოთ ჰანჯონშიკი, თუ, რა თქმა უნდა, გაკოტრება არ გინდათ.” მე გაკოტრების უამრავი ხერხი ვიცი უკვე და მიუხედავად იმისა, რომ ახალი გამოცდილებები მიყვარს, გადავწყვიტე გავფრთხილებოდი ჩემს შემორჩენილ ფულს და ყურად მეღო მასწავლებლის რჩევა. მასწავლებელმა ისიც გვითხრა, რომ თუ ვინმე დაგვპატიჟებდა საჭმელად, მხოლოდ მაშინ იყო ნებადართული ჰანჯონშიკის ჭამა, ფხიზელი სტუდენტების კანონთა მიხედვით. თუ ვინმეს ძალიან მოუნდა გასინჯვა და ვერ ითმენს (და კორეაშია), თუ კარგად მოძებნით, 15კ ვონადაც შეიძლება იშოვოს კაცმა, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ასეთ შემთხვევაში რამდენნაირი დასაყოლებელი მოყვება თან. საშუალო ფასი 70-100კ ვონის ფარგლებშია (70-100 დოლარი ალბათ).
მე მაქვს ბედნიერება მივჯდომოდი ჰანჯონშიკიან მაგიდას, თან არაერთხელ :evil:. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულად ეს სიტყვა “ჰანჯონშიკი” რაღაც უხეშად ჟღერს. კორეულად წარმოთქმისას ცოტა შერბილებაა საჭირო. ადრე ჰანჯონშიკს მაღალი ფენის წარმომადგენლები მიირთმევდნენ ხოლმე შეკრებებზე დიდ დარბაზებში, სასახლეებში. ახლა კი სხვისი რესტორანში დაპატიჟების ან გამასპინძლების დროს საკმაოდ ხშირი არჩევანია.
ჰანჯონშიკში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შეგიძლია ყველა დამატებითი წასახმსებელი მოითხოვო, როცა გამოლევ უკვე არსებულ მარაგს. ეს ყველაფერი უფასოდ შეგევსება (როგორც ჩემთვისაა ცნობილი), თუ რამე სასწაულად ძვირფასი არ გამოგიტანეს საჭმელად, მაგალითად დელიკატესები. საერთოდ, არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ როცა რომელიმე კორეულ წასახემსებელში შეხვალთ, ძირითად კერძთან ერთად მოგიტანენ 2-3 ან 3-4 წასახემსებელს, რომელთა დამატებაც უფასოდ შეგიძლიათ მოითხოვოთ. ჰანჯონშიკის შემთხვევაში წასახემსებელთა რაოდენობა უამრავია. თან ისე ლამაზადაა საჭმელი წამოსკუპებული თეფშზე, ფიქრობ, როგორ დავარღვიო მაგიდის ჰარმონიაო. მაგრამ თვალი ბჭობდა და კუჭი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ. სეზონებისდა მიხედვით და რეგიონებისდა მიხედვით განსხვავებული შეიძლება იყოს დამატებითი “წასახემსებლები.” მაგრამ არის რაღაც რაღაცეები, რაც შედარებით ხშირად გვხვდება ან ყოველთვის “ამოდის.” ჰანჯონშიკი წარმოუდგენელია ბრინჯის გარეშე. ხშირად, თეთრი ბრინჯის მაგივრად ისეთი ბრინჯიც შეიძლება მიირთვათ, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. მინდა გითხრათ, რომ გემოში რაღაც სხვაობა კია, მაგრამ არც ისე დიდი. ჩემთვის სულერთია ხოლმე რა ფერის ბრინჯი შემხვდება.
მოდი, ყველაზე ხშირი წასახემსებლები/დასაყოლებლები განახოთ: პირველ რიგში, კიმჩი. კიმჩის ყველანაირ სუფრაზე მოგიტანენ. კიმჩი ძალიან შემიყვარდა, რაც კორეაში ჩამოვედი. სადღაც 200 ან მეტი უნდა იყოს კიმჩთა (:D) ნაირსახეობათა რაოდენობა. ესაა ძალიან ცუდად და არასწორად რომ ავხსნათ აჯიკაში შეჭყლეტილი კომბოსტო. მაგრამ არც ეს “აჯიკაა” აჯიკა და ეს კომბოსტოც განსაკუთრებულია. ესეც კიმჩია, ოღონდ განსხვავებული სახეობის. ასეთ ფორმაშიც ძალიან გავრცელებულია კიმჩი, ოღონდ იმდენად არა, რამდენადაც პირველ სურათზე რომაა, ის. ეს მეორე კიმჩი ჩემს საერთო საცხოვრებლის კაფეტერიაში ხშირადაა და მინდა საქვეყნოდ გამოვაცხადო, რომ ჯერ ყველაზე გემრიელი კიმჩია, რაც მიჭამია. შეიძლება იმიტომ, რომ შევეჩვიე და “მშობლიურად” იქცა, მაგრამ ნამდვილად მახსოვს, თავიდანაც ძალიან მომწონდა.
