ავტორი: Bubu

  • TOPIK გამოცდის შესახებ გასათვალისწინებელი საკითხები

    TOPIK გამოცდის შესახებ გასათვალისწინებელი საკითხები

    • გამოცდის დღეს აუცილებლად თან იქონიეთ:

    • გამოცდის სარეგისტრაციო ფურცელი; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
    ※ გამოცდის სარეგისტრაციო ფურცელზე ინგლისურად დაწერილი სახელი პირადობის დამადასტურებელ ფურცელზე დაწერილი ინგლისური სახელისგან არ უნდა იყოს განსხვავებული. სხვა შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

    • გამოცდის ჩაბარებასთან დაკავშირებით:
    o გამოცდის დღეს, გამოცდის დამწერმა პირმა გამოცდის დაწყებამდე 20 წუთით ადრე უნდა დაიკავოს თავისი საგამოცდო ადგილი, მზად უნდა იყოს დამკვირვებლის მითითებების გათვალისწინებისთვის. დაგვიანების შემთხვევაში პირი გამოცდაზე არ დაიშვება.

    untitled

    o გამოცდის მსვლელობისას (დასვენების დროის ჩათვლით), ყველა ელექტრონული მოწყობილობა უნდა იყოს გამორთულ მდგომარეობაში.
    o ფულის უკან დაბრუნებისთვის გამოყოფილ პერიოდში ფულის უკან დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
    o გამოცდის მსვლელობისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა უნდა იდოს მაგიდაზე;
    o დროის კონტროლზე პასუხისმგებელია თავად გამოცდის დამწერი პირი, რომელმაც მოცემულ დროში უნდა მოასწროს პასუხების ფურცელზე პასუხების გადატანა;
    o როგორც წესი, გამოცდის მსვლელობისას საგამოცდო ოთახის დატოვება არ შეიძლება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში გამოცდის დამკვირვებელი პირისგან ნებართვის აღება და სხვებისთვის ხელის შეშლის გარეშე, ჩუმად ოთახის დატოვება შესაძლებელია.
    o გამოცდის მსვლელობისას, ავადმყოფობის გამო საპირფარეშოს გამოყენების და სხვ. საჭიროებისას, გადაწერის თავიდან ასარიდებლად, საჭიროა დერეფანში მყოფი დამკვირვებლის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა.
    o TOPIK II-ის გამოცდაზე, პირველ პერიოდზე არ დამსწრე ან გამოცდიდან განთავისუფლებული პირები, გამოცდის მეორე პერიოდზე არ დაიშვებიან.
    o ანალოგიურად, მეორე პერიოდში ვინც გამოცდის წერიდან განთავისუფლებული იქნება, ჩაითვლება, როგორც გათავისუფლებული როგორც პირველი, ასევე მეორე პერიოდიდან.
    o გამოცდის მსვლელობისას საღეჭი რეზინის ღეჭვა და საჭმლის ჭამა არ შეიძლება. ასევე, დაუშვებელია ხმაური.
    o საგამოცდო ოთახში მოწევა აკრძალულია. ასევე, საჭიროა სიფრთხილე, რომ საგამოცდო ოთახი დარჩეს დაუზიანებელი.
    o გადაწერის და/ან დამკვირვებლის მითითებებს არ დამორჩილების შემთხვევაში, შესაძლებელია პირის გამოცდიდან მოხსნა, ნაწერის ქულების განულება და მომავალი 2 წლის განმავლობაში გამოცდაზე დასწრების ნებართვის ჩამორთმევა.
    o დამკვირვებლის მითითებების პატიოსნად შესრულება გამოცდის დამწერი პირის მოვალეობაა. დაუმორჩილებლობა თაღლითობად ჩაითვლება.

     პირის იდენტიფიცირების პროცედურა:
    o გამოცდის დამწერმა პირმა თან უნდა იქონიოს გამოცდის რეგისტრაციის ფურცელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან პასპორტი).
    o პირადობის დამადასტურებელი მოწმობის თან არქონის შემთხვევაში, პირი გამოცდაზე არ დაიშვება.
    ( საბუთები, როგორიცაა სტუდენტური ბარათი ან სერთიფიკატები, არ ჩაითვლება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად. პირადობის მოწმობის ასლიც არ ჩაითვლება პირადობის მოწმობად.)
    o დამკვირვებლის მიერ პირადობის მოწმობის შემოწმების პროცედურისას საჭიროა პატიოსნად გაეცეს პასუხი შეკითხვებზე. დაუმორჩილებლობა თაღლითობად ჩაითვლება.

     გამოცდაზე აკრძალული ნივთების შესახებ:
    o ნივთები, რომელიც არ არის დაშვებული გამოცდაზე , უნდა ჩაბარდეს დამკვირვებელს პირველი პერიოდის დაწყებამდე. სხვა შემთხვევაში, ნივთების არ ჩაბარება თაღლითობად ჩაითვლება.
    o აკრძალული ნივთებია:
    მობილური ტელეფონი, ფოტოკამერა, MP3, ელექტრონული ლექსიკონი, კამერიანი კალამი, ელექტრონული კალკულატორი, პორტალური მედია ფლეიერი, დარჩენილი დროის კონტროლისთვის განკუთვნილი, სხვა ფუნქციების არმატარებელი საათის გარდა, ყველა ელექტორნული მოწყობილობა.

