კატეგორია: სიახლეები

  • ბუბუ და კორეა:  კორეულის საძმო

    ბუბუ და კორეა: კორეულის საძმო

    დაიწყო სწავლა და დროისა და კლიმატის ცვლილებასაც შევეგუე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოდან ასე შორსმდებარე ქვეყანაში პირველად ყოფნის გამო რაღაც ცვლილებები მოხდა. უმთავრესი მათგანი იყო პირველი რამდენიმე დღე მადის უქონლობა (:O!!!). სამი-ოთხი დღე არ მშიოდა მაინცდამაინც. აქედან ერთი-ორი დღე – საერთოდ არ მშიოდა და ძალითაც კი ვჭამე, რომ ჯანზე მოვსულიყავი. ასეთი რაღაც მაინცდამაინც ხშირად არ ხდება ჩემს ცხოვრებაში, რახან განთქმულია ჩემი მადა (სად?). ახლა კი ვჭამ ძალიან კარგად და გემრიელად ვილუკმები. ერთადერთი ჯერ წკლაპუნით ჭამა არ დამიმუღამებია. სხვათა შორის, აქ ჭამისას ლაპარაკი და წკლაპუნი/ხვრეპა მოსული პონტია. ასე რომ, ზოგზოგიერთებო (დიახ, შენ), ვისაც წკლაპუნი გიყვართ ჭამისას, დროა კორეულის შესწავლას შეუდგეთ და მალე ჩამოხვიდეთ.
    ხვრეპა/წკლაპუნს რაც შეეხება, ეს სრულიად არ ყოფილა შემაწუხებელი, გეგონება მთელი ცხოვრება ვისმენდი. აქამდეც ვიცოდი, რომ ჭამისას ხმის გამოცემის ამ მეთოდს იყენებენ, ამიტომ მოულოდნელი და გასაკვირი არაფერი ყოფილა.
    მინდა ცოტა რამ ვთქვა ჩვენი კორეულის საძმოს (Fellowship of the Korean language) კურსებზე. მოვხვდი მესამე დონეზე, რაც ყველაზე მეტად მაწყობდა. სულ 7 დონეზე მოხვედრაა შესაძლებელი (მეშვიდე – ყველაზე მაღალი & რთული დონეა). ყოველდღე 4 გაკვეთილი მაქვს, კვირაში 1 დღე კი – დამატებით ერთი გაკვეთილი. ეს 4 გაკვეთილია – 1 საათი წერა, 2 საათი ლაპარაკი, 1 საათიც კითხვა და მოსმენა. ის 1 დამატებითი საათი კი – ახალი სიტყვების გარჩევას ეთმობა. ჯერჯერობით არ მაქვს ბევრი დავალება და იმედია ეს ასე გაგრძელდება :D.
    ყველა მასწავლებელი მომეწონა. ძალიან საყვარლები არიან. ჯგუფელებიც გავიცანი ნელ ნელა. ერთი სლოვენიელი, ერთი უკრაინელი, ჩინელი, ვიეტნამელი, ტაილანდელი, ავსტრალიელი, ყაზახი, ბრიტანელი, და ერთიც იაპონელი მყავს ჯგუფში.
    ვინც აქ ჩამოსვლას აპირებს და 90 და მეტი დღით რჩება, მოუწევს აიღოს ე.წ. Alien registration ბარათი, 90 დღის გასვლამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე. მე უკვე ამის სამზადისი დავასრულე და 3 კვირაში ჩემს უცხოპლანეტელის რეგისტრაციის ბარათსაც ავიღებ. გასათვალისწინებელია, რომ ხშირად დიდი რიგებია და შუადღისას სადღაც 2-3 საათი მომიწია რიგში დგომა.
    რაც შეეხება ქალაქის დათვალიერებას, ვიყავი მიონგდონგზე. ესაა საყიდლებზე სასიარულოდ საუკეთესო ადგილი, რაც ჯერჯერობით ვნახე. აქ ძირითადად კოსმეტიკა, ტანსაცმელი და აქსესუარები იყიდება (ქალების). ასევე K-pop-ის ნივთებიც მოიპოვება ალაგ-ალაგ. აქ ვიყიდე 2NE1-ის დისკი და იუნა კიმის კალენდარი. იმდენი მაღაზიები იყო, რომ თვალები ამიჭრელდა და მილიონერობა ვინატრე, რომ ყველაფერი თან წამეღო.
    სეულის ნაციონალურ მუზეუმში წასვლაც შევძელი, მაგრამ იმხელა იყო, რომ მხოლოდ პირველი სართული და მიმდებარე ტერიტორიები დავათვალიერე. ბლომად სურათებიც გადავიღე და სუვენირებიც ვიყიდე. თუ მუზა მექნა, შეიძლება მუზეუმის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია დაიდოს.
    შემდეგი ადგილი, სადაც ვიყავი, იტევონია. აქ აუარება უცხოელი ირევა და აქაც ბლომადაა სავაჭრო პუნქტები და საკვები ობიექტები. როგორც მეგობარმა მითხრა, აქ ხალხს უნდა შეევაჭრო და დაგიგდებენ ფასს. საერთოდ ფასებს რაც შეეხება, საქართველოსთან შედარებით თითქმის ყველაფერი ბევრად ძვირია, 2ჯერ თუ არა, 1,8-ჯერ ძვირი მაინც: ტრანსპონტი, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი… ადგილები უნდა იცოდე, რომ იაფად ვაჭრობა შეძლო. ხშირად იაფი საქონელი მიწისქვეშაა ხოლმე, როგორც ჯერჯერობით შევნიშნე.
    ამ კვირაში განსაკუთრებული ის მოხდა, რომ შევხვდი ციგურაობის დედოფალს, იუნა კიმს და გამოვართვი ავტოგრაფი. facebook-დან ვიცოდი, რომ კვირა დღეს სამსუნგის ერთ-ერთ შენობაში ფანებთან შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ არ ვიცოდი რეგისტრაცია თუ იყო საჭირო. არც დაწყების დრო ვიცოდი, ამიტომ დილიდანვე ამ შენობის წინ დავერჭვე. სამწუხაროდ, იქ გავიგე, რომ თუ არ მექნებოდა რეგისტრაციის ნომერი, არ შემიშვებდნენ. ჩემნაირი გაჭირვებული იქ დაახლოებით 15-20 კაცი იყო. ამიტომ ვერ შევედით თავიდანვე, თუმცა 3 საათის განმავლობაში შენობის წინ მედგრად ვიდექით სუსხიან ქარსა და ყინვაში. რამდენიმე ადამიანი დანებდა და წავიდა კიდეც. მე მეთქი მაინც გავცივდი და შევირყიე ჯანმრთელობა, თუ ავად გახდომაა, ავად გახდომა იყოს მეთქი და განვაგრძე ლოდინი. შემდეგ ერთი კაცი გამოვიდა და გვითხრა კაი ხოო, შეგიშვებთო ოღონდ სურათების გადაღება აკრძალულია და ნელ-ნელა იარეთო. ხალხმა ნელა კი არ იარა, თავზე გადამაფრინდა და შედეგად რიგი მალე შეივსო. როგორც იქნა შევედით შენობაში და იქვე იჯდა იუნა კიმი, რომელიც ძალიან საყვარელი და მუხვახვაა ^_^ გარშემო ბევრ სურათებს იღებდნენ და ინტერნეტში გამწარებული ვეძებ იქნებ რომელიმე სურათზე გამოვჩნდე-თქვა, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ. როგორც იქნა ჩემი ჯერი მოვიდა და ჩემი სახელი (ბუბუ) ვუკარნახე იუნა კიმს. ბუბუო? დაიბნა ცოტა ამიტომ დავუწერე (부부) და მანაც ხელმოწერა გადმომცა ჩემს სახელზე ^_^. კმაყოფილი გამობრუნდი უკან.

