რა არის ბლოგი კორეის შესახებ ჭიმჯილბანგის გარეშე? ხოდა დადგა დრო ვისაუბროთ კორეულ საუნაზე. ვინც კორეულ დრამებს უყურებთ, ნანახი გექნებათ: ერთნაირ მოხერხებულ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი დასასვენებლად ან დასაძინებლად რაღაც უცნაურ დიდ ოთახებში ზის ან წევს. რა არის ეგ დიდი და უცნაური ოთახი? და საუნა რა შუაშია? თუ ამ პოსტს წაიკითხავთ, გაიგებთ.
კორეული საუნა არის სამოთხე დედამიწაზე. მე ვიყავი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ DRAGON HILL SPA საუნაში, ახლა კი მინდა ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.
ჭიმჯილბანგი შეიძლება 4 განყოფილებად დავყოთ. პირველი, ესაა აუზები, საშხაპეები, საუნები და ყველაფერი, რაც დაბანასთან და განტვირთვასთანაა დაკავშირებული. აუზების რაოდენობა საკმაოდ დიდია. ზოგი არის ჩვეულებრივი საცურაო აუზი, ზოგი სპეციალური “სამკურნალო” წყლით სავსე, ზოგიც უბრალოდ სხვადასხვა ტემპერატურის პატარა ბასეინია. ზოგი ცალ-ცალკე ოთახებშია, ზოგი ხისგანაა გაკეთებული, ზოგი ქვისგან, ზოგიც ღმერთმა უწყის რისგან და ამხელა მრავალფეროვნების გამო აღარ იცი, როგორ აუზში გინდა ჩახტომა.

ჩემი ფავორიტი აუზი იყო ჩვეულებრივი პატარა აუზი, რომელშიც წყლის ტემპერატურა 22 გრადუსი ცელსიუსი აღმოჩნდა. ყველაზე ცივი ეს ჰქონდათ. რომ ვუფიქრდები, რატომ მომეწონა-მეთქი, შეიძლება ჩემი სოფლის მდინარის, გუბაზეულის გავლენაა. გუბაზეულის წყალიც ცივია და შეჩვეული ვარ ცივ წყალს. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ამ აუზს თითქმის არავინ არ ეკარებოდა. ყველა ცხელ-ცხელ აუზებში ნებივრობდა. ძალიან ბევრი ხალხი იყო 44 გრადუსიან აუზში. ჩემთვის კი ეს დუღილის ტოლფასი იყო და ვერ ჩავედი შიგნით წესიერად.
აქვე გვერდით იყო ორი საუნა. პირველში ტემპერატურა 38 გრადუსი იყო, თუმცა იმდენი ორთქლის გადამკიდე მაინც მიჭირდა სუნთქვა. 10 წუთი ამ საუნაში ყოფნის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე გავუძელი გამოცდას და დრო იყო უფრო მაღალი ტემპერატურის საუნა მეცადა. მაგრამ ჰოი საოცრებავ…
შემდეგი საუნა აღმოჩნდა 75 გრადუსი ცელსიუსი. იცით ეს რას ნიშნავს? ეს არის ჯოჯოხეთი ჩემთვის. მარტო კარებს რომ მოვკიდე ხელი, მაშინვე მივხვდი, რომ თუ ჯოჯოხეთში მოვხვდი, ეს საუნა დამხვდება სასჯელად. შიგნით შესვლაზე არც მიფიქრია. ერთმა კორეელმა მითხრა, რომ აქ შესვლა კორეელებსაც უჭირთ და ძირითადად მოხუცები ეტანებიანო, ისინიც სადღაც 5 წუთი ზიან და მერე გამოდიანო. ახლა მივხვდი მაინცდამაინც მოხუცები რატომ დომინირებენ ამ ცხელი საუნის ოთახში. ასაკის მატებასთან ერთად, სიკვდილზე ფიქრიც უფრო ხშირდება და, შესაბამისად, ასაკოვანი ხალხი წინასწარ (ამქვეყანაშივე) იწყებს მზადებას იმქვეყნისათვის. რა იცი რა ხდება და – წინასწარი შემზადება ჯოჯოხეთისთვის იქნება წაგვადგესო, ფიქრობენ მოხუცებული კორეელები (ალბათ).
აუზებში ყურყუტის და “ვინ უფრო დიდხანს შეიკავებს სუნთქვას წყალქვეშ” თამაშების შემდეგ ხალხი იბანს საშხაპეებში და იცვამს სპეციალურ ტანსაცმელს.

თქვენ იფიქრებთ, რა უბედურებაა, უკეთესი სურათი ვერ შეარჩია ტანსაცმლის წარმოსაჩენადო? მაგრამ მე ყველაფერი გათვლილი მაქვს, დამიჯერეთ. სპეციალურად გადავიღე ეს ფოტო, რომ მეჩვენებინა არა მარტო ჭიმჯილბანგის ტანსაცმელი, არამედ იმ ადგილზე ყოფნის და ძილის გვერდითი მოვლენები, რასაც მე ვეძახი ჭიმჯილბანგის მეორე განყოფილებას: საძილე ოთახებს.

აუზების განყოფილება არაა ერთადერთი რამ, რაც ტემპერატურებისდამიხედვით არის დაყოფილი. ასევეა საძილე ოთახები. თუმცა ზოგიერთ მათგანში ისეთი პირობებია, იქ როგორ უნდა დაიძინო, ვერ გამიგია. ოთახებს შორის მხოლოდ ტემპერატურა არაა განსხვავებული. შეგიძლიათ აირჩიოთ, იატაკზე წოლა გინდათ თუ კენჭებზე, გინდათ თქვენს საძილე ადგილს სახურავი ჰქონდეს თუ იყოს ღია სივრცე, სპეციალური “სამკურნალო” ნელსაცხებლებით გაჯერებულ ჰაერიან ოთახში გინდათ დაძინება თუ ჩვეულებრივ, უსუნო ოთახში. მაგრამ უნდა იცოდეთ – არანაირი ლოგინები და საბნები თუ ადიალები და რაღაც მისთანანი! ერთადერთი რბილი, რაზეც დაძინება შეიძლება, ეს მასაჟის სკამია. მაგრამ, მოგეხსენებათ, სკამი სკამია, და თუ სკამზე ვერ იძინებთ, ისევ მყარ იატაკს ან კენჭებს უნდა დაუბრუნდეთ. და აქ დავუბრუნდეთ ჩემს სურათს: ესაა გაღვიძების მომენტი. სურათზე ნათლადაა გამოხატული მყარ ზედაპირზე წოლის შედეგის ორსახოვნება: ერთი მხრივ, ტანჯული სახე, რახან შეუჩვევლობისგან აღარ იცი როგორ ადგე, მეორე მხრივ კი – წელში გამართულობა: მყარ იატაკზე წოლისგან ისე გავიმართე, იმ დღეს აღარ მოვკუზულვარ.

