ბუბუ და კორეა: ნაწილი 20 – კორეული საუნა (ჭიმჯილბანგი)

რა არის ბლოგი კორეის შესახებ ჭიმჯილბანგის გარეშე? ხოდა დადგა დრო ვისაუბროთ კორეულ საუნაზე. ვინც კორეულ დრამებს უყურებთ, ნანახი გექნებათ: ერთნაირ მოხერხებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი დასასვენებლად ან დასაძინებლად რაღაც უცნაურ დიდ ოთახებში ზის ან წევს. რა არის ეგ დიდი და უცნაური ოთახი? და საუნა რა შუაშია? თუ ამ პოსტს წაიკითხავთ, გაიგებთ.
კორეული საუნა არის სამოთხე დედამიწაზე. მე ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ DRAGON HILL SPA საუნაში, ახლა კი მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
ჭიმჯილბანგი შეიძლება 4 განყოფილებად დავყოთ. პირველი, ესაა აუზები, საშხაპეები, საუნები და ყველაფერი, რაც დაბანასთან და განტვირთვასთანაა დაკავშირებული. აუზების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგი არის ჩვეულებრივი საცურაო აუზი, ზოგი სპეციალური “სამკურნალო” წყლით სავსე, ზოგიც უბრალოდ სხვადასხვა ტემპერატურის პატარა ბასეინია. ზოგი ცალ-ცალკე ოთახებშია, ზოგი ხისგანაა გაკეთებული, ზოგი ქვისგან, ზოგიც ღმერთმა უწყის რისგან და ამხელა მრავალფეროვნების გამო აღარ იცი, როგორ აუზში გინდა ჩახტომა.
130920123025-korean-scrub-mistress-dragon-hill-spa-horizontal-gallery
ჩემი ფავორიტი აუზი იყო ჩვეულებრივი პატარა აუზი, რომელშიც წყლის ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსი აღმოჩნდა. ყველაზე ცივი ეს ჰქონდათ. რომ ვუფიქრდები, რატომ მომეწონა-მეთქი, შეიძლება ჩემი სოფლის მდინარის, გუბაზეულის გავლენაა. გუბაზეულის წყალიც ცივია და შეჩვეული ვარ ცივ წყალს. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ამ აუზს თითქმის არავინ არ ეკარებოდა. ყველა ცხელ-ცხელ აუზებში ნებივრობდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო 44 გრადუსიან აუზში. ჩემთვის კი ეს დუღილის ტოლფასი იყო და ვერ ჩავედი შიგნით წესიერად.
აქვე გვერდით იყო ორი საუნა. პირველში ტემპერატურა 38 გრადუსი იყო, თუმცა იმდენი ორთქლის გადამკიდე მაინც მიჭირდა სუნთქვა. 10 წუთი ამ საუნაში ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე გავუძელი გამოცდას და დრო იყო უფრო მაღალი ტემპერატურის საუნა მეცადა. მაგრამ ჰოი საოცრებავ…
შემდეგი საუნა აღმოჩნდა 75 გრადუსი ცელსიუსი. იცით ეს რას ნიშნავს? ეს არის ჯოჯოხეთი ჩემთვის. მარტო კარებს რომ მოვკიდე ხელი, მაშინვე მივხვდი, რომ თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი, ეს საუნა დამხვდება სასჯელად. შიგნით შესვლაზე არც მიფიქრია. ერთმა კორეელმა მითხრა, რომ აქ შესვლა კორეელებსაც უჭირთ და ძირითადად მოხუცები ეტანებიანო, ისინიც სადღაც 5 წუთი ზიან და მერე გამოდიანო. ახლა მივხვდი მაინცდამაინც მოხუცები რატომ დომინირებენ ამ ცხელი საუნის ოთახში. ასაკის მატებასთან ერთად, სიკვდილზე ფიქრიც უფრო ხშირდება და, შესაბამისად, ასაკოვანი ხალხი წინასწარ (ამქვეყანაშივე) იწყებს მზადებას იმქვეყნისათვის. რა იცი რა ხდება და – წინასწარი შემზადება ჯოჯოხეთისთვის იქნება წაგვადგესო, ფიქრობენ მოხუცებული კორეელები (ალბათ).
აუზებში ყურყუტის და “ვინ უფრო დიდხანს შეიკავებს სუნთქვას წყალქვეშ” თამაშების შემდეგ ხალხი იბანს საშხაპეებში და იცვამს სპეციალურ ტანსაცმელს.