    იუნა კიმის ავტოგრაფი
    იუნა კიმის ავტოგრაფი
    იუნა კიმის ლოდინის დროს ძალიან ციოდა და ყველას სასტიკად აძაგძაგებდა. ამიტომ ხელის გამათბობლები დაგვირიგეს: დროთა განმავლობაში ხურდება. სითბოს ახლაც ინარჩუნებს, არადა 8 საათი გავიდა უკვე. კომფორტულია
    იუნა კიმის ლოდინის დროს ძალიან ციოდა და ყველას სასტიკად აძაგძაგებდა. ამიტომ ხელის გამათბობლები დაგვირიგეს: დროთა განმავლობაში ხურდება

    პ.ს. რთული ყოფილა ავტოგრაფის მოლოდინე გულშემატკივარის ბედი. არა მგონია ხშირად ვცადო ხოლმე ავტოგრაფების შოვნა. ამჯერად სულ რაღაც 120-140 კაცი თუ იყო შეკრებილი და სხვა დროს, სავარაუდოდ, ასე ცოტანი არ იქნებიან. მაგრამ გააჩნია, თუ 2NE1-ის ხელმოწერის შოვნის შანსი მექნა, მაშინ სხვა საქმეა.

    ასე ჩაიარა ამ ბოლო დღეებმა. თუ რამე, მკითხეთ კომენტარებში.

  • ბუბუ და კორეა: პირველი შთაბეჭდილებები

    ბუბუ და კორეა: პირველი შთაბეჭდილებები

    მინდა გამცნოთ რომ ახლა სეულში ვიმყოფები. როგორ შევძელი ეს? მქონდა თუ არა კულტურული შოკი? ამ და სხვა თემებზე ვცდილობ საინტერესო პოსტი შემოგთავაზოთ.

    პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ ბიზნესის ფაკულტეტზე, თუმცა დამატებით სპეციალობად (ანუ მაინორად) მაქვს კორეული ენა აღებული. ჩემნაირებს (ვისაც მაინორი აქვს კორეულ ენაში), თვითონ კორეულის კონცენტრაციის მქონე საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრებს და კორეულის ენის კურსს (რომელიც სექტემბერში იხსნება და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს) შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა პროგრამებში, რომლებიც კორეიდან ჩამოდის. ასეთი პროგრამებიდან ერთ-ერთი არის ჩემი და მისი ორგანიზატორია Korea Foundation. პროგრამის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში დავესწრები კორეული ენის ინტენსიურ კურსებს სოგანგის უნივერსიტეტში და ვეზიარები კორეულ კულტურას.

    ფრენა შემდეგი მარშუტით იყო: თბილისი-ბაქო-დოჰა-სეული. ეს ჩემი მეორე ფრენა იყო ცხოვრებაში, ასე რომ მთლად დაბნეული არ ვყოფილვარ, თუმცა გადაჯდომა პირველად მიწევდა. სიმართლე რომ გითხრათ არაფერზე არ მინერვიულია მაინცდამაინც. რა თქმა უნდა მქონდა მომენტები, როცა ვფიქრობდი: რა მეშველება, აწი ჩემს თავს მეთვითონ უნდა მივხედო, საჭმელს ვინღა მომიმზადებს და ნასკებს ვინღა გამირეცხავს-მეთქი ( :D ), მაგრამ სიხარული იმხელა იყო რომ დამავიწყდა ეს ყველაფერი.

    დაახლოებით 15 საათიანი მგზავრობის შემდეგ ( +- 2 საათი, სათვალავი ამერია), ჩავაღწიე ინჩონის საერთაშორისო აეროპორტში. ძალიან გამიმართლა, რომ მეგობარი მელოდებოდა იქ, რახან უცხო ქვეყანაში, სრულიად ახალ სიტუაციაში ადვილად შეიძლება დაიბნე. ინჩონის აეროპორტი ძალიან დიდია, მაგრამ ვერ დაიკარგები, თუ რა თქმა უნდა მინიშნებებს დააკვირდები, რომლებიც ყველგან ჰკიდია ან გაკრულია ან აცხადებენ.

    შემდეგ, ავტობუსის დახმარებით (რომელიც ფრიად კომფორტული იყო), დაახლოებით 1 საათში ჩავაღწიეთ სეულში. ჩემი უნივერსიტეტი შინჩონის მეტროს სადგურთან ახლოსაა და აქვე მქონდა დაჯავშნული სასტუმრო 2 ღამით, შემდეგ კი გადმოვედი საერთო საცხოვრებელში (Gonzaga international dormitory).

                       სოგანგის უნივერსიტეტის კამპუსის რუკა
    სოგანგის უნივერსიტეტის კამპუსის რუკა

    გაფრთხილებული ვიყავი, რომ კულტურული შოკი არ მქონოდა და არ დავმგვანებულიყავი დახამებულ ადამიანს, ეს ვცადე და შინაგანი ხამი ცოტა ხნით ჩავკალი ჩემში ( :D ). თუმცა მომენტებში აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი (მაგალითად, როცა მეტროში ჩავედი ან როცა 2NE1-ის ახალი მუსიკა პირველად მოვისმინე პარფიუმერიის მაღაზიაში).

    არ იქნება საინტერესო დეტალურად ავღწერო ჩემი სეულის დათვალიერების ამბები. ის კი საჭიროა ითქვას, რომ რაღაც-რაღაცეები მომხვდა თვალში: საქართველოსთან შედარებით ყველას უფრო ფერადი სამოსი აცვია. ასევე, ჯერ რასაც ვუყურებ, ყველა ზრუნავს თავის ჩაცმულობაზე და ჩაშმოტკილია, მაკიაჟიც გოგონების დიიდ უმრავლესობაზე შევნიშნე (ეგ კი არა ახლა ვერ ვიხსენებ ვინმე ისეთი თუ შემხვედრია, ვისაც არ ესვა). ჯერჯერობით კიდევ ბევრი რამ მაქვს დასათვალიერებელი და გამოსაცდელი (მაგალითად, განგნამზე არ გავსულვარ, მოხუცს არ დავლაპარაკებივარ, არ მიყიდია საბანი (!!!), რომელიც საკმაოდ მჭირდება, არ მიჭამია სამგიოპსალი და ა.შ). ამ ყველაფერს მოევლება, ერთი-ორი დღის საქმეა. ახლა მინდა კონცენტრირება ენის შესწავლაზე გავაკეთო, რასაც მომავალი კვირიდან ვიწყებ. ხვალ მაქვს ენის დონის შესამოწმებელი გამოცდა, რომელიც ძალიან მინდა რომ წესიერად დავწერო. წარმატებები მისურვეთ ^_^

    სოგანგის კამპუსის რამდენიმე ხედი:

    20140301_171643

    20140301_171628

    20140301_171453 - Copy

    20140228_155622 - Copy

    პ.ს. აწი ვეცდები თემატური პოსტების გამოქვეყნებას, ანუ ასეთი აჯაფსანდალი კი არ იქნება, ავირჩევ ერთ თემას და იმის შესახებ ვისაუბრებ. მემგონი ასე უფრო საინტერესო გამოვა ^_^

  • რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    გადავწყვიტე დამეწერა კორეული რეპისა და ჰიპ-ჰოპის შესახებ, რახან მეც მიყვარს და იქნებ მკითხველსაც უყვარდეს/ამის შემდეგ მოეწონოს ^_^

    ვინც თანამედროვე კორეულ მუსიკას უსმენს, ალბათ დაკვირვებია, რომ თითქმის ყველა სიმღერაში, რომელსაც ჯგუფი ასრულებს, რეპს უჭირავს გარკვეული ადგილი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს წევრი, რომელიც მთავარი რეპერის სტატუსით სარგებლობს. ასევე, რაღა თქმა უნდა, არსებობენ სოლო რეპერებიც და ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარულია. მართალია, არაა კორეული რეპი იმდენად ცნობილი რამდენადაც კორეული პოპი, მაგრამ მას მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორეის მუსიკალურ ინდუსტრიაში.

    ახლა კი ეგრევე რამდენიმე ყველაზე ცნობილ და განსაკუთრებულ არტისტს გაგაცნობთ.

    1.Yoon Mi-rae (Tasha)

    დაბადების თარიღი: 31 მაისი , 1981 (32 წლისაა ამჟამად);
    კომპანია: Jungle Entertainment;

    ტაშას ბევრი თვლის კორეული რეპის დედოფლად. ის უკვე დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს თავის ქმართან, Tiger JK-სთან ერთად. მისი ნიჭი მხოლოდ რეპით არ შემოიფარგლება, მას არაჩვეულებრივი ვოკალიც აქვს. იგი თავისუფლად ლაპარაკობს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ახლა კი გავეცნოთ თვითონ მის რეპერტუარებს, ზოგიერთი მათგანი არის როგორც კორეულად, ასევე ინგლისურადაც.

    2. Tiger JK

    დაბადების თარიღი: 29 ივლისი, 1974 (ამჟამად 38 წლის);
    კომპანია: Jungle Entertainment;
    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ კორეელი რეპერია. იგი არის Jungle Entertainment-ის CEO და დამფუძნებელი. იგი ასევე არის ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Drunken Tiger-ის ერთ-ერთი პირველი წევრი. მისი პოპულარობის ზრდა გვიანი ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და გასცდა სამხრეთ კორეის ფარგლებს. ის და ტაშა 2007 წელს დაქორწინდნენ და ახლა შვილიც ჰყავთ, სახელად ჯორდანი.

    ასევე მან, ტაშამ და რეპერმა Bizzy-მ ერთად ჩაწერეს ძალიან წარმატებული სიმღერა Sweet Dream. ამ კოლაბორაციას MFBTY ეწოდა.

    http://www.youtube.com/watch?v=qLrM_auor2Q

    3. Outsider

    დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1983;
    კომპანია: Sniper Sound;
    Outsider არის არა მხოლოდ კორეაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეპერი. მას შეუძლია წამში 17 მარცვლის წარმოთქმა. სისწრაფის გარდა, იგი დიდ ყურადღებას აქცევს გამოთქმას (მაგ. არ ყლაპავს ასოებს ან მარცვლებს). იგი დიდ პატივს სცემს MC Sniper-ს და მასთან ერთად მრავალი სიმღერა აქვს ჩაწერილი.

    4. MC Sniper

    დაბადების თარიღი: 8 თებერვალი, 1979;
    კომპანია: Sniper Sound;
    MC Sniper არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი კორეაში. იგია ხელოვანი, რომელიც ცნობილია კორეული ტრადიციული მუსიკისა და კორეული ჰიპ-ჰოპის სინთეზით. მას ბევრი არაჩვეულებრივი მუსიკა აქვს შექმნილი, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

    http://www.youtube.com/watch?v=rZu-tN3asJQ

    5. E.via (Tymee, Napper)

    დაბარების თარიღი: 15 იანვარი, 1986;
    E.via არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ქალი რეპერი არა მხოლოდ კორეაში. იგი ადრე კომპანია Dline Art Media-ში იყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო იქაურობის დატოვება მოუწია და ფსევდონიმიც შეიცვალა.

    http://www.youtube.com/watch?v=SEmxb6jefBA

    http://www.youtube.com/watch?v=Rht74e6QVM0

    6. Epik High

    კომპანია: YG Entertainment;
    Epik High სამი წევრისაგან შედგება. ესენია: Tablo, Mithra Jin და DJ Tukutz. ისინი მოღვაწეობენ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკეც.

    7. Verbal Jint

    დაბადების თარიღი: (19 დეკემბერი, 1980 წელი)
    Verbal Jint უკვე ნახსენებ შემსრულებლებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, თუმცა წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერია. ამბობენ, რომ სწორედ მისი წყალობითაა დღევანდელ კორეელ რეპერთა შესრულებაში რიტმი ასე კარგად დაცული და სტროფები ასე კარგად გარითმული.

