ხვალ ფინალურები მეწყება და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახლა დამეწერა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღის შესახებ.
სანამ კორეულის სწავლას დავიწყებდი და რაც დავიწყე, მას შემდეგაც სულ მინდოდა 2NE1-ს კონცერტის ნახვა და აუხდენელ ოცნებად ვთვლიდი. მაგრამ როცა გავიგე, რომ კორეაში მოვდიოდი, გულში ათასი იმედი გამეფურჩქნა. რას წარმოვიდგენდი, რომ 2NE1ს ვნახავდი კი არა, ჩემი ამქვეყნად უსაყვარლესი კომპანიის ყ ვ ე ლ ა ჩემთვის საყვარელ და სათაყვანებელ შემსრულებელს ვიხილავდი? ბილეთი ხელში რომ დავიჭირე მაშინაც არ მჯეროდა და მარტო მაშინ გავითავისე, ჩემი თვალით როცა ვიხილე (ვინმეს ხომ არ გაგონებთ?). ახლა ვცდილობ გამოვხატო ის შეგრძნება რაც კონცერტის მოგონებისას მიჩნდება, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. კონცერტის დროს როგორ ვიყავი მაგის თქმაც ძალიან მჭირს. დაახლოებით ასე: ფიზიკურად მკვდარი და სულიერად ამაღლებული. მოკლედ ემოციების გამოხატვა არ გამომდის და ფაქტებს მოგახსენებთ.
ინტერნეტიდან გავიგე, რომ ვისაც კონცერტის ბილეთი ჰქონდა, შეეძლო YG FAMILYს რეპეტიციასაც დასწრებოდა. რაღაც აპლიკაცია შევავსე და სეულის ოლიმპიურ სტადიონთან გავჩნდი სულ მალე. დაახლოებით 1200 კაცი იქნებოდა თავმოყრილი. ორსაათნახევრიანი ლოდინის შემდეგ უკვე მალე უნდა დაგვეწყო შესვლა, რომ შიგნიდან უკვე გაისმა 2NE1-ს რეპეტიციის ხმა. უჰ რა დამბურძგლაა :D შორს ძალიან კარგად ვერ ვხედავ, მაგრამ რაღაც წერტილი დავინახე გისოსებს მიღმა და ეგრევე ვიცანი დარა ^_^ ცოტა ხანში სტადიონზე შესვლაც დავიწყეთ. პირველი TABLO ვიხილეთ და ამას მოყვა მთელი სერია EPIK HIGH-ს შესრულებებისა. EPIK HIGH ძალიან მიყვარს. მაგრამ როცა ვამბობ, რომ 2NE1ს ყველაზე დიდი ფანი ვარ, ნიშნავს, რომ ყველაფერი სხვა მავიწყდება, როცა საქმე 2NE1ს ეხება. გამოვიდნენ… გამოანათეს, რასაც ქვია და პირი დავაღე, გამოვშტერდი. შეასრულეს Go Away და ისეთი შეგრძნება მქონდა (ალბათ ყველას ასეთი შეგრძნება ჰქონდა), რომ თვალებში მიყურებდნენ და დავდნი ღორის ქონივითა. მეთქი ჰა, მომკალით აწი, აღარაფერი დამრჩა სანანებელი თქო (sry ბებოია :(( :D). მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ მეორე დღეს ნამდვილი ზეიმი იყო და იმხელა მოლოდინის ტალღამ დამარტყა, გადავყირავდი ლამის.
სახლში სანამ დავბრუნდი, მაღაზიაში შევიარე და სასუსნავი ვიყიდე მომავალი დღისთვის. მეთქი წავალ დილით პირველივე მატარებელზე, (რომელიც 5:30ზე მოვიდა) იქნებ პირველ-მეორე-მესამე-მეოთხე რიგში მოვხვდე-მეთქი, მაგრამ გულმა “ჭაჭაააანგ” ჰქმნა, როდესაც ვიხილე სიდიდე რიგისა მისა. 10-15 წუთი მოვუნდი რიგის ბოლოში მისვლას და თავიდან დავდექი, შემდეგ დავჯექი და ბოლოს დავწექი. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ დავაგვიანე: ხალხი წინა დღის დილიდან იკავებდა რიგს და ღამე გარეთ გაათიეს. ესეც კარგი გამოცდილება და თქვენც იცოდეთ: როცა ისეთი პოპულარული კომპანიის კონცერტზე მიდიხართ, როგორიც YG-ა, კონცერტზე 12 საათით ადრე მისვლა არაფერს არ ნიშნავს. მიდით 36 საათით ადრე. შემდეგისთვის გავითვალისწინებ.