ჩემი ფავორიტი ოთახი აღმოჩნდა ოთახი-საყინულე, რომელშიც ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალი იყო. აქ ხალხს არ ეძინა, თუმცა იყო შეჯიბრებები, ვინ უფრო დიდხანს გაძლებდა ოთახიდან გაუსვლელად.

ჭიმჯილბანგის შემდეგი განყოფილება არის ძალიან უცნაური და არ შევსულვარ შიგნით. ესაა “ზედმეტი კანის მოცილების ოთახი”. იხდი დაახლოებით 20 დოლარს და ზურგზე და ფეხებზე “მკვდარ კანს” გაცლიან. მეთქი რაის მკვდარი კანი, ჯერ 20 წლის ვარ, გამატარეთ აქიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ადგილსაც ძირითადად მოხუცები ეტანებიან. სამწუხაროდ, ჯერ ამ საიდუმლოებებით მოცული ოთახის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ შემიგროვებია. თუ ოდესმე გამოვა “ბუბუ და კორეა: ნაწილი XX – ჭიმჯილბანგი vol.2”, მაშინ შეიძლება ეს ინფორმაცია მოგაწოდოთ. მაგრამ ეჭვი მეპარება – 20 დოლარი 1 ახალი კორეული მუსიკის CDს ტოლფასია.
და მოკლედ დავასრულოთ ჭიმჯილბანგის აუცილებელი განყოფილებით: რესტორნით! აბა რა უნდა იყოს ჭიმჯილბანგი რესტორნის გარეშე? აქ ხალხი მხოლოდ დასაბანად იშვიათად ან საერთოდ არ მოდის, რახან შესვლა დაახლოებით 13 დოლარი ჯდება (13 ათასი ვონი). დროზე არაა შეზღუდვა. ზოგი რამდენიმე დღითაც კი რჩება აქ (მათ მე ჭიმჯილბაგ-ექსტრემალებს ვეძახი) და მიუხედავად იმისა, რომ საჭმლის თან შეტანაზე არაა შეზღუდვა, ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ჭიმჯილბანგის საჭმელი. DRAGON HILL SPAს შემთხვევაში საფირმო საჭმელი არის გამხმარი კალმარი, რომელიც ძალიან მომეწონა. 3900 ვონი გადავიხადე და ვერ დავნაყრდი, თუმცა შიმშილი კი მოვიკალი. ამას გარდა საჭმლის იმხელა არჩევნაია, არაფრით ჩამორჩება კარგ კორეულ რესტორანს. თუმცა საუნაში დაპურებას მაინც სხვა მუღამი აქვს.
ბევრი საინტერესო დეტალია კიდევ კორეულ საუნაში, მაგრამ თუ მათ შესახებ კიდევ გინდათ გაგება, ჩამოდით კორეაში და თვითონ შეიგრძენით ჭიმჯილბანგის განსაკუთრებულობა.

디 엔드
(THE END)
ავტორი: Bubu
-

ბუბუ და კორეა: ნაწილი 20 – კორეული საუნა (ჭიმჯილბანგი)
თქვენ, პატივცემულო ბლოგის მკითხველებო, გეძლევათ ბედნიერება თვალი შეავლოთ ტანსაცმელს, რომელიც ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და გემოვნებისა, აცვია კორეულ საუნაში. მოდელი: სხვა ვინ, თუ არა თვით ამ ბლოგის მწერალი ბუბუ. საძილე ოთახის ერთ-ერთი ნაირსახეობა აი “გაშლილი” ოთახის ნაირსახეობა. თუ ყურადღებას მოიკრებთ და ჩემს ულამაზეს სახეს და მუხლს თვალს მოსწყვეტთ, უკანა ფონზე რაღაც საეჭვო თეთრი მილები რომაა, დაინახავთ. ეგაა ყინულები. რაც უფრო ახლოს ზიხარ ყინულებთან, მით უფრო რთულია ამ ოთახში დარჩენაო, გავიგე. მაგრამ მე სულ 3 წუთამდე თუ ვიყავი ამ ოთახში, ასე რომ ვერანაირი დისკომფორტი ვერ განვიცადე. ჩემს წინ იჯდა 5მდე ბიჭი, კბილს კბილზე აცემინებდნენ და კანკალებდნენ, მაგრამ თვალებში შემართების ნაპერწკლები დავუნახე. არ ვიცი ვინ მოიგო, მაგრამ ყველას წარმატებებს ვუსურვებ Dragon Hill Spa-ს შესასვლელი -

ბუბუ და კორეა: ნაწილი 19 – ბიბიმბაბი (ჩემი საყვარელი კორეული საჭმელი)
დაიწყო შემოდგომაც და ახლა ის პერიოდია, დღე-დღეზე რომ უნდა ჩამერიცხოს სტიპენდია, მაგრამ ჯერ მაინც არ მაქვს. თქვენ წარმოდგინეთ ახლა, რაოდენ რთული და ასევე, სასიამოვნოა ჩემთვის ისეთ გემრიელ რამეზე საუბარი, როგორიცაა ბიბიმბაბი.
რატომ გადავწყვიტე მესაუბრა ბიბიმბაბზე მაინცდამაინც ახლა? თვის დასაწყისსა და შუა ნაწილში თითქმის ყოველ დღე (90%) ვჭამ ბიბიმბაბს. ფასი მერყეობს 4-6 ათას ვონს შორის (დაახლოებით 4-6 დოლარი), ჩემი საყვარელი ბიბიმბაბი კი 5.5 ათასი ვონი ღირს. ამიტომ თვის ბოლოს მაინცდამაინც ვერ ვეტანები ხოლმე. მაგალითად, ახლა 20 ათასი ვონი დამრჩა დაახლოებით, თან არ ვიცი ზუსტად, როდის ჩამირიცხავენ სტიპენდიას, რა იცი რა ხდება? ათასი რამ შეიძლება მოხდეს. ესაა ე.წ. “შავი დღისთვის” გადანახული ფული. ხოდა ჭამით თუ არა ვჭამ, დავწერო მაინც ამ რჩეულთა კერძის შესახებ. ბიბიმბაბის გამოა, აქამდე ბევრი კორეული საჭმელი რომ გაუსინჯავი დამრჩა. მენიუში თუ ბიბიმბაბი არის, ყველაფერი სხვა მავიწყდება.
პ.ს. ეს შესავალი რამდენიმე დღის წინ დავწერე და მაქვს ბედნიერება გამცნოთ ოჯახის წევრებს რომ შიმშილი დავასრულე ^_^ (party) ისე ზედმეტად სერიოზულ ხალხს (ბებო, შენ) გეუბნებით, რომ არ ვშიმშილობ, ისე კარგად ვჭამ, დიდ სეჯონგს შეშურდებოდა.