    8. Dynamic Duo


    ჯგუფი Dynamic Duo, როგორც სახელიდან არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა, ორი წევრისაგან შედგება. მათი ფსევდონიმებია Choiza და Gaeko. ჯგუფი შედის კომპანია Amoeba Culture-ში.

    http://www.youtube.com/watch?v=DbE5viJ25sQ

    http://www.youtube.com/watch?v=91tUkX9H7gw

    9. 1TYM

    1TYM ოთხწევრიანი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ოფიციალურად არ დაშლილა, ის მუსიკალური ინდუსტრიის ასპარეზზე არ გამოსულა 2005 წლის შემდეგ.

    10. Leessang

    Leessang ორი წევრისაგან შემდგარი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და პოპულარულია. ამბობენ, რომ მის ყოველ ცოცხალ შესრულებას თავისი არჩვეულებრივი ხიბლი აქვს. ჯგუფი ცდილობს თავისი მოღვაწეობის არეალი მხოლოდ ერთ იმიჯზე არ შეაჩეროს და ატარებს ბევრ ექსპერიმენტს მუსიკალურ სტილზე.

    ცხადია, რომ აქ წარმოდგენილი 10 შემსრულებლით კორეული ჰიპ-ჰოპ-რეპის სივრცე არ შემოიფარგლება. როგორც უკვე ვახსენე, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი რეპერი. ამ რეპერთა სია ძალიან დიდია და ალბათ ცალკე სტატია ეკუთვნის :დ. თუ თქვენი საყვარელი რომელიმე შემსრულებელი არ შევიდა ამ სიაში, არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად პოპულარულები ან ნაკლებად მოსაწონნი არიან. უბრალოდ, აქ ვეცადე წარმომედგინა სოლო რეპერები და ისეთი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა “underground” რეპერებად დაიწყეს, ანდაც ისეთები, რომლებსაც ვერ უწოდებ K-pop-ს. ვეცადე დამენახვებინა, რომ კორეაში მხოლოდ პოპი არაა პოპულარული (თუმცა ხშირად სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიც მოიაზრება, როცა კორეულ პოპზე საუბრობენ).

    იცოდით თუ არა მათ შესახებ? რომელი მოგეწონათ? რომელი არ მოგეწონათ? დაწერეთ კომენტარებში ^_^
    პ.ს. იმედია ბევრი ვიდეოების გამო არ გაგიჭედათ საიტმა (მე მიჭედავს რატომღაც)

  • სეულის მეტრო

    სეულის მეტრო

    გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრანსპორტის – მეტროს შესახებ მესაუბრა. გაგაცნობთ სეულის მეტროს – მსოფლიოში სიგრძით პირველს და სადგურების რაოდენობით – მეორეს (ნიუ იორკის მეტროს შემდეგ). სეულის მეტრო გამოყენების სიხშირით მსოფლიოს მეტროთა სამეულში შედის.
    ხშირად სწორედ მეტროა სეულში ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი ტრანსპორტი. სეულის მეტრო ასევე ცნობილია თავისი მოხერხებულობით, სისუფთავით და მომსახურების სისწრაფით. მატარებლები გაუჩერებლად დადიან სადღაც დილის 5:30-დან შუაღამემდე. ყველა სადგურზე შეხვდებით მინიშნებებს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
    სეულის მეტრო 19 ხაზისგან შედგება, მაგრამ ყველაფერი 1 ხაზით დაიწყო 1974 წელს და ახლა, 2013 წლისთვის სადგურების რაოდენობა 607-ს აღწევს (შედარებისთვის – თბილისის მეტროში 22 სადგურია). ყველა ხაზს თავისი ფერი აქვს. დღესაც მრავალი ახალი სადგური შენდება და კიდევ მრავლის აშენება იგეგმება.
    სეულის მეტროში მომხვედრს სასიამოვნო მოულოდნელობები ელოდება. მაგალითად, სკამების გათბობა მატარებლებში. ზამთარში ეს მისწრებაა გათოშილი მგზავრებისთვის, თუმცა ისიც მართალია, რომ თბილად მოკალათებულს ადვილად შეიძლება ჩაგეძინოს და მატარებლიდან ჩამოსვლა დაგეზაროს.
    სეულის მეტროს მატარებლებში ყოველთვის შეგიძლიათ თან ტელეფონზე ისაუბროთ და თან იმგზავროთ იმის ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგეთიშოთ კავშირი. თუმცა ეს სიახლე არაა – ასე უკვე 10 წელია არის. უკაბელო ინტერნეტთან წვდომა ყოველთვის შეგიძლიათ.
    მეტროში უხვადაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ალბათ არ უნდა აკვირვებდეს მკითხველს. თითქმის ყველა ახალ მატარებელში არის ტელევიზორები, რომლებიც სიახლეებს გადმოსცემენ. ასევე, სადგურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ენაზეა გადმოცემული (ახლა უკვე თბილისის მეტროშიც, ქართულად და ინგლისურად ^^), რაც მისწრებაა ტურისტებისთვის. სეულის მეტროს უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რახან სეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://korea.ge/?p=150). ამის თვალსაჩინოებისთვის შეხედეთ გაჩერებებს. შეუძლებელია მატარებლის წინ გადავარდეს ადამიანი (თუმცა, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ყველა სადგურზე არაა მსგავსად მოწყობილი):