კიმჩი რომ ყოველთვის იქნება, ეგ ხომ ვთქვი. ახლა გადავიდეთ ისეთ დასაყოლებლებზე, რომლებიც ხშირია, მაგრამ შეიძლება რეგიონის და სეზონისდა მიხედვით სუფრაზე აღმოჩნდეს ან არა. ამ პატარა თევზებს რა ჰქვიათ ქართულად კი არ ვიცი. თუ ვინმემ იცით გთხოვთ მომეშველოთ. თითქმის გარდაუვალია ამოსვლა, თუკი ჯეჯუდოზე ან ბუსანში ჭამთ (ბუსანში ჰანჯონშიკი არ მიჭამია, მაგრამ რაც გამიგონია იმას ვამბობ). არის ძალიან მარილიანი და ძალიან გემრიელი. როცა პირველად გავსინჯე, ვჭამდი როგორც მთავარ კერძს და იმდენჯერ დავამატებინე, რომ შეღონდა მომსახურე პერსონალი (რომლებიც ძირითადად ხანში შესული ქალები – აჯუმმა/აჯუმონიები არიან. ესაა დოთორიმუგი – 도토리묵. რკოსგან გაკეთებული ჟელე. ეს კი დოთორიმუგის უფრო ძერსკი ვერსია. მე არ გამისინჯავს სხვათა შორის, იმიტომ, რომ ჟელეს მაინცდამაინც არ ვჭამ ხოლმე. სიმართლე რომ ვთქვათ, ერთხელ მაქვს სულ ნანახი ჰანჯონშიკზე. ოჯინოჩომუჩიმი – არ ვიცი ერთად იწერება თუ არა ოჯინო და ჩომუჩიმი. ოჯინო კალმარს ნიშნავს და ესაა წვრილად დაჭრილი კალმარი სხვადასხვა სანელებლებთან და საწობთან შერეული. ხშირად ნახავთ დასაყოლებლად კიტრს, ოღონდ არასდროს – დანამატების გარეშე. ამას ჰქვია ოიმუჩიმი (오이무침) და ძალიან ცხარეც არაა ხოლმე. მე ძალიან მიყვარს <3
შეუკაზმავ დასაყოებლებს რაც შეეხება, ეგენიც კაი ბლომადაა ხოლმე და ბევრი შეკაზმულის შემდეგ კარგია. შეკაზმულის ჭამამდეც კარგია. და საერთოდ ყოველთვის კარგია, მე თუ მკითხავ. სუფრაზე, დიდი ალბათობით, იქნება სოკო, წყალმცენარე ან მწვანილი, კრევეტები, ქონგნამული… უი, ქონგნამული შეიძლება არ იცოდეთ რა არის:
აი ეს იყო ქონგნამული. მე თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. აქ მიიჩნევენ, რომ ჯანმრთელობისთვისაა ძალიან მარგებელი.