     პასუხების ფურცელთან დაკავშირებით:
    o საჭიროა, რომ პასუხების ფურცელი არ დაზიანდეს/გაჭუჭყიანდეს და არ დაიკუჭოს. პასუხების ფურცელზე დაჯღაპნა და/ან ჩანიშვნა შესაძლოა წამგებიანი აღმოჩნდეს. განსაკუთრებით მნიშნელოვანია, რომ ფურცლის ზედა და ქვედა ნაწილებზე არსებული ნიშნული (■■■) არ დაზიანდეს.
    o საკითხების ფურცელზე პასუხის შემოხაზვა არაა საკმარისი და პასუხების ფურცელზე არგადატანის შემთხვევაში არ ჩაითვლება.
    o სხვადსხვა ვარიანტიან კითხვაზე პასუხის არჩევისას შესაბამისი ველი უნდა გაფერადდეს ნიშნულით „●“, დარიგებული კალმის სქელწვეროიანი მხარით. ერთ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხი უნდა მოინიშნოს. იმ შემთხვევაში, როცა გაფერადება არასრულია ან ერთზე მეტი პასუხია მონიშნული, კითხვა პასუხგაუცემლად ჩაითვლება. პასუხის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა კორექტორით წინა პასუხის მთლიანად გადაფარვა.
    o წერილობითი პასუხები უნდა ჩაიწეროს დარიგებული კალმის წვრილწვეროიანი მხარით, შესაბამისად გამოყოფილ ადგილას. პასუხის სხვა ადგილზე ჩაწერის შემთხვევაში პასუხი არ ჩაითვლება. დაწერილი პასუხის შეცვლის სურვილის შემთხვევაში შეიძლება კორექტორის გამოყენება ან ნაწერის ორი ხაზით გადახაზვა. კორექტორის გამოყენების სურვილის შემთხვევაში ხელის აწევა და დამკვირვებლისგან კორექტორის მიღებაა შესაძლებელი.
    o საკუთარი კორექტორის გამოყენება დასაშვებია, თუმცა გაფუჭების და/ან კორექტორის არასწორად გამოყენების შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა კორექტორის მფლობელს ეკისრება და სიფრთხილეა საჭირო.
    o პასუხების ფურცლის შეცვლა დასაშვებია, თუმცა მოცემულ დროში პასუხების ფურცელზე პასუხების მონიშვნის ვერ მოსწრების შემთხვევაშიც კი უნდა ჩაბარდეს ის დამკვირვებელს. გამოცდის დასრულების შემდეგ გამოცდის ფურცელზე წერა აკრძალულია, წერის გაგრძელების შემთხვევაში კი ნაშრომი შეიძლება განულდეს.
    o გამოცდის მსვლელობისას პირველი პერიოდის დაწყებამდე აუცილებლად დამკვირვებლის მიერ დარიგებული კალმის გამოყენებაა საჭირო.
    o დარიგებული კალმის არგამოყენების ან ზემოთ ნახსენები სხვა წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება გამოცდის დამწერ პირს.
    o გამოცდის დროის დასრულების შემდეგ კალამის მერხზე დადების და მაგიდის ქვეშ ხელების ჩამოწევის შემდეგ დამკვირვებლის მითითებებს მიყოლაა საჭირო.
    o გამოცდის წერის დასრულების შემდეგ, დამკვირვებლის ნებართის გარეშე საგამოცდო ოთახის დატოვება აკრძალულია. გამოცდის დროს გამოყენებული პასუხების ფურცელი და კითხვების ფურცლები აუცილებლად დამკვირვებელს უნდა ჩაბარდეს.

     გადაწერის და/ან სხვა თაღლითობის შემთხვევაში მოსალოდნელია შემდეგი:
    – ნაწერის გაუქმება;
    – გამოცდის შედეგების გამოქვეყნების დღიდან 2 წლის განმავლობაში გამოცდაზე არდაშვება;
    – შესაძლებელია საქმეში პოლიციის გამოძიების ჩართვა იყოს მოთხოვნილი;
    – გადამწერი პირის კუთვნილს დაწესებულებას (სკოლა, უნივერსიტეტი და სხვ.) გადაეცემა ცნობა გადაწერის/თაღლითობის შესახებ.

     სხვა:
    o პიროვნების ვერიდენტიფიცირების შემთხვევაში, სპეციალური წერილობითი პირობის დადების შემდეგ, 3 დღეში სხვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საგამოცდო ადგილას საჭიროა პირადად მიტანა. სხვა შემთხვევაში, გამოცდისთვის გადახდილი ფული უკან არ დაბრუნდება და გამოცდა გაუქმებულად ჩაითვლება.
    o გამოცდიდან განთავისუფლებული პირი და ის, ვინც წინა წესში ნახსენებ პირობას ვერ დააკმაყოფილებს, ვერ მიიღებს საგამოცდო შეფასებას.
    o კორეული ენის გამოცდის ქულა ვალიდურია შედეგების გამოქვეყნებიდან 2 წლის განმავლობაში.

