დაიწყო სწავლა და დროისა და კლიმატის ცვლილებასაც შევეგუე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან ასე შორსმდებარე ქვეყანაში პირველად ყოფნის გამო რაღაც ცვლილებები მოხდა. უმთავრესი მათგანი იყო პირველი რამდენიმე დღე მადის უქონლობა (:O!!!). სამი-ოთხი დღე არ მშიოდა მაინცდამაინც. აქედან ერთი-ორი დღე – საერთოდ არ მშიოდა და ძალითაც კი ვჭამე, რომ ჯანზე მოვსულიყავი. ასეთი რაღაც მაინცდამაინც ხშირად არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რახან განთქმულია ჩემი მადა (სად?). ახლა კი ვჭამ ძალიან კარგად და გემრიელად ვილუკმები. ერთადერთი ჯერ წკლაპუნით ჭამა არ დამიმუღამებია. სხვათა შორის, აქ ჭამისას ლაპარაკი და წკლაპუნი/ხვრეპა მოსული პონტია. ასე რომ, ზოგზოგიერთებო (დიახ, შენ), ვისაც წკლაპუნი გიყვართ ჭამისას, დროა კორეულის შესწავლას შეუდგეთ და მალე ჩამოხვიდეთ.
ხვრეპა/წკლაპუნს რაც შეეხება, ეს სრულიად არ ყოფილა შემაწუხებელი, გეგონება მთელი ცხოვრება ვისმენდი. აქამდეც ვიცოდი, რომ ჭამისას ხმის გამოცემის ამ მეთოდს იყენებენ, ამიტომ მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი ყოფილა.
მინდა ცოტა რამ ვთქვა ჩვენი კორეულის საძმოს (Fellowship of the Korean language) კურსებზე. მოვხვდი მესამე დონეზე, რაც ყველაზე მეტად მაწყობდა. სულ 7 დონეზე მოხვედრაა შესაძლებელი (მეშვიდე – ყველაზე მაღალი & რთული დონეა). ყოველდღე 4 გაკვეთილი მაქვს, კვირაში 1 დღე კი – დამატებით ერთი გაკვეთილი. ეს 4 გაკვეთილია – 1 საათი წერა, 2 საათი ლაპარაკი, 1 საათიც კითხვა და მოსმენა. ის 1 დამატებითი საათი კი – ახალი სიტყვების გარჩევას ეთმობა. ჯერჯერობით არ მაქვს ბევრი დავალება და იმედია ეს ასე გაგრძელდება :D.
ყველა მასწავლებელი მომეწონა. ძალიან საყვარლები არიან. ჯგუფელებიც გავიცანი ნელ ნელა. ერთი სლოვენიელი, ერთი უკრაინელი, ჩინელი, ვიეტნამელი, ტაილანდელი, ავსტრალიელი, ყაზახი, ბრიტანელი, და ერთიც იაპონელი მყავს ჯგუფში.
ვინც აქ ჩამოსვლას აპირებს და 90 და მეტი დღით რჩება, მოუწევს აიღოს ე.წ. Alien registration ბარათი, 90 დღის გასვლამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე. მე უკვე ამის სამზადისი დავასრულე და 3 კვირაში ჩემს უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათსაც ავიღებ. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დიდი რიგებია და შუადღისას სადღაც 2-3 საათი მომიწია რიგში დგომა.
რაც შეეხება ქალაქის დათვალიერებას, ვიყავი მიონგდონგზე. ესაა საყიდლებზე სასიარულოდ საუკეთესო ადგილი, რაც ჯერჯერობით ვნახე. აქ ძირითადად კოსმეტიკა, ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება (ქალების). ასევე K-pop-ის ნივთებიც მოიპოვება ალაგ-ალაგ. აქ ვიყიდე 2NE1-ის დისკი და იუნა კიმის კალენდარი. იმდენი მაღაზიები იყო, რომ თვალები ამიჭრელდა და მილიონერობა ვინატრე, რომ ყველაფერი თან წამეღო.