ბიბიმბაბი
მოკლედ ძალიან ბევრნაირი ბიბიმბაბი არსებობს, მაგრამ ამ პოსტში ვეცდები თავი არ შეგაწყინოთ და მარტო 2 სახეობის შესახებ მოვყვები, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მიყვარს. :ტირანი:
ესე იგი, პირველი არის ჩვეულებრივი ბიბიმბაბი, რომელსაც ზემოთა სურათზე ხედავთ. ინგრედიენტები სულ სხვადასხვაა და ასე ზუსტად გაწერილი რეცეპტი არ არსებობს. მაგრამ ძირითადად რაც მაქვს ბიბიმბაბებში შემჩნეული, ესაა ბრინჯი (აუცილებლად) კვერცხი (შემწვარი ან მარტო გული (შეუწვავი)), ქონგნამული (Bean sprout, არ ვიცი ქართულად რა დავუძახო), კიმი (კიმჯაბანი – kimjaban) აქვს ხოლმე დროგამოშვებით. წარმოუდგენელია ბიბიმბაბი სპეციალური საწებლის, გოჩუჯანის გარეშე. ეს საწებელიც სულ განსხვავებულია ხოლმე ადგილების მიხედვით და ბიბიმბაბს ცოტაოდენ სიცხარეს ანიჭებს, მაგრამ ამ ბოლო დროს მაგ სიცხარეს სულ ვეღარ ვგრძნობ. ხადახან ბიბიმბაბში კიტრსაც დებენ, ძროხის ხორციც არის ხოლმე ალაგ-ალაგ, სოკო, სტაფილო, სალათის ფურცლებიც და ა.შ. მოკლედ იმდენი რამეა შიგნით, დედა შვილს არ აიყვანს ხელში (wut).
ამდენი სხვადასხვა რამეა გამოყენებული იმ იდეალური და რჩეულთა წილხვედრი კერძის მოსამზადებლად, რომელსაც ბიბიმბაბი ჰქვია.

აი ინგრედიენტების მაგალითი (ბრინჯის, გოჩუჯანის (საწებელს ჰქვია), კვერცხის გარეშე
მაგრამ ჩვენი მსჯელობა კიდევ ერთ პრობლემას წამოჭრის, მეგობრებო! (ბოდიშით ხალხო, რაღაც დებატებთან დაკავშირებულ ვიდეოს ვუყურე ცოტა ხნის წინ). რატომ ჰქვია მაინცდამაინც “ბიბიმბაბი” და არა, მაგალითად, INSERT_NAME_HERE? იმიტომ, პატივცემულო მკითხველო, რომ სიტყვა ბიბიმბაბი (bibimbab, 비빔밥) არეულ საჭმელს ნიშნავს: 비빔 – არევა, 밥 – ბრინჯი, საჭმელი. ბრინჯი და საჭმელი ერთი და იმავე სიტყვა რომაა, არაა გასაკვირი. ჩვენთან თუ პურ-მარილია საქეიფო სიტყვა, აქ – ბრინჯ-მარილი იქნებოდა. პური აქაურ საჭმელს არ უხდება კი არა, ცალკეც კი ჭამენ საერთოდ, ხადახან (უკვე მეც ცალკე დელიკატესად ვჭამ პურსა).
მოიცა, მოიცა, მოიცა. ნუ მიბნევ გონებას მაგ შენი ბრინჯ-პურ-მარილითო, იტყვის ბებოია. რომ ამბობდი ბიბიმ (비빔) არევას ნიშნავსო, რაის არევაზე გაქვს ლაპარაკიო? მოიცა ბებოია, დამამთავრებინე სათქმელი. მეც კი მიჭირს აზრის დალაგება, ყველაფერი ერთად მინდა ვთქვა, მაგრამ არ გამოდის ასე. ერთი წინადადება ვერ გითქვამს ისე, რომ არ გაგკიცხონ, ისეთ დროში ვცხოვრობთ.

ასე ჩაპიწკინებულად დალაგებულ ინგრედიენტებს რომ უყურებთ სურათზე, ჯერ უნდა არიოთ და მერე ეს არეული გემრიელად შეახრამუნოთ. მე მინახავს ადამიანები, სილამაზის გულისთვის არ ურევენ და ისე თითო-თითოდ ჭამენ ინგრედიენტებს. მეთქი ძამია, თუ ბიბიმბაბი არ გინდოდა, გეყიდა ცალკე სტაფილო, ცალკე სოკო, ცალკე კვერცხი შეგეწვა, გიშლიდა ვინმე? უნდა აურიოთ. მესმის, თავიდან იფიქრებთ, რომ ინგრედიენტთა ასეთი ჰარმონიის დარღვევა დანაშაულია, მაგრამ წესრიგი ქაოსშიაო, ხომ გაგიგიათ. უნდა აურიოთ. აურიეთ კარგად და ისე შეჭამეთ, თორემ ჩემით მოვალ და აგირევთ ბიბიმბაბს. არ შეიძლება რა, ასეთი შანსის ხელიდან გაშვება. არ არევა და ისე ჭამა იგივეა, რაც ბიბიმბაბზე უარის თქმა! ესაა ბიბიმბაბის უარყოფა!
რაღა ბევრი გავაგრძელოთ და მეორე ბიბიმბაბი არის სუპერ-ულტრა-დელუქს-ტრიდე ჩემი უსაყვარლესი ბიბიმბაბის ნაირსახეობა, რომელსაც ჰქვია დოლსოტ ბიბიმბაბი – 돌솥비빔밥. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ბიბიმბაბს დებენ გახურებულ ჯამში, სულ ცოტა ხანი წვავენ (ცხადია, არევის გარეშე) და გახურებულჯამიანად მოაქვთ თქვენთან. დოლსოტ ბიბიმბაბი არის საოცრება. ძირითადად ცივ ამინდებში იციან ხოლმე ჭამა, რომ ადვილად გათბნენ, მაგრამ პაპანაქება სიცხეში ისე კარგად მივირთმევდი, თქვენი მოწონებული.

