მოდით ამ პოსტში ვისაუბრებ, თუ როგორია უცხო გარეგნობის ადამიანისთვის სეულში ყოფნა. სეულში ბევრი უცხოელია, სხვა ქალაქებთან შედარებით, ბევრად მეტი. განსაკუთრებით, იტევონზე (Itaewon) თუ გავა ადამიანი, უცხოელები არიან სულ. მე შინჩონში (Sinchon) ვცხოვრობ, სადაც 3 უნივერსიტეტია და სტუდენტობა მოძრაობს ძირითადად. არიან უცხოელები, მაგრამ შედარებით იშვიათად ვხედავ ხოლმე გზაზე. ადრე დავწერე, რომ ყველაფერს შევეგუე-მეთქი, მარა არის ერთი რაღაც, რასაც ჯერ მაინცდამაინც ვერ შევეგუე. ესაა მიშტერება. უცხო გარეგნობის ადამიანს რომ დაინახავ, შეიძლება რამდენიმე მილიწამით უფრო დიდხანს უყურო, ვიდრე ნაცნობი გარეგნოს ადამიანს. მაგრამ ეს ცვლილებაც არ რჩება შეუმჩნეველი ჩემს ყოვლისმხედავ თვალს. ახლა ვხვდები რა შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს აზიელს ან შავკანიანს, მაგალითად, საქართველოში, თუ ვინმე მიაშტერდა უცხო გარეგნობის და ცნობისმოყვარეობის გამო.

აქ დიდ ყურადღებას უთმობენ გოგონები (და ბიჭებიც) თავიანთ გარეგნობას, ოღონდ აქ ისეთ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც საქართველოში იშვიათად (ან იქნებ არასდროს) არ ფიქრობენ. მაგალითად, ორმაგი ქუთუთო (Double eyelids). თვალს ზემოთ ნაკეცი თუ გაქვს, მაშინ Double eyelids გაქვს. თუ არა – მაშინ არ გაქვს. აქ ყველა შეიძლება არა, მაგრამ დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ორმაგი ქუთუთო ლამაზია. ბევრი პლასტიკურ ოპერაციასაც იკეთებს, რახან თვლიან, რომ თვალი ასე უფრო დიდი გამოჩნდება. ასევე, აქ თეთრი კანია ლამაზად მიჩნეული. ასე, რომ იშვიათად ღებულობს ვინმე მზის აბაზანას და მზის გამოსვლის დროს ბევრი ხმარობს მზისგან დამცავ კრემს, ქუდს, სათვალეს და ა.შ. გარდა ამისა, სახის ფორმასაც ექცევა ყურადღება. ვიცოდი, რომ სახის ფორმას დიდ ყურადღებას აქცევდნენ (მაგალითად, V-ს ფორმის სახე, ანუ წვრილი ნიკაპი პოპულარულია. თუ დიდი ყბა აქვს ვინმეს, ან თვლის რომ დიდი ყბა აქვს, სურათის გადაღებისას ხანდახან ხელებით ფარავენ. ნელ-ნელა ეს სურათის გადაღების ახალ პოზადაც კი იქცა). მაგრამ მაინც გამიკვირდა, როცა ერთი გაკვეთილი ცალკე დავუთმეთ სახის ფორმებზე საუბარს. სხვათა შორის, ცოტა გამიჭირდა ამ სახის ფორმებთან დაკავშირებული სიტყვების სწავლა, იმიტომ რომ თვალი არ მაქვს ასეთ დაკვირვებას შეჩვეული ალბათ: სახე ოვალის ფორმისაა თუ კვერცხის? იქნებ მრგვალია? კვადრატულია თუ კუთხოვანი (wut) ? რახან ჩემს პოსტებს ყველაზე ხშირად მე თვითონ ვკითხულობ, აქვე ჩამოვწერ რამდენიმე სიტყვას, რომელთა დამახსოვრებაც ცოტათი გამიჭირდა. კარგი გადამეორების ხერხია, მე შენ გეტყვი.
둥글다 – მრგვალი ფორმის სახის ქონა;
갸름하다 – ოვალის ფორმის სახის ქონა;
달걀형이다 – კვერცხის ფორმის სახის ქონა;
네모나다 – კვადრატის ფორმის სახის ქონა;
각지다 – კუთხოვანი სახის ქონა.
სხვათა შორის, აქ კბილების მწყობრს ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე, მაგალითად, ჩვენთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ექცევა ყურადღება. ასევე, პატარა ტუჩებთან შედარებით თუ დიდი ტუჩები უფროა მოდაში ჩვენკენ, აქ მემგონი პირიქითაც კია. მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება აქაურთა თმების მიმართ. ყველას კარგი ვარცხნილობა და ასეთი კარგი თმები როგორ აქვს, ვერ გავიგე. თმაზე გამახსენდა. საერთოდ აქ მიშტერება იციან, ოღონდ ძალიან ცოტათი (რამდენიმე მილიწამი-მეთქინ, ხომ ვთქვი), იმიტომ რომ ძალიან მორიდებულები არიან. მაგრამ ეს არ ეხებათ ხანშიშეულ ქალბატონებს! :D თუ ხანშიშესული ქალი მოგაშტერდა, გათავებულია შენი საქმე, ვაჟისთვის უნდიხარ (Just kidding… but SERIOUSLY). ასეც არაა საქმე, მაგრამ დაკვირვეული ვარ, ყველა ხანშიშესული ქალი ჩემს ჯოხად დახვეულ თმას უყურებდა. ამიტომაა ამ ბოლო დროს კარგად შეკრული თმებით ვმოძრაობ. თმების შეღებვაც მინდა და იმედია შევიღებავ კიდეც მაგრამ არ ვიცი ჯერ, ლურჯად მინდა შეღებვა და ალბათ უფრო მომაშტერდებიან ამაზე. ამიტომ, დისკომფორტი რომ არ ვიგრძნო, ჯერ ამ ფენომენის შეგუებას კარგად დავააფგრეიდებ (ავტორის კომენტარი: (მიმართვა ბებოიას) ანუ დავაპლიუსებ) და რეზისთენსს (ავტორის კომენტარი: ბებოია, ანუ გამძლეობას) როცა გამოვიმუშავებ, მერე ვნახოთ. უცხოელების ბლოგებს ვკითხულობ ხოლმე და იქაც ანალოგიური სიტუაცია სუფევს.