    მისამართი:
    კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი
    თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240
    საკონტაქტო პირი : ნანა მიქაბერიძე
    ტელ: 597 702 702

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი 24 – იტევონი (Itaewon/이태원), უცხოელების უბანი სეულში

    ბუბუ და კორეა: ნაწილი 24 – იტევონი (Itaewon/이태원), უცხოელების უბანი სეულში

    დადგა ჟამი ეზიაროთ სეულის უბნებიდან ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულს და მაგიური ძალის მქონეს (განსაკუთრებით უცხოელებისთვის). დღეს ვისაუბრებთ სეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უბანზე – იტევონზე. და მაინც რა ფენომენია ასეთი?
    _62847603_img_0177
    იტევონი, ან როგორც ზოგჯერ ეძახიან, “უცხოელების უბანი,” მართლაც რომ უცხოელების უბანია, სადაც კორელზე მეტ უცხოელს შეხვდებით. თავიდან აქ ამერიკელი ჯარისკაცები დასახლდნენ, შემდეგ კი შეჯგუფდა და შეჯგუფდა სხვადასხვა ქვეყნის ხალხი. მალევე იქცა იტევონი კლუბების და ბარების სამოთხედ. არ მეგულება რაიმე ბარის ან კლუბის სახეობა, აქ რომ არ არსებობდეს. ეძებთ რამე უცხოურს? დაადექით გზას იტევონისაკენ!

    შენიშვნა: ღამის სეული ძალიან გადაკაშკაშებულია.
    შენიშვნა: ღამის სეული ძალიან გადაკაშკაშებულია.

    ამბობენ, იტევონი ღამით იღვიძებსო, მაგრამ არც დღისით სძინავს მაინცდამაინც, მე თუ მკითხავთ. თუ მოისურვებთ რომელიმე უცხო ქვეყნის კერძების დაგემოვნებას სეულში ყოფნისას, იცით რა უბანშიც უნდა მიხვიდეთ. განსაკუთრებით დიდი სიმრავლეა თურქული რესტორნებისა. და საერთოდ, კორეაში თურქული კულტურა ძალიან პოპულარულია. კორეისა და თურქეთის მეგობრობა უძველესი დროიდან დაიწყო და განსაკუთრებით გამყარდა მაშინ, როცა თურქეთმა კორეის ომში 15000 ჯარისკაცი გაუგზავნა დასახმარებლად სამხრეთ კორეას. ამას გარდა, კორეულსა და თურქულ ენას ენათა ერთ ოჯახს მიაკუთვნებენ.
    Aoaaus
    ჩემთვის იტევონი თავიდან ასოცირდებოდა უცხოეთთან კორეაში და ნამდვილად არ ვიტყოდი, რომ მომწონდა იტევონის დათვალიერება და ბოდიალი, ბარები და ა.შ. მაგრამ ახლა პირიქითაა. ახლა იტევონი ჩემთან ასოცირდება მეგობრების შეკრებასთან და ერთად გართობასთან. დაახლოებით იმავე ფენომენთან, რაც ჰონგდეს უბანია (Hongdae – 홍대 – ჰონგიკის უნივერსიტეტის სახელი შემოკლებით. აქაც აურაცხელი ბარები და კარეოკეს ოთახებია, ყველაფერი სტუდენტური ცხოვრების გასახალისებლად). თუმცა იტევონზე ბევრად მეტ მრავალფეროვან ხალხს შეხვდებით, ესაა განსხვავება.
    IMG_7183
    იტევონზე საყიდლებზე წასვლაც არაა ცუდი იდეა. განსაკუთრებით, თუკი რამე არაკორეულს ეძებთ. სხვათაშორის, აქ ბევრი უცნაური მაღაზია შემხვდა, მაგალითად, ძველად ამერიკელი ჯარისკაცების მიერ ჩამოტანილი ნივთები, თვითმფრინავის პატარა მოდელების მაღაზია, მყვინთავების ძველი ჩაფხუტების მაღაზია და სხვა. გასაკვირი მხოლოდ მაღაზიები არაა. მაგალითად, ერთ კლუბში შესვლა დასაშვებია მხოლოდ რომელიმე ეროვნების წარმომადგენლებისთვის, ამ მხრივ დისკრიმინაციაა.
    რაღაცით ძველ საკერავ მანქანას მაგონებს
    რაღაცით ძველ საკერავ მანქანას მაგონებს

    იმედია მეტნაკლებად შეგიქმენით იტევონიზე შთაბეჭდილება. არ ვიცი რამდენად აუცილებლად წასასვლელი ადგილია, თუკი რამდენიმე დღით აპირებთ სეულში ჩამოსვლას. მაგრამ თუკი დარჩენას შედარებით დიდი ხნით აპირებთ, წაუსვლელობა არ იქნება.
    და ბოლოს, როგორ შეიძლება პოსტი იტევონის შესახებ დავასრულო ამ ვიდეოსგან რაიმე განსხვავებულით? რამდენადაც შევეჩვიე იტევონს, იმდენად მივხვდი, რა კარგად აშარჟებს ეს ვიდეო იტევონის ატმოსფეროს:

    ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კორეული სიმღერა.