აი დოლსოტ ბიბიმბაბი. ყველაზე მეტად მიყვარს, როცა ჩვეულზე უფრო დიდხანს წვავენ ხოლმე. აი შეხედეთ შუაში რომაა, იმ სურათს. ასე მაინც უნდა აურიოთ, ქაოსმა უნდა დაისადგუროს და შემდეგ კარგად მოასუფთაოთ ჯამი. წარმოიდგინეთ, რომ ბებიასთან ხართ სტუმრად. ასეთი საჭმლის დატოვება ცოდვაა.
კორეაში მთავარ კერძთან ერთად ბევრ დასაყოლებლებსაც მიირთმევენ, არც ბიბიმბაბია გამონაკლისი. ალაგ-ალაგ კაი კიმჩის, კაი-კაი მოცხარო კიტრის და დამატებითი ქონგნამულის მიყოლება და ეგაა. არ დააყოლოთ გაზიანი სასმელები ან წვენები და ეგეთი ეშმაკის მანქანები! დააყოლეთ მხოლოდ წყალი. მხოლოდ ასე შეიგრძნობთ ნამდვილ ბიბიმბაბს. ამიტომაა, კორეულ პატარა რესტორანში რომ შეხვალ, კოკა-კოლა არ უნდა შეუკვეთო. და საერთოდ, სასმელის შეკვეთა არ შეიძლება ხოლმე. ალკოჰოლი შეიძლება დაგხვდეთ. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, ბიბიმბაბს და, განსაკუთრებით, დოლსოტ ბიბიმბაბს, არ დააყოლოთ ალკოჰოლი. ასიამოვნეთ თქვენს თავს.
დიდი სურვილი მაქვს რომ მეტმა ქართველმა შეძლოს ბიბიმბაბის დაგემოვნება. ასე უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩემს გაგებას. პირველ რიგში, ოჯახის წევრებზე მინდა ვიზრუნო და რამენაირად ვისწავლო ამ კერძის მომზადება მაინც. იმედია ვისწავლი, თორემ ბიბიმბაბი უკვე ჩემი ნაწილი გახდა და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.
პ.ს. არ ვიცი, რამდენად კარგი იდეაა კორეულ სამზარეულოზე აცენტის გაკეთება ამ ბლოგში, ამიტომ ძალიან ხშირ-ხშირადაც ნუ დაელოდებით. მე მართლა რაც გულში ცეცხლს მინთებს, იმაზე ვწერ ხოლმე. ამიტომაა რომ რაიმე თანმიმდევრობას თუ ფორმულას არ მიყვება ჩემი ბლოგი. ზოგი იტყოდა, რომ სხვადასხვა თემების *cough*აჯაფსანდალი*cough* გამომივიდა ეს ბლოგი, მაგრამ ჩემი ლექსიკით ამის ცოტა სხვანაირად თქმა შეიძლება. -

ბუბუ და კორეა: ნაწილი 18: YG FAMILY-ს კონცერტზე (aka ოცნებები ხდება)
ხვალ ფინალურები მეწყება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა დამეწერა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღის შესახებ.
სანამ კორეულის სწავლას დავიწყებდი და რაც დავიწყე, მას შემდეგაც სულ მინდოდა 2NE1-ს კონცერტის ნახვა და აუხდენელ ოცნებად ვთვლიდი. მაგრამ როცა გავიგე, რომ კორეაში მოვდიოდი, გულში ათასი იმედი გამეფურჩქნა. რას წარმოვიდგენდი, რომ 2NE1ს ვნახავდი კი არა, ჩემი ამქვეყნად უსაყვარლესი კომპანიის ყ ვ ე ლ ა ჩემთვის საყვარელ და სათაყვანებელ შემსრულებელს ვიხილავდი? ბილეთი ხელში რომ დავიჭირე მაშინაც არ მჯეროდა და მარტო მაშინ გავითავისე, ჩემი თვალით როცა ვიხილე (ვინმეს ხომ არ გაგონებთ?). ახლა ვცდილობ გამოვხატო ის შეგრძნება რაც კონცერტის მოგონებისას მიჩნდება, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. კონცერტის დროს როგორ ვიყავი მაგის თქმაც ძალიან მჭირს. დაახლოებით ასე: ფიზიკურად მკვდარი და სულიერად ამაღლებული. მოკლედ ემოციების გამოხატვა არ გამომდის და ფაქტებს მოგახსენებთ.

ინტერნეტიდან გავიგე, რომ ვისაც კონცერტის ბილეთი ჰქონდა, შეეძლო YG FAMILYს რეპეტიციასაც დასწრებოდა. რაღაც აპლიკაცია შევავსე და სეულის ოლიმპიურ სტადიონთან გავჩნდი სულ მალე. დაახლოებით 1200 კაცი იქნებოდა თავმოყრილი. ორსაათნახევრიანი ლოდინის შემდეგ უკვე მალე უნდა დაგვეწყო შესვლა, რომ შიგნიდან უკვე გაისმა 2NE1-ს რეპეტიციის ხმა. უჰ რა დამბურძგლაა :D შორს ძალიან კარგად ვერ ვხედავ, მაგრამ რაღაც წერტილი დავინახე გისოსებს მიღმა და ეგრევე ვიცანი დარა ^_^ ცოტა ხანში სტადიონზე შესვლაც დავიწყეთ. პირველი TABLO ვიხილეთ და ამას მოყვა მთელი სერია EPIK HIGH-ს შესრულებებისა. EPIK HIGH ძალიან მიყვარს. მაგრამ როცა ვამბობ, რომ 2NE1ს ყველაზე დიდი ფანი ვარ, ნიშნავს, რომ ყველაფერი სხვა მავიწყდება, როცა საქმე 2NE1ს ეხება. გამოვიდნენ… გამოანათეს, რასაც ქვია და პირი დავაღე, გამოვშტერდი. შეასრულეს Go Away და ისეთი შეგრძნება მქონდა (ალბათ ყველას ასეთი შეგრძნება ჰქონდა), რომ თვალებში მიყურებდნენ და დავდნი ღორის ქონივითა. მეთქი ჰა, მომკალით აწი, აღარაფერი დამრჩა სანანებელი თქო (sry ბებოია :(( :D). მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ნამდვილი ზეიმი იყო და იმხელა მოლოდინის ტალღამ დამარტყა, გადავყირავდი ლამის.

რეპეტიციაზე დასწრების უფლებამოპოვებული 1200 იღბლიანი (მათ შორის მეც)
სახლში სანამ დავბრუნდი, მაღაზიაში შევიარე და სასუსნავი ვიყიდე მომავალი დღისთვის. მეთქი წავალ დილით პირველივე მატარებელზე, (რომელიც 5:30ზე მოვიდა) იქნებ პირველ-მეორე-მესამე-მეოთხე რიგში მოვხვდე-მეთქი, მაგრამ გულმა “ჭაჭაააანგ” ჰქმნა, როდესაც ვიხილე სიდიდე რიგისა მისა. 10-15 წუთი მოვუნდი რიგის ბოლოში მისვლას და თავიდან დავდექი, შემდეგ დავჯექი და ბოლოს დავწექი. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დავაგვიანე: ხალხი წინა დღის დილიდან იკავებდა რიგს და ღამე გარეთ გაათიეს. ესეც კარგი გამოცდილება და თქვენც იცოდეთ: როცა ისეთი პოპულარული კომპანიის კონცერტზე მიდიხართ, როგორიც YG-ა, კონცერტზე 12 საათით ადრე მისვლა არაფერს არ ნიშნავს. მიდით 36 საათით ადრე. შემდეგისთვის გავითვალისწინებ.