რიგში დგომა საკმაოდ დამღლელი იყო და ძალიან რთული, მაგრამ იქვე გავიცანი ერთი იაპონელი ფანი და მასთან საუბარში უფრო სწრაფად გავიდა დრო ^_^ ამ გოგოს მიკი ერქვა და თან ჰქონდა წამოღებული დიიიიდი ჩემოდანი. ინტერვიუც კი ჩამოართვეს ამ ჩემოდანის შესახებ, რათ გინდა კონცერტზე რომ მიგაქვსო. იქვე YGს სხვადასხვა ნივთები იყიდებოდა და ამგენის ყიდვას ვაპირებო. ძალიან ბევრი იქნება და ამ ჩემოდანშიც შეიძლება არ ჩაეტიოსო. მეც დიიიდი სიამოვნებით ვიყიდდი 2NE1ს მაიკებს, სტიკერებს და ათასგვარ აქსესუარებს მაგრამ იცით რა ცეცხლის ფასები ადევს? :D მაიკა ყველაზე იაფი 31 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი შემდეგი თვის სტიპენდიას ავიღებ, ვიყიდი. გავკოტრდები, მაგრამ ვიყიდი. არ შევჭამ და ვიყიდი!
საერთოდ, ეს მარტო YGს კონცერტი არ ყოფილა. ესაა ყოველწლიური ფესტივალი, რომელსაც ჰქვია AIA: REAL LIFE NOW FESTIVAL და უამრავი შემსრულებელი გამოდის. ფესტივალი 2 დღე გრძელდება, თუმცა მე მარტო 1 დღის ბილეთის შოვნა შევძელი. პირველ დღეს გამოვიდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორებიც არიან ROCK’N ROLL RADIO, twenty one pilots, miss nine, sidney samson. სიმართლე გითხრათ გარტყმაში არ ვიყავი ვინ ვინ იყო აქედან, ასევე გარტყმაში არ იყო დანარჩენი ხალხიც, გარდა twenty one pilotsისა, რომელთა რამდენიმე ათეული გულშემატკივარიც შევნიშნე. ხალხი რამდენიმე საათის განმავლობაში ფეხზე იდგა ერთ ადგილას, რომ კარგი ადგილი არ დაეკარგა და სცენასთან შედარებით ახლოს ყოფილიყო YGს შემსრულებლების სანახავად. თან ძალიან ცხელოდა და ფიზიკურად ბევრს გაუჭირდა, თუმცა ადგილს არავინ თმობდა. ერთ გოგონას ჩემს წინ გული წაუვიდა დაღლილობის გამო :( ხალხის მესმის, როცა ყველას (განსაკუთრებით კი miss nineსა და sidney samson-ს) უგულისყუროდ მოუსმინეს და ტაშიც მაინცდამაინც არ გამიგია. ერთი სული მქონდა დაესრულებინათ თავიანთი გამოსვლა და ვგრძნობდი, რომ ყველა ჩემნაირად ფიქრობდა, რახან აქა-იქ მესმოდა ამოხვნეშებები. და მოვიდა 18:30 საათიც. უცებ აურა შემოტრიალდა სტადიონზე როგორ, იცით? არა. და ეკრანზე ჩაირთო BIGBANG-ის FANTASTIC BABY ვიდეო. აი მაშინ დასჭექეს ფანებმა ისეთი, გული გამისკდა, რახან მართლა არ ველოდი ასეთ უცაბედ ცვლილებას (უჰ, რა ნობი ვყოფილვარ კონცერტების ამგავში). მაგრამ ეს არაფერია იმ კივილთან, 2NE1ს გამოსვლისას რომ გაისმა და რომელშიც მე დიდი წვლილი შევიტანე :D
სანამ გამოვიდოდნენ, ვფიქრობდი, მეთქი, ასეთი დაღლილი და ფიზიკურად აღარაფერი არ ვარ, ნუთუ შევძლებ და ბოლომდე შევირგებ კონცერტს, რომელიც 4 საათი გაგრძელდება კიდევ? მაგრამ როგორც კი პირველი ნოტი გავიგე სიმღერისა CRUSH, გავგიჟდ-გადავირიე, გასამოძრავებელი ადგილი არ იყო მაგრამ მაინც ვიცეკვე და ვიხტუნე, 7 ლიტრი ოფლი ვღვარე და ხმა ისე ჩავიწყვიტე, დედადია ვერ გაარჩევდა ჩემს ხმას მოხუცებული კაცის ბოხი ხმისგან.