სეულის ნაციონალურ მუზეუმში წასვლაც შევძელი, მაგრამ იმხელა იყო, რომ მხოლოდ პირველი სართული და მიმდებარე ტერიტორიები დავათვალიერე. ბლომად სურათებიც გადავიღე და სუვენირებიც ვიყიდე. თუ მუზა მექნა, შეიძლება მუზეუმის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია დაიდოს.
შემდეგი ადგილი, სადაც ვიყავი, იტევონია. აქ აუარება უცხოელი ირევა და აქაც ბლომადაა სავაჭრო პუნქტები და საკვები ობიექტები. როგორც მეგობარმა მითხრა, აქ ხალხს უნდა შეევაჭრო და დაგიგდებენ ფასს. საერთოდ ფასებს რაც შეეხება, საქართველოსთან შედარებით თითქმის ყველაფერი ბევრად ძვირია, 2ჯერ თუ არა, 1,8-ჯერ ძვირი მაინც: ტრანსპონტი, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი… ადგილები უნდა იცოდე, რომ იაფად ვაჭრობა შეძლო. ხშირად იაფი საქონელი მიწისქვეშაა ხოლმე, როგორც ჯერჯერობით შევნიშნე.
ამ კვირაში განსაკუთრებული ის მოხდა, რომ შევხვდი ციგურაობის დედოფალს, იუნა კიმს და გამოვართვი ავტოგრაფი. facebook-დან ვიცოდი, რომ კვირა დღეს სამსუნგის ერთ-ერთ შენობაში ფანებთან შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ ვიცოდი რეგისტრაცია თუ იყო საჭირო. არც დაწყების დრო ვიცოდი, ამიტომ დილიდანვე ამ შენობის წინ დავერჭვე. სამწუხაროდ, იქ გავიგე, რომ თუ არ მექნებოდა რეგისტრაციის ნომერი, არ შემიშვებდნენ. ჩემნაირი გაჭირვებული იქ დაახლოებით 15-20 კაცი იყო. ამიტომ ვერ შევედით თავიდანვე, თუმცა 3 საათის განმავლობაში შენობის წინ მედგრად ვიდექით სუსხიან ქარსა და ყინვაში. რამდენიმე ადამიანი დანებდა და წავიდა კიდეც. მე მეთქი მაინც გავცივდი და შევირყიე ჯანმრთელობა, თუ ავად გახდომაა, ავად გახდომა იყოს მეთქი და განვაგრძე ლოდინი. შემდეგ ერთი კაცი გამოვიდა და გვითხრა კაი ხოო, შეგიშვებთო ოღონდ სურათების გადაღება აკრძალულია და ნელ-ნელა იარეთო. ხალხმა ნელა კი არ იარა, თავზე გადამაფრინდა და შედეგად რიგი მალე შეივსო. როგორც იქნა შევედით შენობაში და იქვე იჯდა იუნა კიმი, რომელიც ძალიან საყვარელი და მუხვახვაა ^_^ გარშემო ბევრ სურათებს იღებდნენ და ინტერნეტში გამწარებული ვეძებ იქნებ რომელიმე სურათზე გამოვჩნდე-თქვა, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. როგორც იქნა ჩემი ჯერი მოვიდა და ჩემი სახელი (ბუბუ) ვუკარნახე იუნა კიმს. ბუბუო? დაიბნა ცოტა ამიტომ დავუწერე (부부) და მანაც ხელმოწერა გადმომცა ჩემს სახელზე ^_^. კმაყოფილი გამობრუნდი უკან.


პ.ს. რთული ყოფილა ავტოგრაფის მოლოდინე გულშემატკივარის ბედი. არა მგონია ხშირად ვცადო ხოლმე ავტოგრაფების შოვნა. ამჯერად სულ რაღაც 120-140 კაცი თუ იყო შეკრებილი და სხვა დროს, სავარაუდოდ, ასე ცოტანი არ იქნებიან. მაგრამ გააჩნია, თუ 2NE1-ის ხელმოწერის შოვნის შანსი მექნა, მაშინ სხვა საქმეა.
ასე ჩაიარა ამ ბოლო დღეებმა. თუ რამე, მკითხეთ კომენტარებში.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.