ეს სურათი მიკის FBდან მოვიპარე, არ გამთქვათ
რიგში დგომა საკმაოდ დამღლელი იყო და ძალიან რთული, მაგრამ იქვე გავიცანი ერთი იაპონელი ფანი და მასთან საუბარში უფრო სწრაფად გავიდა დრო ^_^ ამ გოგოს მიკი ერქვა და თან ჰქონდა წამოღებული დიიიიდი ჩემოდანი. ინტერვიუც კი ჩამოართვეს ამ ჩემოდანის შესახებ, რათ გინდა კონცერტზე რომ მიგაქვსო. იქვე YGს სხვადასხვა ნივთები იყიდებოდა და ამგენის ყიდვას ვაპირებო. ძალიან ბევრი იქნება და ამ ჩემოდანშიც შეიძლება არ ჩაეტიოსო. მეც დიიიდი სიამოვნებით ვიყიდდი 2NE1ს მაიკებს, სტიკერებს და ათასგვარ აქსესუარებს მაგრამ იცით რა ცეცხლის ფასები ადევს? :D მაიკა ყველაზე იაფი 31 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი შემდეგი თვის სტიპენდიას ავიღებ, ვიყიდი. გავკოტრდები, მაგრამ ვიყიდი. არ შევჭამ და ვიყიდი!

2NE1 – Missing youს ეს მაიკა 38 დოლარი ღირს. სიღარიბე Here I come
საერთოდ, ეს მარტო YGს კონცერტი არ ყოფილა. ესაა ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც ჰქვია AIA: REAL LIFE NOW FESTIVAL და უამრავი შემსრულებელი გამოდის. ფესტივალი 2 დღე გრძელდება, თუმცა მე მარტო 1 დღის ბილეთის შოვნა შევძელი. პირველ დღეს გამოვიდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ROCK’N ROLL RADIO, twenty one pilots, miss nine, sidney samson. სიმართლე გითხრათ გარტყმაში არ ვიყავი ვინ ვინ იყო აქედან, ასევე გარტყმაში არ იყო დანარჩენი ხალხიც, გარდა twenty one pilotsისა, რომელთა რამდენიმე ათეული გულშემატკივარიც შევნიშნე. ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხზე იდგა ერთ ადგილას, რომ კარგი ადგილი არ დაეკარგა და სცენასთან შედარებით ახლოს ყოფილიყო YGს შემსრულებლების სანახავად. თან ძალიან ცხელოდა და ფიზიკურად ბევრს გაუჭირდა, თუმცა ადგილს არავინ თმობდა. ერთ გოგონას ჩემს წინ გული წაუვიდა დაღლილობის გამო :( ხალხის მესმის, როცა ყველას (განსაკუთრებით კი miss nineსა და sidney samson-ს) უგულისყუროდ მოუსმინეს და ტაშიც მაინცდამაინც არ გამიგია. ერთი სული მქონდა დაესრულებინათ თავიანთი გამოსვლა და ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობდა, რახან აქა-იქ მესმოდა ამოხვნეშებები. და მოვიდა 18:30 საათიც. უცებ აურა შემოტრიალდა სტადიონზე როგორ, იცით? არა. და ეკრანზე ჩაირთო BIGBANG-ის FANTASTIC BABY ვიდეო. აი მაშინ დასჭექეს ფანებმა ისეთი, გული გამისკდა, რახან მართლა არ ველოდი ასეთ უცაბედ ცვლილებას (უჰ, რა ნობი ვყოფილვარ კონცერტების ამგავში). მაგრამ ეს არაფერია იმ კივილთან, 2NE1ს გამოსვლისას რომ გაისმა და რომელშიც მე დიდი წვლილი შევიტანე :D
სანამ გამოვიდოდნენ, ვფიქრობდი, მეთქი, ასეთი დაღლილი და ფიზიკურად აღარაფერი არ ვარ, ნუთუ შევძლებ და ბოლომდე შევირგებ კონცერტს, რომელიც 4 საათი გაგრძელდება კიდევ? მაგრამ როგორც კი პირველი ნოტი გავიგე სიმღერისა CRUSH, გავგიჟდ-გადავირიე, გასამოძრავებელი ადგილი არ იყო მაგრამ მაინც ვიცეკვე და ვიხტუნე, 7 ლიტრი ოფლი ვღვარე და ხმა ისე ჩავიწყვიტე, დედადია ვერ გაარჩევდა ჩემს ხმას მოხუცებული კაცის ბოხი ხმისგან.

you can kill me now
შემდეგ გამოვიდნენ აკმუ, ბიგბენგი, საი, იჰაი, winnerი, თიმ ბი ანუ ყველა YG-ს წევრი გარდა Se7enისა. სევენის შემოქმედებას არ ვიცნობ და ამიტომ არ დამწყვეტია გული. სოლო სიმღერებიც ბლომად იყო. კონცერტის რაღაც მომენტში სხვათაშორის ვინატრე, რომ ნეტავ არასდროს არ დამთავრდეს-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ დამთავრდა, ისევე როგორ ყველაფერი ამქვეყნად… ყველაფერი წარმავალია… ამაოება ამაოებაა… ეკლესიასტე…
(უხერხული ხველება) ხოდა სიმღერებს შორის ხადახან იყო შესვენებები და სწორედ ამ დროს ვხვდებოდი, როგორ სასწაულად მწყუროდა, რახან არაფერი დამელია რამდენიმე საათის განმავლობაში და მაშინ გავიგე, რამდენად რთულია უწყლობა. ძალიან რთულია. კინაღამ ხელი ჩავიქნიე ჩემს ადგილზე, რომ შემდეგი სიმღერა დაიწყო და ეგრევე გადამავიწყდა წყალი კი არა საერთოდ ჩემი “მე” რა იყო, არ ვიცოდი. მაგრამ აი ამ შესვენებების დროს მართლა რთული იყო.