ცოტა ხნის წინ ვახსენე, მწვანილიც შეიძლება აღმოჩნდეს სუფრაზე-მეთქი, მაგრამ არა ისე, ჩვენთან როგორაცაა ხშირად: პამიდორს და კიტრს რომ ახალი მწვანილი აქვს მიწყობილი ყოველგვარი დანამატების გარეშე. კორეაში ასე იშვიათადაა, ძირითადად რაღაც აქვს დამატებული. ტიტუ, კინაღამ დამავიწყდა. კიმჯაბანს (김자반) ისეთი გემო აქვს, აუ ქართულად რა ჰქვია. აი კიმბაბს რაშიც ახვევენ, გამხმარი წყალმცენარის ფურცლები რომაა. აი ეგ ფურცელი რომ აიღო და პატარ-პატარა ნაწილებად რომ დაჭრა, მაგის გემო აქვს კიმჯაბანს (კიარადა ეგ არის). იმდენს ვაყრი ხოლმე ბრინჯს, რომ კიმჯაბანიან ბრინჯს ვჭამდი ხოლმე მთავარ ჯერძად. აი მაგალითად, საკმაოდ ცუდი, მაგრამ მაინც, შედარებისთვის, რომ ავიღოთ, ქართული პური და რომელიმე მწვანილი რომ მივაყოლოთ. და ამ გემრიელობით რომ სულ გადაგვავიწყდეს ის ლობიოც, ხაჭაპურიც და ბადრიჯანიც. დაახლოებით ეგრე მომივიდა. 연근 – იონგუნი, ლოტოსის ფესვიაო, გუგლი მეუბნება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძალიან ლამაზია. ფორმა ჰქონდა ჩემთვის უცხო და მაგიტომ მიმიზიდა, თორე გემოზე არ გავგიჟებულვარ მაინცდამაინც. მაგრამ ეს ისეთი საჭმელია, რომ რამეს უნდა დააყოლო. გაგიკვირდებათ, რამხელა განსხვავებაა, როცა ამას მარტო ჭამ და როცა რამეს აყოლებ. 양념깻잎 – იანნიომკენიფი (იმედია სწორად დავწერე). და საერთოდ, არც მე მახსოვს ამდენი side-dish-ის სახელი, ფორმალობისთვის ვწერ ან ვინმეს ინტერნეტში მოძებნა თუ მოგინდათ, მაგისთვის :D ესაა ფოთოლი! ოღონდ რაღაცეები აქვს დამატებული. როგორც ხედავთ. აუ რა კარგად ავხსენი. 무말랭이 – მუმალენი- გამხმარი დაიკონი (Daikon) შეჭყლეტილია ღმერთმა იცის რაში და გამოდის ძალიან გემრიელი რაღაცა. შესახედად მაინცდამაინც დასამახსოვრებელი არ იყო, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ გემრიელი იყო. ეს მაინცდამაინც ხშირი არაა, ვაღიარებ. ყოველ შემთხვევაში, მე ერთხელ მაქვს ნაჭამი სულ (ან სხვა დროსაც და არ მახსოვს).
რომ გადახედოთ ამ სურათებს, წითელი ფერი აშკარად ჭარბობს საჭმელში ( უი, ახლა გადავხედე მე თვითონ და იმდენადაც არ ჩანს აქ მაგრა სუფრას რომ დახედოთ, წითელი ფერი დომინირებს). ეს წითელი, თითქმის ყველაფერი, არის ცხარე. კორეელებს სიცხარე უყვართ ძალიან და ჭამის დროს თუ აქ ცრემლები წაგსკდათ, არა უშავს, უნდა შეეჩვიოთ აწი :D მე უკვე შევეჩვიე. ცრემლებს მაინც ვყრი, ოღონდ – უმტკივნეულოდ და რამდენიმე ჭიქა წყალიც აღარ მჭირდება.
ისე აქ რაც ვახსენე მაგის გარდა 345678 სახეობის დასაყოლებელია კიდევ და მაგიდაზე ამათ გარდა მრავლად გექნებათ სხვა ნაირსახეობებიც. არ ინერვიულოთ. მე ის ჩამოვწერე, რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ჩემი რჩეული აქიდან კიმჩია. ასევე ის კიტრიც მომწონს. შემწვარ ხორცს რომ დააყოლოთ თითებს ჩაიკვნეტთ. ზოგს წვნიანთან ურჩევნია.
რომელი დასაყოლებელის გასინჯვა გინდათ ყველაზე მეტად?
ჯეჯუდო ყველაზე ცნობილი კუნძულია კორეაში. თუ რამე საკვებ პროდუქტს შეფუთვაზე აწერია “ჯეჯუდო,” ესე იგი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარო და მიყიდეო. ჯეჯუდო ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, ბუნებასთან და სუფთა ჰაერთან ასოცირდება. ვინც დრამების აქტიური მაყურებელია, შეიძლება სადმე შეხვედროდა ჯეჯუდოზე გადაღებულ სცენებს.
რახან მესამე დონე დავხურე კორეულისა, მქონდა არდადეგები. 3 დღით და 3 ღამით წავედი ჯეჯუდოზე, კორეის ფონდის სხვა 6 მოსწავლესთან ერთად. სეულიდან წინ და უკან ბილეთი სადღაც 96 ათასი ვონი დაგვიჯდა. როცა სხვებს ვუთხარით ეს, უი რა იაფად გიშოვიათო. თქვან ფასები შუა ზაფხულში უნდა ნახოთ, 2-ჯერ უფრო ძვირია ხოლმე, თუ მეტჯერ არა. ჯეჯუდოზე, სანაპიროსგან საკმაოდ მოშორებულ ადგილას ვიქირავეთ პატარა სახლი (კოტეჯების კომპლექსში (მემგონი სწორია იმ ადგილს ასე ვუწოდო)). 3 დღე და 3 ღამე დაახლოებით თითო კაცზე 50 ათასი ვონი დაჯდა. ასევე დავიქირავეთ მანქანიანი მძღოლი 3 დღით, ამაშიც თითოს დაახლოებით 50 ათასი ვონის გადახდა მოგვიწია. არაფერი გეგმა არ გვქონია, დავაწექით ჯეჯუდოსკენ.