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი 23 – ვივაჭროთ სეულში

    ბუბუ და კორეა: ნაწილი 23 – ვივაჭროთ სეულში

    დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია რახან არდადეგები მქონდა და სამეცადინო – არა.
    ახლა აგიხსნათ როგორ უნდა შეევაჭროთ ხოლმე გამყიდველებს, განსაკუთრებით – ასაკოვან ხალხს.
    პირველ რიგში, უნდა დაიმახსოვროთ, რომ დიდ მარკეტებში, სადაც ფასები აწერია პროდუქტს, 99% დარწმუნებულები იყავით რომ შევაჭრება არ მოსულა. და საერთოდ, რატომ მიდიხართ ისეთ ადგილას, სადაც ყველაფერს ფასი აწერია? ადექით თქვენც კიდე და, რაღა ბევრი გავაგრძელოთ, გადით გარეთ, სადაც ბებიები ხილს, ბოსტნეულს, ხორცს და ყველაფერ კარგს ყიდიან, თან არჩევენ ნიორს, თუ რაც იქნება. (მეტნაკლებად) გრძელვადიან პერსპექტივაში იმდენ ფულს დაზოგავთ, ახლა ცოტათი ვნანობ იმ ხილ-ბოსტნეულს, რაც მარკეტში მიყიდია. ისიც დაიმახსოვრეთ, რომ ბებიებისგან ნაყიდი ყველაფერი უფრო გემრიელია. თუ ფასდაკლების მაძიებელი ხართ, ასეთი მიდგომაა კარგი: ეუბნებით მოგცეს ფორთოხალი, მაგალითად (საქართველოში მაგალითის მოყვანისას ვაშლს გამოვიყენებდი, მაგრამ აქ ვაშლს აღარ ვჭამ ხოლმე). ხომ გაიგებთ ამის ფასს? შემდეგ სთხოვთ ,რომ მაგ ფასში ეგ ფორთოხლებიც მომეცი და ორი-სამი მანდარინიც გაიმეტე-თქო. უარს არავინ გეტყვით (იმედია) :D

    მარწყვი ძალიან ძვირია და გემოც არ უვარგა ჩემი აზრით. ამიტომ არ გირჩევთ მაინცდამაინც. რით ვერ ვნახე წესიერი მარწყვი?
    მარწყვი ძალიან ძვირია და გემოც არ უვარგა ჩემი აზრით. ამიტომ არ გირჩევთ მაინცდამაინც. რით ვერ ვნახე წესიერი მარწყვი?

    კორეაში ვაჭრობის დროს ყველა იყენებს ბარათს. თითქმის ყველა იყენებს მხოლოდ ბარათს. მაგრამ ხანდახან შეიძლება ფასდაკლებასაც გამოჰკრათ ხელი, თუ ნაღდ ფულს გადაიხდით. თითქმის 87% შემთხვევაში დაგიკლებენ (პროცენტული მაჩვენებელი დადგენილია წარმოსახვის უნარის მეშვეობით). თუკი გინდათ უკეთესი შედეგი, ჯერ ფასი ჰკითხეთ და მერე თავად შესთავაზეთ ახალი ფასი, ოღონდ ნაღდ ფულს მოგცემო, უთხარით. მაგალითად, ყიდულობ მაიკას, გეუბნებიან 10 ათასი ვონი ღირსო (ანუ დაალოხებით 9-10 დოლარი). უთხარით, ნაღდი ფულით რომ მოგცე 7 დოლარად ხომ გამატანო? კაი ბლომად შეიძლება დააკლებინოთ ასე. ნუ, ფასის განახევრებაც შეიძლება სცადოთ, რა იცი რა ხდება :D
    არ უნდა გამოგრჩეთ, რომ ვთქვათ და ისეთ ადგილას ხართ, სადაც ყველაფერს ფასი აწერია (რატომ უნდა წახვიდეთ აქ არ ვიცი მაგრამ… დავუშვათ რომ ხართ). დააკვირდით რაზე არის აქციები და რაზე – არა. საქართველოსთან შედარებით, უამრავ პროდუქტზეა ხოლმე 1+1 ან 2+1 აქცია, რომლებიც რამდენიმე დღე გრძელდება ხოლმე.
    უბნების მიხედვით თითქმის ყველაფერს შეიძლება სხვადასხვა ფასი ჰქონდეს, ამიტომ წინასწარ გაგება არაა ცუდი. კარგი ვარიანტია, რისი ყიდვაც გინდათ, იმის ფასების წინასწარ გაგება და მერე ფასის შეთავაზება (თან ნაღდი ფული დაანახეთ, იქნებ მეტ-ნაკლებად თავის მომსაწყლებელი, მაგრამ ცოტაოდენ მზაკვრული ღიმილიც გამოგადგეთ, ვინ იცის…).
    მოკლედ აქამდე რაც დავწერე ყველაფერი რომ შევაჯამოთ, იქნება 2 სიტყვა: ნ ა ღ დ ი და ფ უ ლ ი. რათ უნდოდა ამას ამდენი ბოდიალი?!