თქვენ, პატივცემულო ბლოგის მკითხველებო, გეძლევათ ბედნიერება თვალი შეავლოთ ტანსაცმელს, რომელიც ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და გემოვნებისა, აცვია კორეულ საუნაში.  მოდელი: სხვა ვინ, თუ არა თვით ამ ბლოგის მწერალი ბუბუ.
თქვენ, პატივცემულო ბლოგის მკითხველებო, გეძლევათ ბედნიერება თვალი შეავლოთ ტანსაცმელს, რომელიც ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და გემოვნებისა, აცვია კორეულ საუნაში. მოდელი: სხვა ვინ, თუ არა თვით ამ ბლოგის მწერალი ბუბუ.

თქვენ იფიქრებთ, რა უბედურებაა, უკეთესი სურათი ვერ შეარჩია ტანსაცმლის წარმოსაჩენადო? მაგრამ მე ყველაფერი გათვლილი მაქვს, დამიჯერეთ. სპეციალურად გადავიღე ეს ფოტო, რომ მეჩვენებინა არა მარტო ჭიმჯილბანგის ტანსაცმელი, არამედ იმ ადგილზე ყოფნის და ძილის გვერდითი მოვლენები, რასაც მე ვეძახი ჭიმჯილბანგის მეორე განყოფილებას: საძილე ოთახებს.
საძილე ოთახის ერთ-ერთი ნაირსახეობა
საძილე ოთახის ერთ-ერთი ნაირსახეობა

აუზების განყოფილება არაა ერთადერთი რამ, რაც ტემპერატურებისდამიხედვით არის დაყოფილი. ასევეა საძილე ოთახები. თუმცა ზოგიერთ მათგანში ისეთი პირობებია, იქ როგორ უნდა დაიძინო, ვერ გამიგია. ოთახებს შორის მხოლოდ ტემპერატურა არაა განსხვავებული. შეგიძლიათ აირჩიოთ, იატაკზე წოლა გინდათ თუ კენჭებზე, გინდათ თქვენს საძილე ადგილს სახურავი ჰქონდეს თუ იყოს ღია სივრცე, სპეციალური “სამკურნალო” ნელსაცხებლებით გაჯერებულ ჰაერიან ოთახში გინდათ დაძინება თუ ჩვეულებრივ, უსუნო ოთახში. მაგრამ უნდა იცოდეთ – არანაირი ლოგინები და საბნები თუ ადიალები და რაღაც მისთანანი! ერთადერთი რბილი, რაზეც დაძინება შეიძლება, ეს მასაჟის სკამია. მაგრამ, მოგეხსენებათ, სკამი სკამია, და თუ სკამზე ვერ იძინებთ, ისევ მყარ იატაკს ან კენჭებს უნდა დაუბრუნდეთ. და აქ დავუბრუნდეთ ჩემს სურათს: ესაა გაღვიძების მომენტი. სურათზე ნათლადაა გამოხატული მყარ ზედაპირზე წოლის შედეგის ორსახოვნება: ერთი მხრივ, ტანჯული სახე, რახან შეუჩვევლობისგან აღარ იცი როგორ ადგე, მეორე მხრივ კი – წელში გამართულობა: მყარ იატაკზე წოლისგან ისე გავიმართე, იმ დღეს აღარ მოვკუზულვარ.
აი "გაშლილი" ოთახის ნაირსახეობა.
აი “გაშლილი” ოთახის ნაირსახეობა.