    რაც შეეხება ფასს, მგზავრობა 1050 ვონი ჯდება (სადღაც 1 დოლარი). ის ნამდვილად არაა მსოფლიოში ყველაზე იაფი, თუმცა სხვა ქვეყნების მეტროების ფასს რომ შევადაროთ, ძალიან ძვირადაც აღარ მოგვეჩვენება. მაგალითად, ლონდონში სადღაც 4 დოლარი, სტოკჰოლმშიც დაახლოებით ასევე, სან ფრანცისკოში – 3 დოლარი, ვაშინგტონშიც დაახლოებით 3 და ასე შემდეგ.
    თუ გსურთ მეტროს სადგურების მდებარეობებისა და სახელების დეტალურად გაგება, შედით საიტზე http://www.korea4expats.com/korean-subways.php
    ბონუს ვიდეო:
    http://www.youtube.com/watch?v=XCARKKpQN_8

  • კორეის ნახევარკუნძული – მუდმივი დენთის ყუთი

    კორეის ნახევარკუნძული – მუდმივი დენთის ყუთი

    402228751_783ab2dd0b_oბოლო დროს კორეის ნახევარკუნძული მსოფლიო პრესის ცენტრში მოექცა არა ჩრდილოეთის დაპირებების, ან სამხრეთკორეული «Gangnam Style»-ის გამო, არამედ ჩრდილოეთ კორეული მშვიდობიანი (!) წინადადების გამო. რამდენადაც პარადოქსული არ არის, ჩრდილოეთ კორეამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას მორიგი შემოთავაზებით. ამჯერად ის არ დებს სეულის ცეცხლის ზღვად გადაქცევის, იაპონიისთვის ჰიროშიმის შეხსენებისა ან ტეხასის ქლაქ ოსტინის მიწის პირიდან აღგვის პირობას (თუ გახსოვთ, ყველაფერ ამას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მარტსა და აპრილში ღაღადებდა). დღეს ჩრდილოეთმა სამხრეთს მშვიდობიანი ხელშეკრულების ხელმოწერა შესთავაზა.

    ერთი შეხედვით, ამაში არაფერი მოულოდნელი არ არის – კორეის ომი დასრულდა 60 წლის წინ და ცხადია, მშვიდობიან ხელშეკრულების ხელმოწერის დრო ნამდვილად დადგა. მიუხედავად ამისა, კორეის ომის დასრულება ტრადიციული მშვიდობიანი ხელშეკრულებით ვერ მოხერხდება – სამართლებრივიი თვალსაზრისით არანაირი კორეის ომი, კონფლიქტი, რომელშიც მილიონიდან მილიონნახევარ ადამიანამდე გარდაცვლილა, სულაც არ არსებულა (უფრო სწორად, კონფლიქტი იყო, მაგრამ „ომი“ ორ სახელმწიფოს შორის – არა).

    OLYMPUS DIGITAL CAMERA

    როგორც საყო

    ველთაოდ არის აღიარებული, კორეის ომი დაიწყო 1950 წლის 25 ივნისს, როდესაც ჩრდილოეთკორეული ჯარი შევიდა სახმრეთის ტერიტორიაზე. საკმაოდ სწრაფად მათ მოახერხეს მთელი ნახევარკუნძულის დაკავება, თუმცა სექტემბერში ამერიკელების ჩარევის შედეგად, რომლებიც სამხრეთის ძალებთან (ან იმასთან, რაც ამ ძალებისგან დარჩა) ერთად გააქციეს ჩრდილოელები ჩინეთის საზღვრამდე. ამ დროს კი მრავალტანჯული კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე შემოვიდნენ ჩინელები, რომლებსაც ამერიკელები 38-ე პარალელამდე განდევნეს და აღადგინეს სტატუს-კვოს ომამდელი მდგომარეობა. 1953 წელს მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, დემილიტარიზებულმა ხაზმა ზუსტად იქ გაიარა, სადაც ის იყო 1950 წელს, ომის დაწყებამდე.

    ჩვეულებრივი ადამიანისთვის ომი გამოიყურება როგორც ორი მეზობელი სახელმწიფოს ჩვეულებრივი კონფლიქტი, რომელსაც „გაუმართლა“ და მსოფლიო სახელმწიფოებიც ჩაერივნენ. სინამდვილეში კი სიტუაცია გაცილებით უფრო ჩახლართულია სამართლებრივი თვალსაზრისით.

