Blog

  • ბუბუ და კორეა: პირველი შთაბეჭდილებები

    ბუბუ და კორეა: პირველი შთაბეჭდილებები

    მინდა გამცნოთ რომ ახლა სეულში ვიმყოფები. როგორ შევძელი ეს? მქონდა თუ არა კულტურული შოკი? ამ და სხვა თემებზე ვცდილობ საინტერესო პოსტი შემოგთავაზოთ.

    პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე, თუმცა დამატებით სპეციალობად (ანუ მაინორად) მაქვს კორეული ენა აღებული. ჩემნაირებს (ვისაც მაინორი აქვს კორეულ ენაში), თვითონ კორეულის კონცენტრაციის მქონე საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრებს და კორეულის ენის კურსს (რომელიც სექტემბერში იხსნება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს) შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც კორეიდან ჩამოდის. ასეთი პროგრამებიდან ერთ-ერთი არის ჩემი და მისი ორგანიზატორია Korea Foundation. პროგრამის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში დავესწრები კორეული ენის ინტენსიურ კურსებს სოგანგის უნივერსიტეტში და ვეზიარები კორეულ კულტურას.

    ფრენა შემდეგი მარშუტით იყო: თბილისი-ბაქო-დოჰა-სეული. ეს ჩემი მეორე ფრენა იყო ცხოვრებაში, ასე რომ მთლად დაბნეული არ ვყოფილვარ, თუმცა გადაჯდომა პირველად მიწევდა. სიმართლე რომ გითხრათ არაფერზე არ მინერვიულია მაინცდამაინც. რა თქმა უნდა მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი: რა მეშველება, აწი ჩემს თავს მეთვითონ უნდა მივხედო, საჭმელს ვინღა მომიმზადებს და ნასკებს ვინღა გამირეცხავს-მეთქი ( :D ), მაგრამ სიხარული იმხელა იყო რომ დამავიწყდა ეს ყველაფერი.

    დაახლოებით 15 საათიანი მგზავრობის შემდეგ ( +- 2 საათი, სათვალავი ამერია), ჩავაღწიე ინჩონის საერთაშორისო აეროპორტში. ძალიან გამიმართლა, რომ მეგობარი მელოდებოდა იქ, რახან უცხო ქვეყანაში, სრულიად ახალ სიტუაციაში ადვილად შეიძლება დაიბნე. ინჩონის აეროპორტი ძალიან დიდია, მაგრამ ვერ დაიკარგები, თუ რა თქმა უნდა მინიშნებებს დააკვირდები, რომლებიც ყველგან ჰკიდია ან გაკრულია ან აცხადებენ.

    შემდეგ, ავტობუსის დახმარებით (რომელიც ფრიად კომფორტული იყო), დაახლოებით 1 საათში ჩავაღწიეთ სეულში. ჩემი უნივერსიტეტი შინჩონის მეტროს სადგურთან ახლოსაა და აქვე მქონდა დაჯავშნული სასტუმრო 2 ღამით, შემდეგ კი გადმოვედი საერთო საცხოვრებელში (Gonzaga international dormitory).

                       სოგანგის უნივერსიტეტის კამპუსის რუკა
    სოგანგის უნივერსიტეტის კამპუსის რუკა

    გაფრთხილებული ვიყავი, რომ კულტურული შოკი არ მქონოდა და არ დავმგვანებულიყავი დახამებულ ადამიანს, ეს ვცადე და შინაგანი ხამი ცოტა ხნით ჩავკალი ჩემში ( :D ). თუმცა მომენტებში აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი (მაგალითად, როცა მეტროში ჩავედი ან როცა 2NE1-ის ახალი მუსიკა პირველად მოვისმინე პარფიუმერიის მაღაზიაში).