    ყველაზე ცნობილი სავაჭრო ცენტრები და ბაზრები:

    1) 광장시장 – გვანგჯანგშიჯანგი: კორეული ტრადიციული სტილის ბაზრობა. იყიდება ყველაფერი საჭმელი გინდა თუ ჰანბოკი გინდა.
    img_00152
    2) ნამდემუნის მარკეტი – 남대문 시장. მარკეტი ეძახე შენ და იმხელაა რომ…
    Namdaemun-Market
    3) გიყვართ თევზეული? 노량진 수산시장 – ნორიანგჯინის თევზეულის მარკეტს ეწვიეთ:

    თევზის სუნია ისეთი... თევზი გინდა, რვაფეხა გინდა, კიბორჩხალა გინდა თუ კრევეტები?
    თევზის სუნია ისეთი… თევზი გინდა, რვაფეხა გინდა, კიბორჩხალა გინდა თუ კრევეტები?

    4) დონგდემუნის მარკეტი – უზარმაზარი სავაჭრო ცენტრია. აქ ღამითაც შეიძლება საყიდლებზე სიარული. საქონელი ყოველთვის გამოტანილია “მზეზე”.
    თუ ამ შენობებს დაინახავთ, ესე იგი უნდა მოემზადოთ სავაჭროდ.
    თუ ამ შენობებს დაინახავთ, ესე იგი უნდა მოემზადოთ სავაჭროდ.

    5) ტექნიკის ყიდვა მინდაოოო? მაშ დაადექი იონგსანის გზას: 용산 시장:
    ძალიან დიდია იონგსანის მარკეტი. ახალიც იყიდება და ნაქონიც. ძველიც და ახალიც. სულოგულო
    ძალიან დიდია იონგსანის მარკეტი. ახალიც იყიდება და ნაქონიც. ძველიც და ახალიც. სულოგულო

    6) ბეეეეეევრი სუვენირები სად ვიშოვოო? ჰაჰ – წადი ძმობილო ინსადონგზე – 인사동 – მაგრამ არაა ძალიან იაფი. კიარადა მეძვირება საერთოდაც. ნამდემუნზეც არის სუვენირები, არც ისე დიდი ინტენსივობით, თუმცა უფრო იაფად.
    ssam2
    გარდა ჩამოთვლილი ადგილებისა კიდევ უამრავი ცნობილი კარგი სავაჭრო ზონა არის სეულში. ახლა კიდევ ლოტე (Lotte) აშენებს რაღაც გრანდიოზულ მონსტრს (롯데월드 타워). ჯერ შენების პროცესშია, მაგრამ ძალიან მაღალია. რომ ვნახე ავღფრთოვანდი. ვინ იცის, იქნებ მაქაც შეძლოთ ვაჭრობა? თუ სვაჭრო ზონა გახსნეს, რა თქმა უნდა. და გახსნიან კიდეც. ჯერჯერობით 70 სართულიც არაა აშენებულიო, გავიგე. სულ 120 საერთული იგეგმება დაახლოებით.
    ამ შენობას რომ ვუყურებ ჩემში იღვიძებს დამალული არქიტექტორი.
    ამ შენობას რომ ვუყურებ ჩემში იღვიძებს დამალული არქიტექტორი.

    ჯერ მილიონრები გავხდეთ და მერე ვივაჭროთ აქ. როდის იყო ლოტეს რამე იაფად გაუყიდია?
    მოკლედ სულ ეს იყოს ჯერჯერობით. ამ თემას ვასრულებ შემდეგი სიმღერით, ფულის სიძვირის შესახებ: (მადლობა ჩიბი ამ ჯგუფის შესახებ რომ მამცნე).