შემდეგ გამოვიდნენ აკმუ, ბიგბენგი, საი, იჰაი, winnerი, თიმ ბი ანუ ყველა YG-ს წევრი გარდა Se7enისა. სევენის შემოქმედებას არ ვიცნობ და ამიტომ არ დამწყვეტია გული. სოლო სიმღერებიც ბლომად იყო. კონცერტის რაღაც მომენტში სხვათაშორის ვინატრე, რომ ნეტავ არასდროს არ დამთავრდეს-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ დამთავრდა, ისევე როგორ ყველაფერი ამქვეყნად… ყველაფერი წარმავალია… ამაოება ამაოებაა… ეკლესიასტე…
(უხერხული ხველება) ხოდა სიმღერებს შორის ხადახან იყო შესვენებები და სწორედ ამ დროს ვხვდებოდი, როგორ სასწაულად მწყუროდა, რახან არაფერი დამელია რამდენიმე საათის განმავლობაში და მაშინ გავიგე, რამდენად რთულია უწყლობა. ძალიან რთულია. კინაღამ ხელი ჩავიქნიე ჩემს ადგილზე, რომ შემდეგი სიმღერა დაიწყო და ეგრევე გადამავიწყდა წყალი კი არა საერთოდ ჩემი “მე” რა იყო, არ ვიცოდი. მაგრამ აი ამ შესვენებების დროს მართლა რთული იყო.
რაც ცოტა გამიკვირდა, ისაა, რომ თითქმის ყველას, 80 პროცენტს მაინც ხელში ეჭირა ბიგბენგის “გვირგვინიანი ჯოხი” ( არ ვიცი რა დავარქვა ქართულად. რამე სახელი აქვს?) და ძალიან ცოტას ჩემნაირად – 2NE1ის ფრთებიანი გული. მემგონი WINNERის ახალი მანათობელი ჯოხი უფრო ბევრს ეკავა, ვიდრე 2NE1ისა. ამასთან დაკავშირებით შერეული ემოციები მაქვს: ცოტა გული დამწყდა, რახან მეტ 2NE1ს ფანებს, ანუ BlackJackების წილს ველოდი დამსწრეებში, მაგრამ იმ მხრივ გამიხარდა, რომ 2NE1ს სიმღერების დროს სხვები იმდენად არ გიჟობდნენ და მე რომ ავიწყვიტე ხალხი ცოტათი ჩამომეცალა გვერდებიდან. ასე ვიცეკვე 2NE1ის Can’t Nobody ^_^ კიდევ ერთი ბოროტული მიზეზის გამო გამიხარდა ცოტათი: რაც ნაკლებია ფანების რაოდენობა, მით მეტია ავტოგრაფის შოვნის შესაძლებლობა. ვიცი, რომ ალბათ ვერასდროს ვიშოვი 2NE1ის წევრების ავტოგრაფებს, მაგრამ ასე არ ვფიქრობდი კონცერტზე წასვლაზეც? ამიტომაც გულში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა :D
და ბოლოს, უნდა ავღნიშნო: ბიგბენგის ფანები არიან გიჟები, გადარეულები! სასწაულად ერთგულნი და თავდადებულნი არიან თავიანთი საყვარელი ჯგუფისთვის. ყველა ჯგუფს ჰყავს ასეთი ფანები, მაგრამ ბიგბენგის შემთხვევაში ამდენი ასეთი ფანი ერთად რომ ვნახე თავმოყრილი, ძალიან გამიხარდა. რიგში დგომისას მესმოდა დებატებები: ~ თუ ბიგბენგის ნამდვილი ფანი ხარ, როგორ შეიძლება მათი “გვირგვინიანი ჯოხი” არ გქონდეს ~ ან ~ ნამდვილი ფანი რიგს არაფრით არ დაარღვევს ~ და მსგავსი ფრაზები. რიგში დრომა ძალიან რთული იყო და მინდა ავღნიშნო, რომ ყველა აზიელი გარეგნობის ადამიანი მოთმინებით იტანდა ამას. მაგრამ გული დამწყდა, როცა უცხოელები მზაკვრული ხერხებით ცდილობდნენ რიგის წინა ადგილებში ჩადგომას, მაშინ, როცა 15 საათის განმავლობაში იცდიდა ზოგი. საქართველოში იმხელა დატვირთვა არ აქვს რიგში დგომას, კორეაში კი ძალიან მნიშვნელოვანია.
მოკლედ რაღა გავაგრძელო და შემდეგზეც აუცილებლად წავალ YGს კონცერტზე, თუ კორეაში ვიქნები. ამჟამად – 1 დღით ან უფრო ადრე!
პ.ს. ვიდეოების გადაღება შევძელი და FBს ჩვენს გვერდზე ავტვირთავ ნელნელა.
ბუბუ და კორეა: ნაწილი 18: YG FAMILY-ს კონცერტზე (aka ოცნებები ხდება)

Comments
2 კომენტარი, ჩანაწერი: “ბუბუ და კორეა: ნაწილი 18: YG FAMILY-ს კონცერტზე (aka ოცნებები ხდება)”
-
ძალიან მხიარული წასაკითხი იყო. ფილოსოფიური გადახვევებიც, ფანების მსჯელობებიც და ა. შ. :)
-
ბუბუ შე ფანო, შენა!!! :* <3 სხვათაშორის, საკმაოდ ზუსტად აღწერ ჭეშმარიტი ფანის განცდებს :). გისურვებ ბედნიერ ფანობას :* :* <3 <3 <3
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.