ჯეჯუდო ყველაზე ცნობილი კუნძულია კორეაში. თუ რამე საკვებ პროდუქტს შეფუთვაზე აწერია “ჯეჯუდო,” ესე იგი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარო და მიყიდეო. ჯეჯუდო ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან, ბუნებასთან და სუფთა ჰაერთან ასოცირდება. ვინც დრამების აქტიური მაყურებელია, შეიძლება სადმე შეხვედროდა ჯეჯუდოზე გადაღებულ სცენებს.
რახან მესამე დონე დავხურე კორეულისა, მქონდა არდადეგები. 3 დღით და 3 ღამით წავედი ჯეჯუდოზე, კორეის ფონდის სხვა 6 მოსწავლესთან ერთად. სეულიდან წინ და უკან ბილეთი სადღაც 96 ათასი ვონი დაგვიჯდა. როცა სხვებს ვუთხარით ეს, უი რა იაფად გიშოვიათო. თქვან ფასები შუა ზაფხულში უნდა ნახოთ, 2-ჯერ უფრო ძვირია ხოლმე, თუ მეტჯერ არა. ჯეჯუდოზე, სანაპიროსგან საკმაოდ მოშორებულ ადგილას ვიქირავეთ პატარა სახლი (კოტეჯების კომპლექსში (მემგონი სწორია იმ ადგილს ასე ვუწოდო)). 3 დღე და 3 ღამე დაახლოებით თითო კაცზე 50 ათასი ვონი დაჯდა. ასევე დავიქირავეთ მანქანიანი მძღოლი 3 დღით, ამაშიც თითოს დაახლოებით 50 ათასი ვონის გადახდა მოგვიწია. არაფერი გეგმა არ გვქონია, დავაწექით ჯეჯუდოსკენ.
ის მძღოლი ჩვეულებრივი მძღოლი კი არა, გიდიც აღმოჩნდა, ოღონდ არა – ოფიციალურად. ჩვენ წინასწარ ვუთხარით, რომ კორეული ვიცოდით და რომ გაუხარდა, დაიწყო ლაპარაკი. 1-2 წუთი გამოშტერებული სახე მქონდა და მხოლოდ შემდეგ მივხვდი, რომ ვერაფერი ვერ გავიგე. მეთქი დამავიწყდა ყველაფერი თუ რ…რას ნიშნავს ეხლა ეს? ბავშვებმა (პრინციპში რაღა ბავშვებმა, 25-30 წლის ხალხი იყო ძირითადად) მითხრეს რომ აქცენტის გამო ვერ გაიგეო და თუ გგონია რომ ჩვენ გავიგეთ ძალიან ცდებიო :D მაგრამ საბოლოოდ მაინც ვახერხებდი რაღაც-რაღაცეების გაგებას. ძალიან საყვარელი (და არა მუხვახვა) კაცი აღმოჩნდა.
ჩამოვწერდი ყველა ღირსშესანიშნაობის სახელს, რომელსაც ვეწვიეთ, მაგრამ ვერ გავიხსენებ, შეუძლებელია. მარტო სურათებს გაჩვენებთ.
















მგზავრობით ძალიან კლმაყოფილი ვარ, მაგრამ იმაზე დამწყდა გული, რომ ჰალასანზე არ ავედით. ჩვენი ჯგუფიდან მარტო მე მინდოდა მემგონი. ჰალასანი სამხრეთ კორეაში ყველაზე მაღალი მთაა და ზედ ტბაც აქვს, რომელში ცურაობაც, როგორც მძღოლმა გვითხრა, არ შეიძლებოდა (YOU DON’T SAY). ბავშვები მუზეუმის თვალიერებისას იღლებოდნენ და ჰალასანზე რა მოუვიდოდათ, თუმცა მე ვისზე რას ვამბობ, ამას წინათ ბუქჰანსანზე ასვლისას გამძვრა სამი წყება ტყავი, მემგონი. არადა ყოველ 5 წუთში ერთხელ ვისვენებდი. აი როგორ დამეტყო, ფიგურულ სრიალზე რომ აღარ დავდივარ :(
კიდევ მინდა ჯეჯუდოზე წასვლა და ჰალასანის ნახვა. კიდევ ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რომელთა სანახავადაც 3 დღე არ გვეყო. ვინ იცის, იქნებ მომავალში კიდევ მომიწიოს ამ კუნძულზე ჩამოსვლა.
პ.ს. ვინც კორეაში აპირებს ჩამოსვლას, გაითვალისწინეთ, რომ აქ დეოდორანტები ძნელად იშოვება. მაღაზიათა ქსელია ერთი, The face shop ჰქვია და იქ ვიშოვე ერთი, მაგრამ ხარისხი არაფრად არ ვარგა, 6 საათი ძლებს მემგონი. კორეელები ნაკლებად ხმარობენ დეოდორანტს, არ სჭირდებათ. მგზავრობისას ოფლის და იღლიის სუნი არ მიგვრძნია არასდროს, არ ვიცი რატომ არ ასდით სუნი კორეელებს. კარგი კონდიცირება რომაა ყველა ტრანსპორტში, მთლად მაგის დამსახურება არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთხელ კონდიციონერ-გაფუჭებული მატარებლით ვიმგზავრე კარგა ხანს და იმ გაგანია სიცხეში ცუდი სუნი საერთოდ არ ყოფილა. წამოიღეთ ბევრი დეოდორანტი და რომ ჩამოხვალთ, მომწერეთ, ერთი მეც წამომიღეთ :D
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.