    დავიწყებ იმით, რომ სამხრეთ კორეის ოფიციალური მოსაზრებით ჩრდილოეთი კორეა არავითარ შემთხვევაში არ არის სახელმწიფო. ჩრდილოეთი კორეის მოსაზრებით კი სამხრეთით არ არსებობს არანაირი სახელმწიფოებრიობა, შესაბამისად არც კორეის რესპუბლიკა არსებობს. საქმე კი იმაშა, რომ 1948 წლიდან, მიუხედავად ორი სახელმწიფოს გამოცხადებისა, ორივე სახელმწიფოებრივ ერთეულს ჰქონდა პრეტენზია საკუთარი იურისდიქციის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებაზე – ეს პრეტენზია კი დღესაც ცოცხალია.

    ოფიციალური კომუნისტური მოსაზრებით, რომელიც დაფიქსირებულია კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, კორეის მთელ ნახევარკუნძულზე არსებობს მხოლოდ ერთი კანონიერი ხელისუფლება – კსდრ, რომლის დედაქალაქია ფხენიანი. სამწუხაროდ, როგორც ღაღადებენ ჩრდილოეთ კორეელი იურისტები და პროპაგანდისტები, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილი ოკუპიურებულია ამერიკის ჯარის მიერ, რომლებმაც იქ შექმნეს საკუთარი მარიონეტული კოლაბორაციონისტული ადმინისტრაცია. რაღა თქმა უნდა, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად ე.წ. „კორეის რესპუბლიკის“ ადმინისტრაცია არაფერს არ წარმოადგენს და მას არსებობის უფლებაც კი არა აქვს.

    სამხრეთით, როგორც მოსალოდნელია, სიტუაცია სარკულად არის არეკლილი. სამხრეთის კონსტიტუციის თანახმად კორეის ნახევარკუნძულის მთელ ტერიტორიზე ვრცელდება კორეის რესპუბლიკის იურისდიქცია, დედაქალაქი – სეული. თუმცა, სამხრეთკორეული ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის ხელშეწყობით დაიწყო კომუნისტური ამბოხი, რომლის შედეგად ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ტერორისტულმა ორგანიზაციამ სახელად „კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა“. რა თქმა უნდა, სამხრეთის კონსტიტუცია ამ მთავრობას არ ცნობს, ხოლო მის დაქვემდებარებაში არსებული სამხედროები (მათ შორის ბირთვული იარაღის დანაყოფები) „კრიმინალურ დაჯგუფებებად“ არის მიჩნეული (ჩრდილოეთკორეელი იურისტების აზრით, „კრიმინალური დაჯგუფებებია“ სამხრეთის სამხედროები).

    ასე რომ, ორივე მხარის პოზიცია რომ გავიზიაროთ, კორეის ომი იყო არა სახელმწიფოთშორისი კონფლიქტი, არამედ პოლიციური ოპერაცია, რომლის მიზანი კორეის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს არსებული „კრიმინალურ დაჯგუფებების“ ლიკვიდაცია იყო.

    აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აკვირდება სადემარკაციო ხაზს.
    აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა აკვირდება სადემარკაციო ხაზს.

    ცივი ომისა და მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე მხარე აქტიურად ცდილობდა ოპონენტის არალეგიტიმურობის დამტკიცებას. პირველობა ამაში ჩრდილოეთს უკავია – 1972 წლამდე სახალხო დმეოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქად იყო მიჩნეული სეული, ხოლო ფხენიანი მხოლოდ დროებით შტაბად განიხილებოდა. კორეის რესპუბლიკა, ამაზე საპასუხოდ, ჩრდილოეთის პროვინციებში გუბერნატორებს ნიშნავს. ცხადია, რომ ეს გუბერნატორები რეალურად არ მართავენ იმ პროვინციებს, სადაც დანაშნეს და სეულის შუაგულში მდებარე ოფისს არ სცილდებიან.

    ბოლო 15-20 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეამ დაუწყო მთელ ნახევარკუნძულზე ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს იდეაზე  ზერელე ყურება, ხოლო ჩრდილოეთის პროპაგანდაში ამ თემას დღესაც დიდი ადგილი უკავია. ჩრდილოეთკორეული პრესა, მაგალითად, დღესაც სვამს ბრჭყალებში სამხრეთ ორეის ყველა დაწესებულებისა და თანამდებობის პირის სახელწოდებბეს. გამოდის, რომ სამხრეთელი „პრეზიდენტი“ სინამდვილეში არანაირი პრეზიდენტი არაა, „პარლამენტი“ სინამდვილეში არანაირი პარლამენტი არაა და „კორეის რესპუბლიკის ელჩიც“ კი ელჩი არაა.

    არანაკლებ ჩახლართულია კორეის ომი საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით – აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ამ სახელმწიფოებს ონფლიქტში მონაწილეობა სულ არ მიუღიათ (მიუხედავად იმისა, რომ სწორად ამ ორი სახელმწიფოს სამხედრო ძალებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი).