რაც ცოტა გამიკვირდა, ისაა, რომ თითქმის ყველას, 80 პროცენტს მაინც ხელში ეჭირა ბიგბენგის “გვირგვინიანი ჯოხი” ( არ ვიცი რა დავარქვა ქართულად. რამე სახელი აქვს?) და ძალიან ცოტას ჩემნაირად – 2NE1ის ფრთებიანი გული. მემგონი WINNERის ახალი მანათობელი ჯოხი უფრო ბევრს ეკავა, ვიდრე 2NE1ისა. ამასთან დაკავშირებით შერეული ემოციები მაქვს: ცოტა გული დამწყდა, რახან მეტ 2NE1ს ფანებს, ანუ BlackJackების წილს ველოდი დამსწრეებში, მაგრამ იმ მხრივ გამიხარდა, რომ 2NE1ს სიმღერების დროს სხვები იმდენად არ გიჟობდნენ და მე რომ ავიწყვიტე ხალხი ცოტათი ჩამომეცალა გვერდებიდან. ასე ვიცეკვე 2NE1ის Can’t Nobody ^_^ კიდევ ერთი ბოროტული მიზეზის გამო გამიხარდა ცოტათი: რაც ნაკლებია ფანების რაოდენობა, მით მეტია ავტოგრაფის შოვნის შესაძლებლობა. ვიცი, რომ ალბათ ვერასდროს ვიშოვი 2NE1ის წევრების ავტოგრაფებს, მაგრამ ასე არ ვფიქრობდი კონცერტზე წასვლაზეც? ამიტომაც გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა :D

წითელი წრით აღნიშნულ ადგილას ვიდექი მე დაახლოებით.
და ბოლოს, უნდა ავღნიშნო: ბიგბენგის ფანები არიან გიჟები, გადარეულები! სასწაულად ერთგულნი და თავდადებულნი არიან თავიანთი საყვარელი ჯგუფისთვის. ყველა ჯგუფს ჰყავს ასეთი ფანები, მაგრამ ბიგბენგის შემთხვევაში ამდენი ასეთი ფანი ერთად რომ ვნახე თავმოყრილი, ძალიან გამიხარდა. რიგში დგომისას მესმოდა დებატებები: ~ თუ ბიგბენგის ნამდვილი ფანი ხარ, როგორ შეიძლება მათი “გვირგვინიანი ჯოხი” არ გქონდეს ~ ან ~ ნამდვილი ფანი რიგს არაფრით არ დაარღვევს ~ და მსგავსი ფრაზები. რიგში დრომა ძალიან რთული იყო და მინდა ავღნიშნო, რომ ყველა აზიელი გარეგნობის ადამიანი მოთმინებით იტანდა ამას. მაგრამ გული დამწყდა, როცა უცხოელები მზაკვრული ხერხებით ცდილობდნენ რიგის წინა ადგილებში ჩადგომას, მაშინ, როცა 15 საათის განმავლობაში იცდიდა ზოგი. საქართველოში იმხელა დატვირთვა არ აქვს რიგში დგომას, კორეაში კი ძალიან მნიშვნელოვანია.

^_^ და აი YG-ს ოჯახის წევრთა ნაწილიც! ^_^
მოკლედ რაღა გავაგრძელო და შემდეგზეც აუცილებლად წავალ YGს კონცერტზე, თუ კორეაში ვიქნები. ამჟამად – 1 დღით ან უფრო ადრე!
პ.ს. ვიდეოების გადაღება შევძელი და FBს ჩვენს გვერდზე ავტვირთავ ნელნელა. -

ბუბუ და კორეა: ნაწილი 17 – ერთი ჩვეულებრივი დღე
მოდით მოგიყვებით ჩემი ჩვეულებრივი სასწავლო დღე როგორია. შეიძლება არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ მინდა რომ მოგიყვეთ და რა ვქნა :D
1) ძლივძლივობით გადმოვგორდები ხოლმე დილის 8:15ზე საწოლის პირველი სართულიდან (წინა სემესტრში მეორე სართულზე მეძინა, მაგრამ ოთახელი შემეცვალა და სანამ ახალ ოთახელს შემოიყვანდნენ, დრო ვიხელთე და პირველ სართულზე გადავბარგდი. კიდევ კარგი, თორემ ოთახის ჭერი საკმაოდ დაბალია და მეორე სართულზე უცებ რომ წამოვვარდნილიყავი ღამით ერთი კაი მოზრდილი სინიაკი დამაჯდებოდა შუბლზე. ჩემი ოთახელი ჩემზე დაბალია და ეს პრობლემა არ აქვს).
2) ვესალმები ჩემს ოთახელს (რომელიც ჩემთან შედარებით 72 საათით ადრე იღვიძებს ხოლმე და არის ტაივანელი. წინაზე ჩეხი ოთახელი მყავდა. არც ერთი არ ხვრინავ((და)/ს), რის გამოც ყოველთვის კარგად გამოძინებული ვარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თვალებს ქვეშ დიდი შვიდ-შვიდ კილოიანი ჩანთები მკიდია.
3) ვეშვები საერთო საცხოვრებლის კაფეტერიაში, სადაც ვჭამ ათასგვარ (?) ბრინჯს და კიმჩის, ბოსტნეულს, ხორცს… ამ ბოლო დროს დიდი დოზითაა ხილი (აქ ხილის დიდი დოზა ნიშნავს რომ ცოტა არის), რითაც კმაყოფილი ვარ. მაგალითად, დღეს საზამთრო იყო, გუშინ ბანანი და თითქმის დღეგამოშვებითაა რაღაც მაიონეზისმაგვარ სითხეში ამოვლებული ვაშლი ან სიმინდი. მეთქი რატომ ასხვათ ამ გემრიელობას ამ არაგემრიელობას (შენიშვნა: ხილია გემრიელობაა)? კიდევ კარგი, მახლობლად არის ონკანი, სადაც ხელის მარტივი მოძრაობით შეგიძლიათ წყალი გადაავლოთ ხილს და განწმინდოთ დაწყევლილი სითხისგან.

არუპეს შენობა
4) მივეშურები შენობისკენ, რომელსაც ჰქვია არუპე (아루페관). ჩემი საერთო საცხოვრებლიდან 5 წუთის სავალია. ამ შენობის მეცხე სართულზე ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა) ვატარებ 4 საათს ^_^. დღე წერის გაკვეთილით იწყება. წერის გაკვეთილი ყველაზე მეტად მიყვარს, რახან ძირითადად ჩემთვის განსახილველად სასიამოვნო თემები მოდის ხოლმე. ამას გარდა, ესაა ერთადერთი გაკვეთილი, სადაც იმ სისწრაფით შეგიძლია წერო, რა სისწრაფითაც გინდა და შეგიძლია. სხვა გაკვეთილების დროს საჭიროა სხვებთან ურთიერთობა. მე წერისას ძალიან ბევრ შეცდომას ვუშვებ, და კალიგრაფიაც არაა ჩემი ძლიერი მხარე, მაგრამ ისეთი სისწრაფით ვწერ, რომ დავიწყებ, კაცი არაა ჩემი გამჩერებელი.