    არ იქნება საინტერესო დეტალურად ავღწერო ჩემი სეულის დათვალიერების ამბები. ის კი საჭიროა ითქვას, რომ რაღაც-რაღაცეები მომხვდა თვალში: საქართველოსთან შედარებით ყველას უფრო ფერადი სამოსი აცვია. ასევე, ჯერ რასაც ვუყურებ, ყველა ზრუნავს თავის ჩაცმულობაზე და ჩაშმოტკილია, მაკიაჟიც გოგონების დიიდ უმრავლესობაზე შევნიშნე (ეგ კი არა ახლა ვერ ვიხსენებ ვინმე ისეთი თუ შემხვედრია, ვისაც არ ესვა). ჯერჯერობით კიდევ ბევრი რამ მაქვს დასათვალიერებელი და გამოსაცდელი (მაგალითად, განგნამზე არ გავსულვარ, მოხუცს არ დავლაპარაკებივარ, არ მიყიდია საბანი (!!!), რომელიც საკმაოდ მჭირდება, არ მიჭამია სამგიოპსალი და ა.შ). ამ ყველაფერს მოევლება, ერთი-ორი დღის საქმეა. ახლა მინდა კონცენტრირება ენის შესწავლაზე გავაკეთო, რასაც მომავალი კვირიდან ვიწყებ. ხვალ მაქვს ენის დონის შესამოწმებელი გამოცდა, რომელიც ძალიან მინდა რომ წესიერად დავწერო. წარმატებები მისურვეთ ^_^

    სოგანგის კამპუსის რამდენიმე ხედი:

    20140301_171643

    20140301_171628

    20140301_171453 - Copy

    20140228_155622 - Copy

    პ.ს. აწი ვეცდები თემატური პოსტების გამოქვეყნებას, ანუ ასეთი აჯაფსანდალი კი არ იქნება, ავირჩევ ერთ თემას და იმის შესახებ ვისაუბრებ. მემგონი ასე უფრო საინტერესო გამოვა ^_^

  • ერთად გამოვაცხოთ პეპერო  სახლის პირობებში^^

    ერთად გამოვაცხოთ პეპერო სახლის პირობებში^^

    11.11რიცხვი არის კორეული ვალენტინობის დღე, იგი ცნობილია პეპეროს(빼빼로 ), ანუ გამოცხობილი შოკოლადიანი ჩხირების დღის სახელით და ძირითადად აღინიშნება წყვილების მიერ. ამ დღეს წყვილები და მეგობრები ერთმანეთს ამ ჩხირებით უმასპინძლდებიან. ასევე არსებობს თქმულება : თუ ვინმე პეპეროს დღეს ხელს ითხოვს მას აუცილებლად გაუმართლებს

    20121111-215425

    ერთად გამოვაცოთ  პეპერო სახლის პირობებში. ვფიქრობ საინტერესო იქნება და უფრო გემრიელიც. ^^

    შემადგენლობა:

    ფქვილი 155 – გრამი

    გამაფხვიერებელი – 1/2 ჩაის კოვზი

    შაქარი – 28 გრამი

    ცოტა მარილი

    კარაქი – 57 გრამი ( 1/4  ჭიქა)

    რძე – 80 გრამი

    1:გაცერით და  აურიეთ მშრალი ინგრედიანტები ერთმანეთში

    2:დაამატეთ კარაქი და კარაგდ ურიეთ სიმინდის ფქვილის კონსისტენციამდე. თანდათან დაუმატეთ რძე სანამ ცომი მყარი არ გახდება

    3: მოათავსეთ ცომი ცელოფანში და გააგრილეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში

    4: გააბრტყელეთ ცომის ნაჭერი წვრილ ხაზებად.

     

    5 გამოაცხვეთ  350 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში და შემდგომ გააგრილეთ.

    IMG_1012

    6:  შავი შოკოლაადის პატარა ნატეხები  ჩაყარეთ ჯამში და გააცხელეთ ელექტრო ღუმელში 30 დან 540 წამამდე

    images

    7:  პირველ რიგში პეპერეროს ჩხირები ამოავლეთ შოკოლადში, შემდგომ მოურეთ ის  და შედეთ მაცივარში სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.

    IMG_1045

    ტკბილად გაატარეთ პეპეროს დღე ^^

  • სამულორი 사물놀이- კორეის თვითმყოფადი კულტურის გამოვლენა

    სამულორი 사물놀이- კორეის თვითმყოფადი კულტურის გამოვლენა

    alef1სამულორი 사물놀이- კორეის თვითმყოფადი კულტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლენაა. სამულნორის, თვითმყოფად დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრის ოსტატურ ხელოვნებას, საფუძვლად კორეის სახალხო მუსიკის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უდევს. უძველეს კორეაში სამულორი იდუმალ და მისტიურ მნიშვნელობას ატარებდა – მას ასრულებდნენ დღესასწაულების, რელიგიური რიტუალებესა და ყანის პირველი ხვნის დროს.a3

    კორეული სიტყვები „სა“ (사; 四) და „მულ“ (물; 物)  ითარგმნება როგორც „ოთხი ინსტრუმენტი“, ხოლო „ნორი“ ნიშნავს „თამაშს“, „წარმოდგენას“. როგორც ჩანს სათაურიდან, სამულორის წარმოდგენისას 4 ინსტრუმენტი მონაწილეობს.