ის მძღოლი ჩვეულებრივი მძღოლი კი არა, გიდიც აღმოჩნდა, ოღონდ არა – ოფიციალურად. ჩვენ წინასწარ ვუთხარით, რომ კორეული ვიცოდით და რომ გაუხარდა, დაიწყო ლაპარაკი. 1-2 წუთი გამოშტერებული სახე მქონდა და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. მეთქი დამავიწყდა ყველაფერი თუ რ…რას ნიშნავს ეხლა ეს? ბავშვებმა (პრინციპში რაღა ბავშვებმა, 25-30 წლის ხალხი იყო ძირითადად) მითხრეს რომ აქცენტის გამო ვერ გაიგეო და თუ გგონია რომ ჩვენ გავიგეთ ძალიან ცდებიო :D მაგრამ საბოლოოდ მაინც ვახერხებდი რაღაც-რაღაცეების გაგებას. ძალიან საყვარელი (და არა მუხვახვა) კაცი აღმოჩნდა. ზღვაში 3ჯერ ვიცურავე. მდინარეში უფრო მინდოდა და რომ ვთქვი, მძღოლიან-ბავშვებიანად ყველამ მითხრა ვის გაუგონიაო მდინარეში ცურაობაო? მეთქი არ გიცხოვრიათ ჯერ თქვენ ესე იგი. ისე რამდენი მდინარეც შეგხვდა, ყველასთან გაკრული იყო “არ იცურაოთ” ნიშანი. მეთქი ასეთი ლამაზი მდინარე მოგეცათ და დაჯექით და მარტო უყურეთ მაშინ, აწი. ჯეჯუდოზე საჭმელი დაახლოებით 1,5ჯერ ძვირია სეულთან შედარებით, თუკი გზაზე შემხვედრ პატარა წასახემსებელში ეგრევე შეხვალთ. უნდა ეძებოთ იაფიანი ადგილი და შედარებით ძვირიანზე ნაკლებად გემრიელი სულაც არაა.
ჩამოვწერდი ყველა ღირსშესანიშნაობის სახელს, რომელსაც ვეწვიეთ, მაგრამ ვერ გავიხსენებ, შეუძლებელია. მარტო სურათებს გაჩვენებთ. პირველი ადგილი, სადაც მივედით, იყო „spirited garden”. შიგნით რა არ იყო: გამოქვაბული გინდა, ბონსაის მუზეუმი გინდა, კაქტუსები გინდა, მაღალი პალმები გინდა თუ რა გინდა, ვეღარ გავიგე?!
აი ის პალმები, წინა სურათის ქვემოთ რომ ვახსენე.ქვეწარმავლების დასათვალიერებელი ადგილიც იყო, ჩიტებისაც და ა.შ. ლამაზი გველები, მუხვახვა თუთიყუშები და რა გინდა, სულო-გულო, ყველაფერი იყო.და აი კაქტუსებიც. მაგათი დათვალიერებისას წაქცევას არ გისურვებდით.ამ სურათზე არაფერი არ ჩანს. რა გამოჩნდება, გამოქვაბულში ვარ, კაცო.spirited garden-ის მერე წავედით შუშის მუზეუში. მაინცდამაინც საინტერესო არ ყოფილა. მე მერჩივნა ბუნების ხედებით ტკბობა მუზეუმებში სიარულს. შესვლა 10კ ვონი ღირდა.მაგრამ ეს პატარა ნაძვის ხეების მსგავსი შუშის ფიგურები მართლაც კარგი სანახავი იყო.ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხედი, რაც კი ვნახეთ, ჩემი აზრით. ადრე მარტო სურათებში მქონდა ნანახი და როგორც იქნა ჩემი თვალით ვნახე. თვითონ ამ კლდესთან ახლოს მისვლა ან აცოცება არ შეიძლებოდა.კიდევ მინდა ამის ნახვა. სურათების გადაღება მაინცდამაინც არ მომწონდა, იმიტომ, რომ ვიცი. შეიძლება უკანასკნელად ვხედავდე ამ ხედს ცხოვრებაში და რაღა ტელეფონის ეკრანიდან ვუყურო, გინდაც რამდენიმე წამით. მაგრამ მაინც გადავიღე :hero: ტურისტებს რომ ვუყურებდი, ყველა სურათებს იღებდა, არა მარტო ამ ადგილას, ყველგან.