ჩემი ერთ-ერთი თემა, სადაც მაინცდამაინც ბევრი შეცდომა არ დამიშვია და ამიტომაც გამომაქვს სააშკარაოზე. ძირითადად ასეთი კალიგრაფია მაქვს, ანუ წაკითხვადია. მაგრამ როცა ძალიან დიდი სისწრაფეა საჭირო (მაგალითად მოსმენის დროს ჩანიშვნა სიტყვა-სიტყვით), მაშინ მხოლოდ მე შემიძლია ჩემი ნაწერის წაკითხვა. კორეაში ამას ეძახიან ფეხით წერას (ხუმრობით). გამოთქმაც არის, რომ გენიოსები გაკრული ხელით წერენო: “천재는 악필이다”, დაილოცოს ამ გამოთქმის გამომგონებელი.უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მასწავლებლების სახელები არ ვიცი არც მე არც სხვა ჯგუფელებმა. ვეძახით, როგორც “კითხვის მასწავლებელი” (읽기 선생님), “წერის მასწავლებელი (쓰기 선생님),” “ლაპარაკის მასწავლებელი” (말하기 선생님). ერთადერთი მასწავლებლის სახელი ვიცი, რომელიც წინა სემესტრში მასწავლიდა. სადღაც 40 წლის იმ მასწავლებელი (იმ გვარია, ინგლისურად ითქმება როგორც ლიმ. იგივე სიტუაციაა გვარ “ლი”-სთან დაკავშირებით. სინამდვილეში ეგ გვარი უბრალოდ “ი”-ა). ეს იმიტომ, რომ იმ მასწავლებელი ყველაზე პოპულარული კორეულის მასწავლებელია მთელს სოგანგის უნივერსიტეტში. ახლაც მიკვირს, ფანკლუბი რატომ არ არსებობს. კორეელი მოსწავლეები რომ ყოფილიყვნენ ასეთ ენის კურსებზე და იმ (ან ლიმ) მასწავლებელს მათთვის ესწავლებინა, დამიჯერეთ, ფანკლუბიც იქნებოდა და ოფიციალური ფანკლუბის წევრების სახელიც.
აქვე დავამატებ შემდეგ აღიარებას: მიუხედავად ამისა რომ მეხუთე თვე იქნება რაც კორეაში ვარ, კორეელების სახელებს მაინც ვერ ვიმახსოვრებ. ადრე მითხრეს, მალე შეეჩვევიო, მაგრამ მე კორეული პოპის შემსრულებლების სახელები მამახსოვრდება მხოლოდ ㅠㅠ. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად მაინც უცხოელებთან (არაკორეელებთან) მაქვს ურთიერთობა.

დაბადების დღეებზე ტორტი გვაქვს, მაგრად უხვად-მეთქი, ვერ ვიტყვი. აქაური ტორტები საქართველოსას არა ჰგავს. კია ძააალიან გემრიელი, მაგრამ ძალიან პატარაა. აი ძალიან. ნუ რათქმაუნდა ძვირიც. არც მინდა წარმოვიდგინო საქართველოს 40 ლარიანი დიდი ტორტი აქ რამდენი ათასი ვონი ეღირება.
5) წერის შემდეგ 2 საათი გვაქვს საუბრის გაკვეთილი. ამ დროს ვისმენთ რაიმეს, ვხსნით ერთ ან ორ ახალ გრამატიკას და შემდეგ ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ. მასწავლებელი ირჩევს თემას და ჩვენც “სწორედ იმ თემის ირგვლივ” (:თვალისჩაკვრა:) ვსაუბრობთ. სოგანგი ცნობილია აქცენტის გაკეთებით საუბარზე. ამიტომაა რომ ენა დამიგრძელდა ამ ბოლო დროს. ზოგი უნივერსიტეტის პროგრამა ისეთია, მაგალითად, ტოპიკის გამოცდისთვის (TOPIK) მოგამზადებს ხოშიანად, თუმცა საუბარში თავს მაინცდამაინც ვერ წარმოაჩენ. ზოგი სულ გრამატიკასა და ახალი სიტყვების დაზუთხვაზეა გაწერილი და ა.შ. მოკლედ ყველა ირჩევს იმ უნივერსიტეტს, რომელიც აწყობს (ცხადია, ჩვენი, კორეის ფონდის სტუდენტების გარდა, რომელთაც სოგანგის გარდა სხვაგან არ შეუძლიათ ენის კურსებზე სწავლა). სწავლა სანამ დამთავრდება კორეულში ენა ისე უნდა დავიგრძელო კისერზე შემეძლოს შემოხვევა. მაშ?
6) ბოლო ერთი საათი არის კითხვის. ხშირადაა ხოლმე საინტერესო თემები არჩეული. მაგალითად, ძველი კორეული ლეგენდები, ზღაპრები, უცხოელები, რომლებმაც კორეელებივით მაგრად დაამუღამეს კორეული, კორეული ტრადიციული თამაშები და ა.შ. მაგრამ გაკვეთილი არასდროსაა ჩვეულებრივი ან მოსაწყენი, რაც არ უნდა დაღლილი იყო. მაგალითად, ტრადიციული თანმაშების თემის დროს ჩვენც კი, ჩვენს არც თუ ისე დიდ აუდიტორიაში, ვითამაშეთ კორეული დაჭერობანა (“얼음 땡” – ორუმ ტენგი), ზღაპრების გაკვეთილის დროს ყველამ ჩვენ-ჩვენი ქვეყნის ზღაპარი მოვყევით, ლექსების გაკვეთილის დროს ჩვენ-ჩვენი ლექსები დავწერეთ (რა თქმა უნდა კორეულად). მოკლედ კორეულის გაკვეთილის დროს მოსაწყენად არავის არ სცალია. ყოველ დღე ასე მიმიხარია ხოლმე გაკვეთილის დაწყებისკენ.
ხანდახან დავალებად გვაძლევენ გავაკეთოთ პრეზენტაცია იმ თემაზე, რომელზეც გაგვიხარდება. ამას წინათ გავაკეთე 10 წუთიანი პრეზენტაცია ქართული სახლების (შენობების) შესახებ და განვიხილე ოდა, სვანური კოშკები, შატილი, მუცო და ა.შ. იმის წინ Death Note-ს შესახებ გავაკეთე პრეზენტაცია, კიდევ იმის წინ – 2NE1-ს შესახებ. ამ პატარ-პატარა პროექტების გაკეთებაც ძალიან მსიამოვნებს.
7) გაკვეთილების შემდეგ ხანდახან, პარასკევობით მაქვს ხოლმე კორეული მუსიკის გაკვეთილი, სადაც ახალგამოსულ სიმღერების ტექსტებს ვარჩევთ ხოლმე. ოღონდ ცხადია არა ისეთებს, ნახევარი ტექსტი ინგლისური რომ აქვთ. მერე ჩვენ თვითონ ვმღერით. განსაკუთრებით გვიჭირს რეპი :D ამას წინათ ეს სიმღერა გავარჩიეთ:
8) როცა დავბრუნდები ხოლმე საერთო საცხოვრებელში, სამეცადინო კარგა ბლომად მაქვს. ჯგუფელები არასდროს არ ვეკითხებით ერთმანეთს: “ყველაფერი მოასწარი?” რადგან რაც არ უნდა ბევრი ისწავლო, რაღაც მაინც გამოგრჩება. აქ სიტყვები გინდაო, იქით გრამატიკაო, იქით გამონაკლისებიო, იქით წერითი დავალებაო, იქით სახლში გამოთქმაზე ვარჯიშიო… ეს ყველაფერი მისახედია გენაცვალე, აბა როგორ გინდა.