მინდა ასევე გამცნოთ, რომ ენის კურსის სტუდენტებს მიეჩინათ დამხმარე ადამიანი. მათ შორის მეც მომეჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რამე პრობლემა შემექმნა ენის ბარიერის მხრივ და დახმარება დამჭირდა, ამ ადამიანს უნდა მივმართო ხოლმე. გარდა ამისა, უნდა შევხვდე კვირაში ერთხელ. ამ კვირაში შევხვდით და კორეულ მუსიკაზე ვისაუბრეთ. აღმოვაჩინე რამდენიმე ახალი შემსრულებელი (არა Kpop) და, ჩემის მხრივ, რამდენიმე კორეელი შემსრულებლის შესახებ მეც გავაგებინე ( რამდენიმეში ვგულისხმობ 2-ს ). მუსიკის მოსმენასთან ერთად, უნდა გაგვერჩია მუსიკის ტექსტი და თუ რამე უცხო სიტყვა შემხვდებოდა, უნდა მეკითხა. ძალიან საინტერესო იყო. ამ კვირის კიდევ ერთი განსაკუთრებული მოვლენა იყო ის, რომ ვიყავი ყინულზე ოღონდ მარტო კი არა… მწვრთნელი დავიქირავე. მწვრთნელის დაქირავებამ საგრძნობი ზიანი მიაყენა ჩემს სტიპენდიას, თუმცა, სამაგიეროდ, ახალი ნახტომი ვისწავლე. ვისწავლე რა, იდეაში ვისწავლე, თორე ნაღდ სწავლამდე ჯერ კიდევ ბევრი ზიანი მიადგება ჩემს სტიპენდიას. ჩემი თავის შესახებ კიდევ ერთი რაღაც აღმოვაჩინე: მაინცდამაინც არ მომეწონა სურათების გადაღება. უბრალოდ წერა და აზრების და შთაბეჭდილებების ასე გაზიარება უფრო მომწონს. პ.ს. კაი ხოოო, აწი მეტ სურათებს გადავიღებ :S ბონუს სურათი:

კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.