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი 22 – ტოგუგი

    ბუბუ და კორეა: ნაწილი 22 – ტოგუგი

    და კიდევ ერთი გემრიელი პოსტის დროც დადგა!
    ვისაც ჩემი პოსტები წაგიკითხავთ და გახსოვთ, იქნებ არც ის დაგვიწყებოდათ, თუ როგორ მიყვარს დოლსოტ ბიბიმბაბი. მაგრამ ჩემს გულში (თუ კუჭში) ერთ სხვა კორეულ კერძსაც დიდი ადგილი უჭირავს.
    რა ხდება? ნუთუ მე ვუღალატე დოლსოტ ბიბიმბაბს და რაღაც თეთრ მასაზე გავცვალე? ო, არა. დოლსოტ ბიბიმბაბი ისევე მიყვარს, როგორც მიყვარდა, თუმცა ძალიან დავუახლოვდი ერთ კერძს, სახელად ტოგუგს.
    ამ საიტზე ერთხელ უკვე იყო ტოგუგის შესახებ საუბარი, თუმცა ამჯერად პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ.
    მე ტოგუგის შესახებ ოდითგანვე მსმენოდა, მაგრამ შეხვედრის შანსი არ მქონია. ამიტომაც ერთ დღეს ჩემს კორეელ “დამხმარეს” ვთხოვე ერთმანეთი გაეცნო ჩვენთვის, რახან ჩემით არ შემეძლო. ძალიან მორცხვი ვარ. პირველივე კოვზის შემდეგ შემიყვარდა.
    ცოტა სერიოზულად განვაგრძოთ საუბარს, თორემ საკუთარ თავს ვერ ვცნობ. მოკლედ ტოგუგი არის დაჭრილი ბრინჯის ნამცხვრისგან გაკეთებული წვნიანი, რომელშიც შეიძლება შედიოდეს კვერცხი, კიმი (კიმჯაბანი), პილპილი და ა.შ. ხანდახან მანდუსაც შეიცავს (მანდუ არის პელმენისმაგვარი კორეული საჭმელი), მანდუიანი ტოგუგს მანდუტოგუგსაც ეძახიან და ტოკმანდუგუგსაც. სახელს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ახლა, დიდი ალბათობით მალევე დაგავიწყდებათ ასეთი ჩახლართული სახელები :D
    2938832540
    ტოგუგის ჭამა ტრადიციად იქცა ახალ წელს. ითვლება, რომ თუ ტოგუგს შეჭამ, ერთი წელი მოგემატება. ეს ყოველივე იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ კორეაში ასაკს ცოტა სხვაგვარად თვლიან: ახალ წელს ყველას ავტომატურად ემატება ერთი წელი, და არა დაბადების დღეს. კორეული ენის წიგნში ერთი “ანეგდოტი” შეგვხვდა: 30 წლის ქალი თავს 26 წლისად ასაღებდა ერთი კაცის წინ, რახან 26 წელი რაც შეუსრულდა, იმის შემდეგ ტოგუგი არ ჰქონდა ნაჭამი. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ ეს ანეგდოტი არსად გვეთქვა, თუკი არ გვინდოდა საზოგადოებიდან გარიყულები ვყოფილიყავით. როგორც ჩანს ეს ზედმეტად გაცვეთილი უძველესი “ანეგდოტია.” როგორც მახვილგონიერი მკითხველი, შენიშნავთ, აბა სადაა მანდ ანეგდოტიო. გაცინება კი არა, არც გამიღიმიაო. ოჰ, ეს კორეული იუმორი (ㅋㅋㅋ).
    DSCN2341
    ამ სურათზე თქვენ უყურებთ ტოკს. ტოკი არის ბრინჯის ნამცხვარი, რომელსაც ზემოთმოყვანილი სურათის მსგავსად ჭრიან და ისეთი წვნიანი გამოდის, ექვსს თუ არა, ხუთ თითს მაინც ჩაატანთ. სიტყვა “ტოგუგი” მოდის სიტყვისგან “ტოკ” (რაც ბრინჯის ნამცხვარს ნიშნავს და ბოლო ასო “კ” ვარდება ტოგუგიდან, რახან კორეულში ასო “გ”-ს წინ “კ” არ იკითხება) და “გუგ” (რაც წვნიანს ნიშნავს). მთელი ფილოსოფიაა, აბა!
    tteokguk-korean-rice-cake-soup-3
    არც ტოგუგია გამონაკლისი და მასაც სხვადასხვა დასაყოლებლებთან ერთად მიირთმევენ, მაგრამ მემგონი ერთადერთი კორეული კერძია ჩემთვის, რაზეც დასაყოლებლებს არ ვატან. არ უხდება ჩემი აზრით და მომკალით ახლა (ვინ მკლავს რო). არ შეგაცდინოთ ზემოთა სურათმა, ტოგუგთან ერთად ბრინჯი იშვიათად მოაქვთ.
    23001130
    რა შეიძლება გითხრათ საბოლოოდ, კორეული სამზარეულო ვისაც აინტერესებს ერთხელ აუცილებლად უნდა გასინჯოთ. ეს ისეთი კერძი არაა, რომ ყოველ მეორე მოსახვევში შეხვდე, როგორც კიმბაბი ან ბიბიმბაბი. მაგრამ არის სპეციალურად ტოგუგით ცნობილი რესტორნები, სადაც ერთი შევლა ერთი ცხოვრების ტოლფასია. ყველაზე იაფი 6000 ვონი ღირს (დაახლოებით 6 დოლარი) და ფასები მერყეობს რესტორნის პრესტიჟის მიხედვით. ყველაზე ძვირი 9000 ვონიანი მიჭამია. მაგრამ ეგ იყო ნ ე ტ ა რ ე ბ ა.
    tteokguk-korean-rice-cake-soup-3
    ახლოვდება ახალი წელი და, რა თქმა უნდა, მადაც იმატებს. იმდენი ტოგუგი მაქვს უკვე ნაჭამი, ბებრი თუ არა, ხანშიშესული ქალბატონი მაინც უნდა ვიყო აწი. მაშ გემშვიდობებათ ქალბატონი ბუბუ და რაიმე გემრიელ პოსტს კიდევ ერთხელაც დავწერ.