    პირველია – ჩანგუ, (장구) წვიმის სიმბოლო, კორეული მუსიკის ფუნდამენტური საკრავია. ჩანგუს აღნადგობა აძლევს მუსიკოსს საშუალებას დაუკრას ურთულესი მუსიკალური რიტმები, რის გამოც ამ დასარტყამ ინსტრუმენტს კორეულ ხალხურ საკრავებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ჩანგუს გააჩნია ორი ძირითადი ტონი, პირველი ღრმა და ბოხი, მამაკაცის, კაცური საწყისის სიმბოლოა, ხოლო მეორე – მაღალი და წკრიალა, ქალური საწყისის აღმნიშვნელია.a2

    მეორე – ბუკ, (북) ღრუბლების სიმბოლო, ბოხი და დაბალი. მხარს უჭერს კომპოზიციის ძირითად რიტმს. წარსულში ბუკს ეკავა უდიდესი მნიშვნელობა კორეულ სახალხო მუსიკაში და, ფაქტობრივად, მის გარეშე არც-ერთი მუსიკალური წარმოდგენა არ ტარდებოდა.

    მესამე – კვენგვარი (꽹과리), ელვა, მცირე დიამეტრის მეტალის ორი დისკო, რომლებსაც ურევია ოქროსა

    a1

    ან პლატინის მცირე რაოდენობა. სამულორის თითქმის ყველა კომპოზიციაში არსის კვენგვარის ურთიერთძახილი, როდესაც პირველი ეძახის მეორეს და მთელ კომპოზიციას მიმართულებას აძლევს.

    მეოთხე – ჩინ (징), ქარი. ეს ინსტრუმენტი, სამულორის სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, სამხედრო წარმოშობისაა, თუმცა დღეს იგი ფართოდ გამოიყენება სამოქალაქო მუსიკაშიც.

     

     

     

  • რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    გადავწყვიტე დამეწერა კორეული რეპისა და ჰიპ-ჰოპის შესახებ, რახან მეც მიყვარს და იქნებ მკითხველსაც უყვარდეს/ამის შემდეგ მოეწონოს ^_^

    ვინც თანამედროვე კორეულ მუსიკას უსმენს, ალბათ დაკვირვებია, რომ თითქმის ყველა სიმღერაში, რომელსაც ჯგუფი ასრულებს, რეპს უჭირავს გარკვეული ადგილი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს წევრი, რომელიც მთავარი რეპერის სტატუსით სარგებლობს. ასევე, რაღა თქმა უნდა, არსებობენ სოლო რეპერებიც და ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარულია. მართალია, არაა კორეული რეპი იმდენად ცნობილი რამდენადაც კორეული პოპი, მაგრამ მას მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორეის მუსიკალურ ინდუსტრიაში.

    ახლა კი ეგრევე რამდენიმე ყველაზე ცნობილ და განსაკუთრებულ არტისტს გაგაცნობთ.

    1.Yoon Mi-rae (Tasha)

    დაბადების თარიღი: 31 მაისი , 1981 (32 წლისაა ამჟამად);
    კომპანია: Jungle Entertainment;

    ტაშას ბევრი თვლის კორეული რეპის დედოფლად. ის უკვე დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს თავის ქმართან, Tiger JK-სთან ერთად. მისი ნიჭი მხოლოდ რეპით არ შემოიფარგლება, მას არაჩვეულებრივი ვოკალიც აქვს. იგი თავისუფლად ლაპარაკობს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ახლა კი გავეცნოთ თვითონ მის რეპერტუარებს, ზოგიერთი მათგანი არის როგორც კორეულად, ასევე ინგლისურადაც.

    2. Tiger JK

    დაბადების თარიღი: 29 ივლისი, 1974 (ამჟამად 38 წლის);
    კომპანია: Jungle Entertainment;
    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ კორეელი რეპერია. იგი არის Jungle Entertainment-ის CEO და დამფუძნებელი. იგი ასევე არის ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Drunken Tiger-ის ერთ-ერთი პირველი წევრი. მისი პოპულარობის ზრდა გვიანი ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და გასცდა სამხრეთ კორეის ფარგლებს. ის და ტაშა 2007 წელს დაქორწინდნენ და ახლა შვილიც ჰყავთ, სახელად ჯორდანი.

