მოდით მოგიყვებით ჩემი ჩვეულებრივი სასწავლო დღე როგორია. შეიძლება არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ და რა ვქნა :D
1) ძლივძლივობით გადმოვგორდები ხოლმე დილის 8:15ზე საწოლის პირველი სართულიდან (წინა სემესტრში მეორე სართულზე მეძინა, მაგრამ ოთახელი შემეცვალა და სანამ ახალ ოთახელს შემოიყვანდნენ, დრო ვიხელთე და პირველ სართულზე გადავბარგდი. კიდევ კარგი, თორემ ოთახის ჭერი საკმაოდ დაბალია და მეორე სართულზე უცებ რომ წამოვვარდნილიყავი ღამით ერთი კაი მოზრდილი სინიაკი დამაჯდებოდა შუბლზე. ჩემი ოთახელი ჩემზე დაბალია და ეს პრობლემა არ აქვს).
2) ვესალმები ჩემს ოთახელს (რომელიც ჩემთან შედარებით 72 საათით ადრე იღვიძებს ხოლმე და არის ტაივანელი. წინაზე ჩეხი ოთახელი მყავდა. არც ერთი არ ხვრინავ((და)/ს), რის გამოც ყოველთვის კარგად გამოძინებული ვარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თვალებს ქვეშ დიდი შვიდ-შვიდ კილოიანი ჩანთები მკიდია.
3) ვეშვები საერთო საცხოვრებლის კაფეტერიაში, სადაც ვჭამ ათასგვარ (?) ბრინჯს და კიმჩის, ბოსტნეულს, ხორცს… ამ ბოლო დროს დიდი დოზითაა ხილი (აქ ხილის დიდი დოზა ნიშნავს რომ ცოტა არის), რითაც კმაყოფილი ვარ. მაგალითად, დღეს საზამთრო იყო, გუშინ ბანანი და თითქმის დღეგამოშვებითაა რაღაც მაიონეზისმაგვარ სითხეში ამოვლებული ვაშლი ან სიმინდი. მეთქი რატომ ასხვათ ამ გემრიელობას ამ არაგემრიელობას (შენიშვნა: ხილია გემრიელობაა)? კიდევ კარგი, მახლობლად არის ონკანი, სადაც ხელის მარტივი მოძრაობით შეგიძლიათ წყალი გადაავლოთ ხილს და განწმინდოთ დაწყევლილი სითხისგან.
4) მივეშურები შენობისკენ, რომელსაც ჰქვია არუპე (아루페관). ჩემი საერთო საცხოვრებლიდან 5 წუთის სავალია. ამ შენობის მეცხე სართულზე ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) ვატარებ 4 საათს ^_^. დღე წერის გაკვეთილით იწყება. წერის გაკვეთილი ყველაზე მეტად მიყვარს, რახან ძირითადად ჩემთვის განსახილველად სასიამოვნო თემები მოდის ხოლმე. ამას გარდა, ესაა ერთადერთი გაკვეთილი, სადაც იმ სისწრაფით შეგიძლია წერო, რა სისწრაფითაც გინდა და შეგიძლია. სხვა გაკვეთილების დროს საჭიროა სხვებთან ურთიერთობა. მე წერისას ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ, და კალიგრაფიაც არაა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ ისეთი სისწრაფით ვწერ, რომ დავიწყებ, კაცი არაა ჩემი გამჩერებელი.
ჩემი ერთ-ერთი თემა, სადაც მაინცდამაინც ბევრი შეცდომა არ დამიშვია და ამიტომაც გამომაქვს სააშკარაოზე. ძირითადად ასეთი კალიგრაფია მაქვს, ანუ წაკითხვადია. მაგრამ როცა ძალიან დიდი სისწრაფეა საჭირო (მაგალითად მოსმენის დროს ჩანიშვნა სიტყვა-სიტყვით), მაშინ მხოლოდ მე შემიძლია ჩემი ნაწერის წაკითხვა. კორეაში ამას ეძახიან ფეხით წერას (ხუმრობით). გამოთქმაც არის, რომ გენიოსები გაკრული ხელით წერენო: “천재는 악필이다”, დაილოცოს ამ გამოთქმის გამომგონებელი.
უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მასწავლებლების სახელები არ ვიცი არც მე არც სხვა ჯგუფელებმა. ვეძახით, როგორც “კითხვის მასწავლებელი” (읽기 선생님), “წერის მასწავლებელი (쓰기 선생님),” “ლაპარაკის მასწავლებელი” (말하기 선생님). ერთადერთი მასწავლებლის სახელი ვიცი, რომელიც წინა სემესტრში მასწავლიდა. სადღაც 40 წლის იმ მასწავლებელი (იმ გვარია, ინგლისურად ითქმება როგორც ლიმ. იგივე სიტუაციაა გვარ “ლი”-სთან დაკავშირებით. სინამდვილეში ეგ გვარი უბრალოდ “ი”-ა). ეს იმიტომ, რომ იმ მასწავლებელი ყველაზე პოპულარული კორეულის მასწავლებელია მთელს სოგანგის უნივერსიტეტში. ახლაც მიკვირს, ფანკლუბი რატომ არ არსებობს. კორეელი მოსწავლეები რომ ყოფილიყვნენ ასეთ ენის კურსებზე და იმ (ან ლიმ) მასწავლებელს მათთვის ესწავლებინა, დამიჯერეთ, ფანკლუბიც იქნებოდა და ოფიციალური ფანკლუბის წევრების სახელიც.
აქვე დავამატებ შემდეგ აღიარებას: მიუხედავად ამისა რომ მეხუთე თვე იქნება რაც კორეაში ვარ, კორეელების სახელებს მაინც ვერ ვიმახსოვრებ. ადრე მითხრეს, მალე შეეჩვევიო, მაგრამ მე კორეული პოპის შემსრულებლების სახელები მამახსოვრდება მხოლოდ ㅠㅠ. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად მაინც უცხოელებთან (არაკორეელებთან) მაქვს ურთიერთობა.
5) წერის შემდეგ 2 საათი გვაქვს საუბრის გაკვეთილი. ამ დროს ვისმენთ რაიმეს, ვხსნით ერთ ან ორ ახალ გრამატიკას და შემდეგ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ. მასწავლებელი ირჩევს თემას და ჩვენც “სწორედ იმ თემის ირგვლივ” (:თვალისჩაკვრა:) ვსაუბრობთ. სოგანგი ცნობილია აქცენტის გაკეთებით საუბარზე. ამიტომაა რომ ენა დამიგრძელდა ამ ბოლო დროს. ზოგი უნივერსიტეტის პროგრამა ისეთია, მაგალითად, ტოპიკის გამოცდისთვის (TOPIK) მოგამზადებს ხოშიანად, თუმცა საუბარში თავს მაინცდამაინც ვერ წარმოაჩენ. ზოგი სულ გრამატიკასა და ახალი სიტყვების დაზუთხვაზეა გაწერილი და ა.შ. მოკლედ ყველა ირჩევს იმ უნივერსიტეტს, რომელიც აწყობს (ცხადია, ჩვენი, კორეის ფონდის სტუდენტების გარდა, რომელთაც სოგანგის გარდა სხვაგან არ შეუძლიათ ენის კურსებზე სწავლა). სწავლა სანამ დამთავრდება კორეულში ენა ისე უნდა დავიგრძელო კისერზე შემეძლოს შემოხვევა. მაშ?
