გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრანსპორტის – მეტროს შესახებ მესაუბრა. გაგაცნობთ სეულის მეტროს – მსოფლიოში სიგრძით პირველს და სადგურების რაოდენობით – მეორეს (ნიუ იორკის მეტროს შემდეგ). სეულის მეტრო გამოყენების სიხშირით მსოფლიოს მეტროთა სამეულში შედის.
ხშირად სწორედ მეტროა სეულში ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი ტრანსპორტი. სეულის მეტრო ასევე ცნობილია თავისი მოხერხებულობით, სისუფთავით და მომსახურების სისწრაფით. მატარებლები გაუჩერებლად დადიან სადღაც დილის 5:30-დან შუაღამემდე. ყველა სადგურზე შეხვდებით მინიშნებებს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
სეულის მეტრო 19 ხაზისგან შედგება, მაგრამ ყველაფერი 1 ხაზით დაიწყო 1974 წელს და ახლა, 2013 წლისთვის სადგურების რაოდენობა 607-ს აღწევს (შედარებისთვის – თბილისის მეტროში 22 სადგურია). ყველა ხაზს თავისი ფერი აქვს. დღესაც მრავალი ახალი სადგური შენდება და კიდევ მრავლის აშენება იგეგმება.
სეულის მეტროში მომხვედრს სასიამოვნო მოულოდნელობები ელოდება. მაგალითად, სკამების გათბობა მატარებლებში. ზამთარში ეს მისწრებაა გათოშილი მგზავრებისთვის, თუმცა ისიც მართალია, რომ თბილად მოკალათებულს ადვილად შეიძლება ჩაგეძინოს და მატარებლიდან ჩამოსვლა დაგეზაროს.
სეულის მეტროს მატარებლებში ყოველთვის შეგიძლიათ თან ტელეფონზე ისაუბროთ და თან იმგზავროთ იმის ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგეთიშოთ კავშირი. თუმცა ეს სიახლე არაა – ასე უკვე 10 წელია არის. უკაბელო ინტერნეტთან წვდომა ყოველთვის შეგიძლიათ.
მეტროში უხვადაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ალბათ არ უნდა აკვირვებდეს მკითხველს. თითქმის ყველა ახალ მატარებელში არის ტელევიზორები, რომლებიც სიახლეებს გადმოსცემენ. ასევე, სადგურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ენაზეა გადმოცემული (ახლა უკვე თბილისის მეტროშიც, ქართულად და ინგლისურად ^^), რაც მისწრებაა ტურისტებისთვის. სეულის მეტროს უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რახან სეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://korea.ge/?p=150). ამის თვალსაჩინოებისთვის შეხედეთ გაჩერებებს. შეუძლებელია მატარებლის წინ გადავარდეს ადამიანი (თუმცა, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ყველა სადგურზე არაა მსგავსად მოწყობილი):
რაც შეეხება ფასს, მგზავრობა 1050 ვონი ჯდება (სადღაც 1 დოლარი). ის ნამდვილად არაა მსოფლიოში ყველაზე იაფი, თუმცა სხვა ქვეყნების მეტროების ფასს რომ შევადაროთ, ძალიან ძვირადაც აღარ მოგვეჩვენება. მაგალითად, ლონდონში სადღაც 4 დოლარი, სტოკჰოლმშიც დაახლოებით ასევე, სან ფრანცისკოში – 3 დოლარი, ვაშინგტონშიც დაახლოებით 3 და ასე შემდეგ.
თუ გსურთ მეტროს სადგურების მდებარეობებისა და სახელების დეტალურად გაგება, შედით საიტზე http://www.korea4expats.com/korean-subways.php
ბონუს ვიდეო:
http://www.youtube.com/watch?v=XCARKKpQN_8
სეულის მეტრო

კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.