რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე სტატიის დაწერა? პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ ბევრი მაქვს სამეცადინო. ხომ გაგიგიათ ძველების გამოთქმა: “იმდენი სამეცადინო მქონდა, რომ ავატარს ვუყურებდიო.” ხოდა მეთქი რა დავწერო, რა დავწერო-მეთქი და ბოლოს გადავწყვიტე დამეწერა ხმების შესახებ. არ იქნება გრძელი პოსტი მაგრამ შეიძლება დაგაინტერესოთ, განსაკუთრებით ვინც კორეული ენითაა დაინტერესებული ან კორეულ გადაცემებს უყურებს ხოლმე, ან სულაც, ვინც მანჰუებს კითხულობს (კორეული კომიქსი). თან ეს თემა ავირჩიე იმიტომ, რომ მე მომწონს ეს ხმები. რა ხმებზეა ლაპარაკი, გაიგებთ ახლავე.
ქართულში რაიმე ხმის გამოსახატავი სიტყვა ბევრი არ არის. რამდენიმეს გავიხსენებ აბა.
“ტყლაპ-ტყლუპ” იქნება წყალში რომ მიაბოტებ, მაგის ხმა;
“ნწუ” იქნება ნწუს რომ ამბობ (?), მაგის ხმა;
“კაკ-კუკ” დაკაკუნების ხმაა;
“მუაჰაჰაჰა” ბოროტი სიცილის ხმაა;
და ასე შემდეგ, მაგრამ კორეულში ასეთი, ასოებით გადმოცემული ხმის აღქმა გაცილებით ბევრია და რამდენიმეს ბარემ აქ ჩამოვწერ, რაღა.
ㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡ
개굴개굴 – ბაყაყების ერთად ყიყინის ხმა, ე.წ. “ბაყაყების პარლამენტი”: გეგულგეგულ ;
달가닥 – შეჯახების ხმა “დშ”: დალგადაკ;
두근두근 – დუგუნდუგუნ. გულისცემის ხმა;
사뿐사뿐 – ფეხისწვერებზე სიარულის ხმა: საპუნსაპუნ;
앙앙 – ტირილის სახეობის, ჯღავილის ხმა: ანგანგ;
짝짝 – დახევის ხმა: ჭაკჭაკ;
훌쩍 – წვინტლის უკან შებრუნების ხმა: ჰოლჭოკ;
ㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡㅡ
და მოკლედ ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ვისაც უფრო დეტალურად დააინტერესებს ნახეთ ეს ვიდეო, ძალიან სასარგებლოა ამ ხალხის ვიდეოების ნახვა, თუკი კორეით დაინტერესებულია ვინმე (თუ, ცხადია, სასწაულებრივიი ძალების გამო ჯერ არ გაგიგიათ):
ამ ხმებს საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ძალიან აქტუალურია. იმდენადაც კი, რომ კორეული ენის დონის ტესტირებაშიც კი შედის, საშუალო დონიდან იწყება. ანუ ახლა მე რომ დავწერო კორეული ენის ეს გამოცდა (რომელსაც, აქვე დავძენ, ჰქვია TOPIK (한국어능력시험, Test of Proficiency in Korean)), არ უნდა გამიკვირდეს მსგავსი სიტყვის შეხვედრა. სხვათა შორის, კორეაში ეს ტესტირება წელიწადში ხუთჯერ ტარდება, ახლა ივლისში უნდა იყოს შემდეგი პარტია. მინდოდა დარეგისტრირება მაგრამ ვინ გაცალა? ადგილები გამოილია. ამ ჯერზე 70 ათასი კაცი წერს ტოპიკის გამოცდასო, მასწავლებელმა გვითხრა (წყარო: აქ) . ესაა აქამდე დაფიქსირებულ მაჩვენებელთა შორის უდიდესი. ამდენი ხალხი ერთად იმიტომ მოაწყდა, რომ, ალბათ, შედარებით ადვილი იქნება ივლისის ტესტირება: ტოპიკს ახალი სტილით ჩაატარებენ და ძალიან მკაცრებიც არ იქნებიან, რომ ხალხს ადაპტირების საშალება მისცენ. ჯერ რა იქნება გადასალახი ზღვარი, ეგეც არაა დადგენილი.