იქვე, ახლო-მახლო კიდევ ერთი ლამაზი ხედი. აქ მხოლოდ ბუნება ჩანს, ისე კი ყველა პირობაა შექმნილი ტურისტებისთვის. ყველა ლოდი თუ ჩანჩქერი თუ გინდ პინწი ტბა იყოს, ტურისტებისთვის განკუთვნილ ღირსშესანიშნაობადაა ქცეული. ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული ტურიზმი არა მხოლოდ ჯეჯუდოზე, არამედ მთლიანად კორეაში.მომიფიქრებია და ადგილის სახელისთვის მაინც გადამიღია სურათი,ჩანჩქერი. გარშემო ყველაფერი ისეთი კეთილმოწყობილი იყო, იმის შეგრძნება არ მქონია, რომ ბუნების წიაღში ვიყავი, თუმცა ძალიან ლამაზი კი იყო.ქარის ტურბინები (ქართულად ასე არ ჰქვია?), რომლებიც მე აღმაფრთოვანებენ. პირველად თურქეთში ვნახე და პირი დავაღე. აქ მეორედ და გამოვშტერდი, ისე მომეწონა. ძალიან მიყვარს ქარის ტურბინები. ერთ-ერთს ახლოს ჩავუარეთ და ცხადი გახდა, თუ რამდენად დიდი იყო.ჯეჯუდოს აღმოსავლეთით არის კუნძულო უდო, რომელზეც სადღაც 1კ ადამიანი თუ ცხოვრობს. გემით 15 წუთში მივედით. ჩემი მგზავრობის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი ვნახე.ამ კლდის უკან იყო გამოშვერილი კიდევ ერთი პატარა კლდე.
იქვე მოგამოქვაბულო ელემენტიც ვიპოვეთმერე კიდევ ბევრი რაღაცეები ვქენით და ჩავჯექით თვითმფინავში და ქე ჩამოვედით სეულში. ასეა ეს.
მგზავრობით ძალიან კლმაყოფილი ვარ, მაგრამ იმაზე დამწყდა გული, რომ ჰალასანზე არ ავედით. ჩვენი ჯგუფიდან მარტო მე მინდოდა მემგონი. ჰალასანი სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი მთაა და ზედ ტბაც აქვს, რომელში ცურაობაც, როგორც მძღოლმა გვითხრა, არ შეიძლებოდა (YOU DON’T SAY). ბავშვები მუზეუმის თვალიერებისას იღლებოდნენ და ჰალასანზე რა მოუვიდოდათ, თუმცა მე ვისზე რას ვამბობ, ამას წინათ ბუქჰანსანზე ასვლისას გამძვრა სამი წყება ტყავი, მემგონი. არადა ყოველ 5 წუთში ერთხელ ვისვენებდი. აი როგორ დამეტყო, ფიგურულ სრიალზე რომ აღარ დავდივარ :(
კიდევ მინდა ჯეჯუდოზე წასვლა და ჰალასანის ნახვა. კიდევ ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა სანახავადაც 3 დღე არ გვეყო. ვინ იცის, იქნებ მომავალში კიდევ მომიწიოს ამ კუნძულზე ჩამოსვლა.
პ.ს. ვინც კორეაში აპირებს ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ აქ დეოდორანტები ძნელად იშოვება. მაღაზიათა ქსელია ერთი, The face shop ჰქვია და იქ ვიშოვე ერთი, მაგრამ ხარისხი არაფრად არ ვარგა, 6 საათი ძლებს მემგონი. კორეელები ნაკლებად ხმარობენ დეოდორანტს, არ სჭირდებათ. მგზავრობისას ოფლის და იღლიის სუნი არ მიგვრძნია არასდროს, არ ვიცი რატომ არ ასდით სუნი კორეელებს. კარგი კონდიცირება რომაა ყველა ტრანსპორტში, მთლად მაგის დამსახურება არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთხელ კონდიციონერ-გაფუჭებული მატარებლით ვიმგზავრე კარგა ხანს და იმ გაგანია სიცხეში ცუდი სუნი საერთოდ არ ყოფილა. წამოიღეთ ბევრი დეოდორანტი და რომ ჩამოხვალთ, მომწერეთ, ერთი მეც წამომიღეთ :D