ჩემი ფავორიტი ოთახი აღმოჩნდა ოთახი-საყინულე, რომელშიც ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალი იყო. აქ ხალხს არ ეძინა, თუმცა იყო შეჯიბრებები, ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა ოთახიდან გაუსვლელად.
თუ ყურადღებას მოიკრებთ და ჩემს ულამაზეს სახეს და მუხლს თვალს მოსწყვეტთ, უკანა ფონზე რაღაც საეჭვო თეთრი მილები რომაა, დაინახავთ. ეგაა ყინულები. რაც უფრო ახლოს ზიხარ ყინულებთან, მით უფრო რთულია ამ ოთახში დარჩენაო, გავიგე. მაგრამ მე სულ 3 წუთამდე თუ ვიყავი ამ ოთახში, ასე რომ ვერანაირი დისკომფორტი ვერ განვიცადე. ჩემს წინ იჯდა 5მდე ბიჭი, კბილს კბილზე აცემინებდნენ და კანკალებდნენ, მაგრამ თვალებში შემართების ნაპერწკლები დავუნახე. არ ვიცი ვინ მოიგო.
თუ ყურადღებას მოიკრებთ და ჩემს ულამაზეს სახეს და მუხლს თვალს მოსწყვეტთ, უკანა ფონზე რაღაც საეჭვო თეთრი მილები რომაა, დაინახავთ. ეგაა ყინულები. რაც უფრო ახლოს ზიხარ ყინულებთან, მით უფრო რთულია ამ ოთახში დარჩენაო, გავიგე. მაგრამ მე სულ 3 წუთამდე თუ ვიყავი ამ ოთახში, ასე რომ ვერანაირი დისკომფორტი ვერ განვიცადე. ჩემს წინ იჯდა 5მდე ბიჭი, კბილს კბილზე აცემინებდნენ და კანკალებდნენ, მაგრამ თვალებში შემართების ნაპერწკლები დავუნახე. არ ვიცი ვინ მოიგო, მაგრამ ყველას წარმატებებს ვუსურვებ

ჭიმჯილბანგის შემდეგი განყოფილება არის ძალიან უცნაური და არ შევსულვარ შიგნით. ესაა “ზედმეტი კანის მოცილების ოთახი”. იხდი დაახლოებით 20 დოლარს და ზურგზე და ფეხებზე “მკვდარ კანს” გაცლიან. მეთქი რაის მკვდარი კანი, ჯერ 20 წლის ვარ, გამატარეთ აქიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ადგილსაც ძირითადად მოხუცები ეტანებიან. სამწუხაროდ, ჯერ ამ საიდუმლოებებით მოცული ოთახის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ შემიგროვებია. თუ ოდესმე გამოვა “ბუბუ და კორეა: ნაწილი XX – ჭიმჯილბანგი vol.2”, მაშინ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. მაგრამ ეჭვი მეპარება – 20 დოლარი 1 ახალი კორეული მუსიკის CDს ტოლფასია.
და მოკლედ დავასრულოთ ჭიმჯილბანგის აუცილებელი განყოფილებით: რესტორნით! აბა რა უნდა იყოს ჭიმჯილბანგი რესტორნის გარეშე? აქ ხალხი მხოლოდ დასაბანად იშვიათად ან საერთოდ არ მოდის, რახან შესვლა დაახლოებით 13 დოლარი ჯდება (13 ათასი ვონი). დროზე არაა შეზღუდვა. ზოგი რამდენიმე დღითაც კი რჩება აქ (მათ მე ჭიმჯილბაგ-ექსტრემალებს ვეძახი) და მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის თან შეტანაზე არაა შეზღუდვა, ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ჭიმჯილბანგის საჭმელი. DRAGON HILL SPAს შემთხვევაში საფირმო საჭმელი არის გამხმარი კალმარი, რომელიც ძალიან მომეწონა. 3900 ვონი გადავიხადე და ვერ დავნაყრდი, თუმცა შიმშილი კი მოვიკალი. ამას გარდა საჭმლის იმხელა არჩევნაია, არაფრით ჩამორჩება კარგ კორეულ რესტორანს. თუმცა საუნაში დაპურებას მაინც სხვა მუღამი აქვს.
ბევრი საინტერესო დეტალია კიდევ კორეულ საუნაში, მაგრამ თუ მათ შესახებ კიდევ გინდათ გაგება, ჩამოდით კორეაში და თვითონ შეიგრძენით ჭიმჯილბანგის განსაკუთრებულობა.
Dragon Hill Spa-ს შესასვლელი
Dragon Hill Spa-ს შესასვლელი

디 엔드
(THE END)

Comments

ერთი კომენტარი: “ბუბუ და კორეა: ნაწილი 20 – კორეული საუნა (ჭიმჯილბანგი)”

  1. tamari ავატარი
    tamari

    არაჩვეულებრივი ინფორმაციაა! სულ მიკვირდა, სადაა წყალი, ხალხი ხომ საცურაოდ მიდიოდა-მეთქი (დარამების მიხედვით). ახლა გავიგე, რაშია საქმე, მაგრამ ასეთი სერიოზული, დახვეწილი და ყველანაირ სურვილზე მორგებული, რა ვიცოდი?!
    მშვენიერია, მადლობა!

კომენტარის დატოვება