  • ბუბუ და კორეა: ნაწილი 21 – კორეული საიტები და აპლიკაციები

    ბუბუ და კორეა: ნაწილი 21 – კორეული საიტები და აპლიკაციები

    ახლა შემოგთავაზებთ პატარა პოსტს კორეული საიტების შესახებ. არ იქნება დიდი პოსტი და ვინც კორეული ენით/კორეაში ჩამოსვლით არაა დაინტერესებული არამგონია რამეში გამოგადგეთ. უბრალოდ მინდა შთამომავლობას დავუტოვო კორეაში დაგროვებული სიბრძნე :D ჯერჯერობით ესაა სია კორეული საიტებისა, რომლებითაც აქტიურად ვსარგებლობ. შენიშვნა: საიტების უმრავლესობა არის კორეულ ენაზე. ამიტომ გითხარით, თუ კორეული ენით დაინტერესებულნი არ ხართ, არ გამოგადგებათ-მეთქი.

    1) http://www.naver.com/ < მემგონი ყველაზე ცნობილი კორეული საიტია. კორეაში GOOGLEს ყველა იყენებს, როგორც საძიებო სისტემას, მაგრამ არის სხვა ცნობილი ვარიანტებიც და ნეივერი ერთ-ერთი მათგანია. სიახლე, ამინდის პროგნოზი, სპორტი, ფილმები და ა.შ. მოკლედ ყველაფერი აქაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ლექსიკონი /endic.naver.com რომლის გამოყენებაც ჯერ კიდევ საქართველოში დავიწყე და სხვა ლექსიკონისკენ არც გამიხედია, ძალიან მაკმაყოფილებს.
    naver1

    ეს ნავერის ძალიან მოკლე მიმოხილვა იყო. შეიძლება ბევრი ჯერ კიდევ ჩემთვის უცნობი ფუნქციის მატარებელი საიტი იყოს.

    2) http://www.daum.net/ <
    images
    ნეივერის მსგავსი საძიებო სისტემა, თუმცა არის განსხვავებებიც. მთავარი რაც მინდა ავღნიშნო ისაა, რომ ოფიციალური ფან-კლუბები სწორედ დაუმზეა გახსნილი. დიახ, დიახ, ზუსტად რომ ჩვენი საყვარელი კორეელი შემსრულებლების ოფიციალური ფანკლუბები. აქ უახლეს ინფორმაციას მიიღებთ თქვენი საყვარელი ჯგუფების შესახებ, სად და როდის მიდიან, როდის რა ღონისძიება აქვთ და ა.შ. ამ ფან-კლუბებში გაწევრიანება უფასოა, თუმცა ზოგჯერ აუცილებელია ხოლმე სახელის და გვარის, დაბადების თარიღის და კორეული ტელეფონის ნომრის მითითება, რომ ფან-კლუბის წევრი გახდე. აქვე ვიტყვი, რომ არსებობს ფასიანი ფან-კლუბებიც, ოღონდ არა დაუმზე. არა-დაუმის ოფიციალური უფასო ფან-კლუბებიც არსებობს, მაგრამ ესენი ცოტა განსხვავებულია. ორივე ოფიციალური კი არის, მაგრამ, თუ ფულს იხდით ფან-კლუბის წევრობაში, მეტი პროვოლეგია გექმნებათ (რა პრივილეგიებზეა საუბარი განსხვავდება ჯგუფებისდა მიხედვით). ჯერჯერობით კი გავწევრიანდი მრავალ დაუმის ფან-კლუბში, თუმცა ოფიციალურ არა-დაუმის ფან-კლუბში არ გავწევრიანებულვარ. ერთადერთი 2NE1-ის ოფიციალურ ბლექჯექებში მინდოდა გაწევრიანება, მაგრამ არც ისე ადვილია. წელიწადის რომელიღაც დროებშია მარტო მიღება ამ ფან-კლუბებში, ანუ როცა მოგესურვება, შენს ნებაზე ვერ გაწევრიანდები. ასე რატომ არის, ზუსტად არ ვიცი, თუ გავიგე გამცნობთ.

    დაუმზეა ასევე აუარება ვებტუნები, კორეის რუკები და ა.შ. არც დაუმით ვსარგებლობ მაინცდამაინც.

    3) http://www.gmarket.co.kr/ ყველაზე დიდი საიტი ინტერნეტ-შოპინგისთვის. აქ ყველაფერი იყიდება. სინდისიც კი, სინდისიც იყიდება! არა, ჯერ სინდისი არ შემხვედრია (უხერხული ხველება). თუ თქვენდა გასაოცრად აღმოაჩინეთ, რომ რაღაც სპეციფიკურის ყიდვა გინდოდათ და ვერ იშოვეთ, მიადექით პირდაპირ ამ საიტს. მაგალითად, ლურჯი თმის საღებავის ყიდვა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვძებნე ვერსად, მოვიარე მთელი სეული. ბოლოს ისევ ამ საიტის შემწეობით შევძელი შოვნა. მანამდე არ ვიყენებდი, რახან გადახდის დროს პრობლემები მექმნებოდა, მაგრამ შემდეგ ჩემმა ოთახელმა ჯიმარკეტიდან რაღაცეების გამოწერის მეთოდი მასწავლა და მას მერე პრობლემა არ მქონია. თუ ვინმე ჩამოხვედით კორეაში და არ იცით როგორ გამოიყენოთ ეს საიტი, მომწერეთ და ვეცდები დაგეხმაროთ. პ.ს. ამ საიტს არ აქვს საზღვარგარეთ გაგზავნის სერვისი, მხოლოდ კორეაში აქვთ მომსახურება. საიტს ინგლისური ვერსიაც აქვს.