მემგონი ეს სურათი ჰონგდეზეა გადაღებული. რა არის ჰონგდე?
9) როცა საღამო მოახლოვდება და სამეცადინოს “ვასრულებთ” ჯგუფელები ხანდახან გავდივართ მახლობლად მდებარე უბან ჰონგდეზე (홍대) ან სადმე ახლომახლო. აქაა უამრავი კარაოკე ბარი და სამხრეთ კორეა კიდევ კარაოკე ბარების მამაა. ასევე აქვეა ძალიან ბევრი ბარი (술집), რომელიც კორეელთა კულტურის დიდი ნაწილია. დალევა კორეელების ცხოვრებაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს. ხანდახან სავალდებულოც კია. მე კარგი მსმელი ვერა ვარ, მაგრამ მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი აღმოჩენა – მაკოლი (막걸리). ესაა მსუბუქი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ძალიან გემრიელია. უგემრიელესი. უჰ, ძალიან კარგი რამეა და ძალიან ცნობილიც. ამიტომ იმავე ჰონგდეზე (홍대) მრავლადაა მაკოლის ბარები. კორეაში თუ ჩამოხვალთ, ერთხელ მაინც აუცილებლად შეიარეთ, გირჩევთ.

სხვადასხვა სახეობის მაკოლი. თუ ვინმეს ჯეჯუდოს კუნძულზე ჩასვლის ბედნიერება გხვდათ წილად, გასინჯეთ იქაური მაკოლიც. ჩემთვის ყველა რეგიონის მაკოლი ერთია, მაგრამ ჯეჯუდოს მაკოლი განსაკუთრებულიაო, ამბობენ.
სიახლე: 8-9 აგვისტოს გავიგებ მიგრძელებენ თუ არა კიდევ ენის კურსების ხანგრძლივობას. არ ვნერვიულობ მაინცდამაინც, მაგრამ საქმის კურსში ჩაგაყენებთ, man. -

ბუბუ და კორეა: ნაწილი 16 – სეულის სუნი/ტუალეტები
მემგონი ცოტა უფრო მეტი დრო გავიდა იმასთან შედარებით, რამდენ ხანში ერთხელაც ვწერ ხოლმე ახალ პოსტს და, მეთქი, დროა ამას წერტილი დაესვას. სულ მაქვს ხოლმე პატარ-პატარა იდეები მაგრამ ცალკე პოსტს არ ვუთმობ ხოლმე. ხოდა ეს თემა არ იქნება დიდი და ძალიან ინფორმატიული, მაგრამ იქნებ ზოგისთვის საინტერესო აღმოჩნდეს.
უკვე რამდენი ხანია სეულში ვარ, ხომ იქნება 4 თვე? იქნება. ხოდა სულ ვგრძნობ ხოლმე ცუდ სუნს ქალაქში. ხადახან ფანჯარასაც არ ვაღებ იმის გამო, რომ ცუდი სუნია. ეს ცუდი სუნი პირველ რიგში გამოიხატება კანალიზაციის სუნით, რომელსაც ვერსად გაექცევი. აღსანიშნავია, რომ საკანალიზაციო სისტემა არაა მთელად მოწესრიგებული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა ტექნოლოგიური გიგანტია, ულტრა თანამედროვე შენობებით, მოწყობილობებით და ა.შ. ტუალეტები გამუდმებით იჭედება ხოლმე. საქართველოში ნორმალური ამბავია, რომ ტუალეტის ქაღალდს უნიტაზშივე ჩაუძახო, აქ კი ყველგან გაფრთხილებებია გაკრული საზოგადოებრივ ტუალეტებში (თავისი ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა ჩავაგდოთ ტუალეტის ქაღალდი უნიტაზის გვერდზე მდებარე ნაგვის ყუთში) და კერძო სახლებშიც სახიფათოა ტუალეტის ქაღალდის უნიტაზში ჩაგდება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ სადაც კი ტუალეტში შევსულვარ, ყველგან დამხვედრია ტუალეტის ქაღალდი. რახან სიტყვამ მოიტანა, ტუალეტებში ყოველთვისაა გამოყოფილი ცალ-ცალკე ოთახები უნარშეზღუდული ადამიანებისთვის, ისევე, როგორც ბავშვიანი მშობლებისთვის.

მეორე ფაქტორი, რაც ცუდ სუნს ამძაფრებს, არის დაბინძურებული ჰაერი და მტვერი. ამბობენ, რომ ეს მტვრის დიდი მასა მოდის ჩინეთიდან. ძალიან ბევრი მტვერია და საქართველოსთან შედარებით ცოტა მეტს ვაცემინებ ხოლმე. ხშირადაა ხოლმე ბუღი და ახლა, რაც უფრო დაცხა, მით უფრო გამწვავდა ეს. ხანდახან (საკმაოდ იშვიათად) ნახავთ სპეციალური პირნიღბით მოსიარულე ხალხს. სხვათაშორის პირის ნიღაბი ხანდახან მოდურ აქსესუარადაც კი ითვლება (საუბარი არ მაქვს ჩვეულებრივ დამცავ ნიღაბზე).

ფერადი ნიღბები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგზარდა გოგონებშიც და ბიჭებშიც. უფროს თაობას თითქმის საერთოდ არ უკეთია ასეთი ნიღბები ხოლმე.
და ბოლოს, ვერაფრით ვერ დავამუღამე ტუალეტის ღილაკები, რისთვისაა არ მესმის.
ჩასარეცხი ჰქონდეს ტუალეტს და მეტი რა გინდა, ვერ გავიგე.
მოკლედ ამჯერად ეს მოპოსტო ელემენტი დავწერე. რახან შუალედური გამოცდები მიახლოვდება, ტვინი ნელ-ნელა მუშაობას იწყებს და პოსტების წერის სურვილიც იმატებს. ენის კურსის ბავშვებს არ ეკუთვნით არდადეგები და გაგანია სწავლაში ვართ. არა მარტო ჩვენს უნივერსიტეტში. მემგონი, ყველგან ასეა. მისურვეთ წარმატებები ^_^