    ასევე მან, ტაშამ და რეპერმა Bizzy-მ ერთად ჩაწერეს ძალიან წარმატებული სიმღერა Sweet Dream. ამ კოლაბორაციას MFBTY ეწოდა.

    http://www.youtube.com/watch?v=qLrM_auor2Q

    3. Outsider

    დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1983;
    კომპანია: Sniper Sound;
    Outsider არის არა მხოლოდ კორეაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეპერი. მას შეუძლია წამში 17 მარცვლის წარმოთქმა. სისწრაფის გარდა, იგი დიდ ყურადღებას აქცევს გამოთქმას (მაგ. არ ყლაპავს ასოებს ან მარცვლებს). იგი დიდ პატივს სცემს MC Sniper-ს და მასთან ერთად მრავალი სიმღერა აქვს ჩაწერილი.

    4. MC Sniper

    დაბადების თარიღი: 8 თებერვალი, 1979;
    კომპანია: Sniper Sound;
    MC Sniper არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი კორეაში. იგია ხელოვანი, რომელიც ცნობილია კორეული ტრადიციული მუსიკისა და კორეული ჰიპ-ჰოპის სინთეზით. მას ბევრი არაჩვეულებრივი მუსიკა აქვს შექმნილი, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

    http://www.youtube.com/watch?v=rZu-tN3asJQ

    5. E.via (Tymee, Napper)

    დაბარების თარიღი: 15 იანვარი, 1986;
    E.via არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ქალი რეპერი არა მხოლოდ კორეაში. იგი ადრე კომპანია Dline Art Media-ში იყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო იქაურობის დატოვება მოუწია და ფსევდონიმიც შეიცვალა.

    http://www.youtube.com/watch?v=SEmxb6jefBA

    http://www.youtube.com/watch?v=Rht74e6QVM0

    6. Epik High

    კომპანია: YG Entertainment;
    Epik High სამი წევრისაგან შედგება. ესენია: Tablo, Mithra Jin და DJ Tukutz. ისინი მოღვაწეობენ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკეც.

    7. Verbal Jint

    დაბადების თარიღი: (19 დეკემბერი, 1980 წელი)
    Verbal Jint უკვე ნახსენებ შემსრულებლებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, თუმცა წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერია. ამბობენ, რომ სწორედ მისი წყალობითაა დღევანდელ კორეელ რეპერთა შესრულებაში რიტმი ასე კარგად დაცული და სტროფები ასე კარგად გარითმული.

    8. Dynamic Duo


    ჯგუფი Dynamic Duo, როგორც სახელიდან არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა, ორი წევრისაგან შედგება. მათი ფსევდონიმებია Choiza და Gaeko. ჯგუფი შედის კომპანია Amoeba Culture-ში.

    http://www.youtube.com/watch?v=DbE5viJ25sQ

    http://www.youtube.com/watch?v=91tUkX9H7gw

    9. 1TYM

    1TYM ოთხწევრიანი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ოფიციალურად არ დაშლილა, ის მუსიკალური ინდუსტრიის ასპარეზზე არ გამოსულა 2005 წლის შემდეგ.

    10. Leessang

    Leessang ორი წევრისაგან შემდგარი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და პოპულარულია. ამბობენ, რომ მის ყოველ ცოცხალ შესრულებას თავისი არჩვეულებრივი ხიბლი აქვს. ჯგუფი ცდილობს თავისი მოღვაწეობის არეალი მხოლოდ ერთ იმიჯზე არ შეაჩეროს და ატარებს ბევრ ექსპერიმენტს მუსიკალურ სტილზე.

    ცხადია, რომ აქ წარმოდგენილი 10 შემსრულებლით კორეული ჰიპ-ჰოპ-რეპის სივრცე არ შემოიფარგლება. როგორც უკვე ვახსენე, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი რეპერი. ამ რეპერთა სია ძალიან დიდია და ალბათ ცალკე სტატია ეკუთვნის :დ. თუ თქვენი საყვარელი რომელიმე შემსრულებელი არ შევიდა ამ სიაში, არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად პოპულარულები ან ნაკლებად მოსაწონნი არიან. უბრალოდ, აქ ვეცადე წარმომედგინა სოლო რეპერები და ისეთი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა “underground” რეპერებად დაიწყეს, ანდაც ისეთები, რომლებსაც ვერ უწოდებ K-pop-ს. ვეცადე დამენახვებინა, რომ კორეაში მხოლოდ პოპი არაა პოპულარული (თუმცა ხშირად სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიც მოიაზრება, როცა კორეულ პოპზე საუბრობენ).