    KIENDOMOBILE1

    4) http://www.interpark.com/ ინტერპარკი ყველაზე ცნობილი საიტია ბილეთებისთვის. არ ვიცი საზღვარგარეთ გაგზავნის სერვისი აქვთ თუ არა, მემგონი არა. ამ საიტსაც აქვს ინგლისური ვერსია + ცალკე სისტემა შექმნილი უცხოელი მყიდველებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ეს უცხოელებისთვის განკუთვნილი სისტემა მაინცდამაინც ვერ დამეხმარა და ისევ კორეული ვერსიით ამაოდ ვცდილობ ხოლმე როგორმე ვინმეს დავასწრო ბილეთის ყიდვა და ადგილზე პირველმა დავა”კლიკ”ო. ბილეთებზე “ჩალიჩი” იდეაში არის ომი. ისეთი ომი აქვთ ხოლმე ფანებს გაჩაღებული, სისტემა ნელდება და ჭედავს ხოლმე. ამიტომაცაა იღბალი საჭირო. აქვე გეტყვით, ისეც ხდება, რომ ბილეთი ინტერპარკზე არ იყიდება და მხოლოდ ჯიმარკეტიდანაა გამოწერა შესაძლებელი.

    전체화면-캡처-2013-12-26-오후-122007

    5) http://www.netmarble.net/
    ვის უყვარს თამაშები?

    ნეტმარბლის მასკოტი კაი ტიპია.
    ნეტმარბლის მასკოტი კაი ტიპია.

    ამ საიტზე ბევრ თამაშს ნახავთ, მინიკლიპის კორეული ვერსიაა ფაქტობრივად. მაგრამ, მე თუ მკითხავთ, უფრო დაპლიუსებული ვერსიაა. ბევრად სჯობს. მაინცდამაინც აქტიურად ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა. მემგონი მოგვარდა ეს პრობლემები და აწი უკეთესად გავიცნობ ამ საიტს.

    6) www.visitkorea.or.kr/ ამ საიტს კორეული ვერსიაც აქვს და ინგლისურიც. აპირებთ კორეაში სადმე სამოგზაუროდ წასვლას? ექსკურსიაზე მიდიხართ მაგრამ არ იცით თან რა წაიღოთ, როგორ წახვოდეთ ან რომელ საათებშია წასვლა ყველაზე კარგი? შედით ამ საიტზე და თქვენს თვალწინ გადაიშლება ყველა საჭირო ინფორმაცია.
    visitkorea

    7)
    Allkpop-Logo
    www.allkpop.com/ კორეული პოპის შესახებ სიახლეები. მემგონი კორეულ პოპს ვინც უსმენს ისედაც ყველამ იცით ეს საიტი, მაგრამ მაინც არ იქნებოდა ამის არ აღვნიშვნა. საიტი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა.

    8) და ერთი მობილურის აპლიკაციით მინდა დავასრულო ეს პატარა პოსტი. ესაა KakaoTalk. საქართველოში არაა პოპულარული მაგრამ აზიაში, განსაკუთრებით კორეაში, ყველა იყენებს. ვაიბერის მსგავსი აპლიკაციაა, ოღონდ Viber-ს უფრო სერიოზული ინტერფეისი აქვს, კაკაოთოლქ-ს კიდევ – ონავრული. უამრავი emoticon-ები, საუბრის დროს ხმის შეცვლა შეიძლება და მოკლედ ათასგვარი ტინგიცობები აქვს. აქ მოხუცი ხალხიც აქტიურად იყენებს კაკაოს და მესიჯებსაც კაკაოსს გარდა სხვა მეთოდით თითქმის აღარავინ აღარ აგზავნის ჩემს გარდა :D მე ინტერნეტის გამოსაყენებელი ფული მენანება და ვარ ასე გარიყული საზოგადოებისგან :(

    http://www.kakao.com/talk

    282428_496208030402741_333559434_n

    დამატება:
    9) http://www.baykoreans.net/
    კინაღამ დამავიწყდა ეს უმნიშვნელოვანესი საიტი და მოკლედ დავამატებ. ამ საიტზე შეგიძლიათ უყუროთ ტელევიზიის ლაივ-სტრიმს უფასოდ, ასევე სხვადასხვა შოუების ჩანაწერებია, არის ფილმები, სერიალები, მულტფილმები, ანიმეები, მოკლედ ყველაფერი, რაც ტელევიზორში გადის ან გასულა. დარეგისტრირება არაა საჭირო ვიდეოების სანახავად, მაგრამ შეიძლება ზოგ-ზოგიერთ შემთხვევებში საჭირო იყოს მაინც.

    ჯერჯერობით სულ ესაა. თუ რაიმე ცნობილი კორეული საიტი ან აპლიკაცია იცით, გაგვიზიარეთ ^_^