მე ახლა ჩვეულებრივი ლექციების გარდა, კვირაში ერთხელ ვესწრები ტოპიკის გამოცდის მოსამზადებელ გაკვეთილს, რომელზეც მეოთხე და უფრო მაღალი დონის ბავშვები არიან (ჯერჯერობით მარტო მეოთხე და მეხუთე დონე ვართ). ხოდა მეთქი გავაკეთებთ ტოპიკის ტესტის მაგალითებს, რაც უცნობი შეგვხვდება ალაგ-ალაგ, განვიხილავთ, იმ ერთი-ორ უცხო სიტყვას და გრამატიკასაც ჩავაბულბულებთ და რა კარგი ყოფილა ცხოვრება? ვიტყვით. მაგრამ სინამდვილეში:
მასწავლებელმა გვანუგეშა, ნახევრი მაინც თუ სწორად გააკეთეთ, ესე იგი ცუდად არაა თქვენი საქმეო. ჩვენ ამაზე რა რეაქცია გვქონდა, საიდუმლოა, რომ არ გამოჩნდეს ჩვენი უვიცობა :D, თუმცა ეს ერთიორად ცხადჰყოფს, რამდენად ბევრი დაგვრჩა სასწავლი და როცა შეგვაქებენ, უი რა კარგად გცოდნია კორეულიო, უნდა ვუპასუხოთ: 잘하기는요! 아직 멀었어요 (ქართულად რომ ვთარგმნოთ, ასე იქნება: კარგად არა შმართლად კიდე, ჯერ ბევრი დამრჩა, კარგადმდე ბევრი მიკლიაო. მაგრამ ქართულად ცოტა უხეშად ჟღერს, ეს წარმოიდგინეთ რომ თქვათ დამორცხვებით, თითქოს კომპლიმენტს იღებ, მაგრამ გინდა გამოხატო, რომ არ ხარ ღირსი. კორეულში ამით ავლენ თავმდაბლობას და ხაზს უსვამ საკუთარი შესაძლებლობების ნაკლებს. მაგრამ ქართულად რომ ვთარგმნე, უფრო შენიშვნას ჰგავს: გეგონება ვინმეს შენიშვნას ვაძლევ, რომ მას ფაქტი შეეშალა: კარგად კი არა, ის კიდეო. Get your facts straight-ო).
ტოპიკის გამოცდა კორეულის შემსწავლელთა გულის სატკივარი და სანერვიულოა. ესაა მკაცრი მშობელი, რომელიც ყოველდღე გაიძულებს იმეცადინო (ვხუმრობ შე კაცო, რა იყო (მათ, ვისი ასაკიც ჩემსაზე ბევრად მეტია და თქვენობით მიმართვას საჭიროებენ, არ ეხებათ (ავტორის შენიშვნა))). არავინ არ მაიძულებს სწავლას, პირიქით: ძალიანაც მიხარია ^_^ ვინმეს ენების სწავლა რომც არ მოსწონდეს, იმდენად მაგარი მასწავლებლები არიან და ისეთი კარგი გაკვეთილების სისტემაა სოგანგის უნივერსიტეტში, რომ არ მოწონების პატარა შანსია.
სხვათა შორის, პირველად, წელს ტოპიკის გამოცდა საქართველოშიც იქნება, თავისუფალ უნივერსიტეტში! ეს ძალიან დიდი ნაბიჯია წინ, რა თქმა უნდა. ადრე თუ აზერბაიჯანში უწევდა ხალხს ჩასვლა გამოცდის დასაწერად, წელს დრო იხელთეთ და წერეთ თბილისში, ქვეყნიდან გაუსვლელად! მოსალოცი ამბავია ნამდვილად.
ბუბუ და კორეა: ნაწილი 15 – ხმები კორეულად და TOPIK

Comments
3 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: ნაწილი 15 – ხმები კორეულად და TOPIK”
-
ძალიან დიდი მადლობა.
ძალიან საინტერესო სტატიაა.
განსაკუთრებული მადლობა “ხმები კორეულად”-ის გამო :)-
აქეთ მადლობა ^_^
-
-
“მე ვიცი რაც ჩაიდინე წინა ზაფხულ” ეგ კინო შემიყვარდ ამ გაცხადების შემდეგ
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.