6) ბოლო ერთი საათი არის კითხვის. ხშირადაა ხოლმე საინტერესო თემები არჩეული. მაგალითად, ძველი კორეული ლეგენდები, ზღაპრები, უცხოელები, რომლებმაც კორეელებივით მაგრად დაამუღამეს კორეული, კორეული ტრადიციული თამაშები და ა.შ. მაგრამ გაკვეთილი არასდროსაა ჩვეულებრივი ან მოსაწყენი, რაც არ უნდა დაღლილი იყო. მაგალითად, ტრადიციული თანმაშების თემის დროს ჩვენც კი, ჩვენს არც თუ ისე დიდ აუდიტორიაში, ვითამაშეთ კორეული დაჭერობანა (“얼음 땡” – ორუმ ტენგი), ზღაპრების გაკვეთილის დროს ყველამ ჩვენ-ჩვენი ქვეყნის ზღაპარი მოვყევით, ლექსების გაკვეთილის დროს ჩვენ-ჩვენი ლექსები დავწერეთ (რა თქმა უნდა კორეულად). მოკლედ კორეულის გაკვეთილის დროს მოსაწყენად არავის არ სცალია. ყოველ დღე ასე მიმიხარია ხოლმე გაკვეთილის დაწყებისკენ.
ხანდახან დავალებად გვაძლევენ გავაკეთოთ პრეზენტაცია იმ თემაზე, რომელზეც გაგვიხარდება. ამას წინათ გავაკეთე 10 წუთიანი პრეზენტაცია ქართული სახლების (შენობების) შესახებ და განვიხილე ოდა, სვანური კოშკები, შატილი, მუცო და ა.შ. იმის წინ Death Note-ს შესახებ გავაკეთე პრეზენტაცია, კიდევ იმის წინ – 2NE1-ს შესახებ. ამ პატარ-პატარა პროექტების გაკეთებაც ძალიან მსიამოვნებს.
7) გაკვეთილების შემდეგ ხანდახან, პარასკევობით მაქვს ხოლმე კორეული მუსიკის გაკვეთილი, სადაც ახალგამოსულ სიმღერების ტექსტებს ვარჩევთ ხოლმე. ოღონდ ცხადია არა ისეთებს, ნახევარი ტექსტი ინგლისური რომ აქვთ. მერე ჩვენ თვითონ ვმღერით. განსაკუთრებით გვიჭირს რეპი :D ამას წინათ ეს სიმღერა გავარჩიეთ:
8) როცა დავბრუნდები ხოლმე საერთო საცხოვრებელში, სამეცადინო კარგა ბლომად მაქვს. ჯგუფელები არასდროს არ ვეკითხებით ერთმანეთს: “ყველაფერი მოასწარი?” რადგან რაც არ უნდა ბევრი ისწავლო, რაღაც მაინც გამოგრჩება. აქ სიტყვები გინდაო, იქით გრამატიკაო, იქით გამონაკლისებიო, იქით წერითი დავალებაო, იქით სახლში გამოთქმაზე ვარჯიშიო… ეს ყველაფერი მისახედია გენაცვალე, აბა როგორ გინდა.
9) როცა საღამო მოახლოვდება და სამეცადინოს “ვასრულებთ” ჯგუფელები ხანდახან გავდივართ მახლობლად მდებარე უბან ჰონგდეზე (홍대) ან სადმე ახლომახლო. აქაა უამრავი კარაოკე ბარი და სამხრეთ კორეა კიდევ კარაოკე ბარების მამაა. ასევე აქვეა ძალიან ბევრი ბარი (술집), რომელიც კორეელთა კულტურის დიდი ნაწილია. დალევა კორეელების ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. ხანდახან სავალდებულოც კია. მე კარგი მსმელი ვერა ვარ, მაგრამ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი აღმოჩენა – მაკოლი (막걸리). ესაა მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ძალიან გემრიელია. უგემრიელესი. უჰ, ძალიან კარგი რამეა და ძალიან ცნობილიც. ამიტომ იმავე ჰონგდეზე (홍대) მრავლადაა მაკოლის ბარები. კორეაში თუ ჩამოხვალთ, ერთხელ მაინც აუცილებლად შეიარეთ, გირჩევთ.
სიახლე: 8-9 აგვისტოს გავიგებ მიგრძელებენ თუ არა კიდევ ენის კურსების ხანგრძლივობას. არ ვნერვიულობ მაინცდამაინც, მაგრამ საქმის კურსში ჩაგაყენებთ, man.