    იცოდით თუ არა მათ შესახებ? რომელი მოგეწონათ? რომელი არ მოგეწონათ? დაწერეთ კომენტარებში ^_^
    პ.ს. იმედია ბევრი ვიდეოების გამო არ გაგიჭედათ საიტმა (მე მიჭედავს რატომღაც)

  • სეულის მეტრო

    სეულის მეტრო

    გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრანსპორტის – მეტროს შესახებ მესაუბრა. გაგაცნობთ სეულის მეტროს – მსოფლიოში სიგრძით პირველს და სადგურების რაოდენობით – მეორეს (ნიუ იორკის მეტროს შემდეგ). სეულის მეტრო გამოყენების სიხშირით მსოფლიოს მეტროთა სამეულში შედის.
    ხშირად სწორედ მეტროა სეულში ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი ტრანსპორტი. სეულის მეტრო ასევე ცნობილია თავისი მოხერხებულობით, სისუფთავით და მომსახურების სისწრაფით. მატარებლები გაუჩერებლად დადიან სადღაც დილის 5:30-დან შუაღამემდე. ყველა სადგურზე შეხვდებით მინიშნებებს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
    სეულის მეტრო 19 ხაზისგან შედგება, მაგრამ ყველაფერი 1 ხაზით დაიწყო 1974 წელს და ახლა, 2013 წლისთვის სადგურების რაოდენობა 607-ს აღწევს (შედარებისთვის – თბილისის მეტროში 22 სადგურია). ყველა ხაზს თავისი ფერი აქვს. დღესაც მრავალი ახალი სადგური შენდება და კიდევ მრავლის აშენება იგეგმება.
    სეულის მეტროში მომხვედრს სასიამოვნო მოულოდნელობები ელოდება. მაგალითად, სკამების გათბობა მატარებლებში. ზამთარში ეს მისწრებაა გათოშილი მგზავრებისთვის, თუმცა ისიც მართალია, რომ თბილად მოკალათებულს ადვილად შეიძლება ჩაგეძინოს და მატარებლიდან ჩამოსვლა დაგეზაროს.
    სეულის მეტროს მატარებლებში ყოველთვის შეგიძლიათ თან ტელეფონზე ისაუბროთ და თან იმგზავროთ იმის ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგეთიშოთ კავშირი. თუმცა ეს სიახლე არაა – ასე უკვე 10 წელია არის. უკაბელო ინტერნეტთან წვდომა ყოველთვის შეგიძლიათ.
    მეტროში უხვადაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ალბათ არ უნდა აკვირვებდეს მკითხველს. თითქმის ყველა ახალ მატარებელში არის ტელევიზორები, რომლებიც სიახლეებს გადმოსცემენ. ასევე, სადგურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ენაზეა გადმოცემული (ახლა უკვე თბილისის მეტროშიც, ქართულად და ინგლისურად ^^), რაც მისწრებაა ტურისტებისთვის. სეულის მეტროს უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რახან სეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://korea.ge/?p=150). ამის თვალსაჩინოებისთვის შეხედეთ გაჩერებებს. შეუძლებელია მატარებლის წინ გადავარდეს ადამიანი (თუმცა, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ყველა სადგურზე არაა მსგავსად მოწყობილი):

    რაც შეეხება ფასს, მგზავრობა 1050 ვონი ჯდება (სადღაც 1 დოლარი). ის ნამდვილად არაა მსოფლიოში ყველაზე იაფი, თუმცა სხვა ქვეყნების მეტროების ფასს რომ შევადაროთ, ძალიან ძვირადაც აღარ მოგვეჩვენება. მაგალითად, ლონდონში სადღაც 4 დოლარი, სტოკჰოლმშიც დაახლოებით ასევე, სან ფრანცისკოში – 3 დოლარი, ვაშინგტონშიც დაახლოებით 3 და ასე შემდეგ.
    თუ გსურთ მეტროს სადგურების მდებარეობებისა და სახელების დეტალურად გაგება, შედით საიტზე http://www.korea4expats.com/korean-subways.php
    ბონუს ვიდეო:
    http://www.youtube.com/watch?v=XCARKKpQN_8