    1950 წელს კორეის ნახევარკუნძულზე ჩამოსხდა ამერიკის შეერთებული შტატების დესანტი. მიუხედავად იმისა, რომ დესანტის უდიდესი ნაწილი სწორად ამერიკული ჯარები იყო, ისინი ნახევარკუნძულზე არა ამერიკის ეგიდით, არამედ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამხედრო შენაერთების“ სახელით შევიდნენ. საქმე კი იმაშა, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ, პროტესტის ნიშნად არ მყოფი საბჭოთა წარმოამდგენლის გარეშე, ერთხმად მიიღო რეზოლუცია სამხრეთისთვის დასახმარებლად „გაეროს ძალების გაგზანის“ თაობაზე. რეალობაში „გაეროს ძალების“ აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკული შენაერთები იყო. ფორმალურად კი, აშშ, როგორც სახელმწიფო, კონფქლიქტში არ მონაწილეობდა. იურიდიული თვალსაზრისით ამერიკელები იყვნენ კანონმორჩილი ადამიანებ, რომლებიც დაემორჩილნენ გაეროს გადაწყვეტილებას და სამხრეთკორეელ ერს დახმარების ხელი გამოუწოდეს.

    კიდევ უფრო საინტერესოა ჩინეთის ოფიციალური პოზიცია. საბჭოთა და ჩინელი დიპლომატები მრავალგზის აღნიშნავდნენ, რომ კორეაში მებრძოლი ჩინური სამხედრო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ნახევარმილიონ ადამიანს აღწევდა, სინამდვილეში ჩინური საჯარისო დანაყოფები სულადაც არ ყოფილან. ფორმალურად საუბარი მიდიოდა ჩინური დივიზიების მოხალისეებზე. ოფიციალური მოსაზრებით ჩინელმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს სოლიდარობის გამოხატვა ჩრდილოეთკორეელი ერისთვის და მთელი დევიზია საკუთარი ნებით გადადიოდა კორეის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩინელმა ინტერნაციონალისტებმა საკუთარი ნებით მიიღეს (მიუხედავად ჩინური ერის სიმპატიისა და მხარდაჭერისა) ოფიციალურად ისინი არ უნდა ჩაითვალონ ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი ჯარის მსახურებად, არამედ „ჩინელ სახალხო მოხალისეებად“.

    1953 წელს ამ დილომატიურმა არეულობამ არ შეუშალა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, თუმცა გარკვეული გართულებები მაშინაც იყო. კორეის რესპუბლიკის (სამხრეთის) წარმომადგენლებმა პოლიტიკურ-დიპლომატიური მოსაზრებებიდან გამომდინარე უარი განაცხადა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოწერაზე, რის გამოც ხელმოწერა ამერიკელებს (ანუ, იურიდიულად, „გაეროს ძალებს“), ჩინელებს (ანუ, იურიდიულად, „ჩინელ სახალხო მოხალისეებს“) და ჩრდილოეთის წარმოამდგენელს ეკუთვნოდა, რომელიც, ერთადერთი, ფიგურირებდა დოკუმენტში საკუთარი რეალური სახელით.

    მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერა მოითხოვს ორივე კორეული სახელმწიფოს კონსტიტუციების რადიკალურ გადახედვას – უპირველეს ყოვლისა კი იმ პუნქტზე უარის თქმაზე,  სადაც გაცხადებულია სეულისა და ფხენიანის დიპლომატიის მთავარი მიზანი – ქვეყნის გაერთიანება.

    ცხადია, თეორიულად შეუძლებელი არაფერია, განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ 1972 წელს ანალოგიურ გადაწყვეტილება შეიქმნა ორი გერმანული სახელმწიფოსთვის. ამავდროულად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს კორეა არ არის მზად ასეთი სცენარისთვის – კორეის გაერთიანებაზე უარის თქმა გამოიწვევს სწრაფ და მკაცრ რეაქციას როგორც სამხრეთით, ასევე ჩრდილოეთით.

    ყოველივე ზემოთ აღწერილის გათვალისწინებით აშკარაა, რომ მშვიდობის ხელშეკრულების ხელმოწერის იდეა აშკარად პროპაგანდის ნაწილია. ცხადია, დღეს არავინ არ დაიწყებს ამისთვის საჭირო მოლაპარაკებებს, მაშინაც კი, თუ ორივე სახელმწიფო რატომღაც დათანახმდება ორი სახელმწიფოს არსებობის იდეას.

    ზოგადად, ასეთი დიპლომატიური პროპაგანდა დამახასიათებელია არამარტო ფხენიანისთვის. ცოტა ხნის არანაკლებ ლამაზი (მაგრამ აშკარად შეუძლებელი) იდეით გამოვიდა სამხრეთ კროეის პრეზიდენტი, როდესაც სადემარკაციო ხაზის „მშვიდობის პარკად“ გადაქცევის იდეა წამოაყენა. რელურობის ხარისხით ეს იდეა არც ისე განსხვავდება მშვიდობის ხელშეკრულების დაუყოვნებლივი ხელმოწერის იდეისგან. ამავდროულად, რა თქმა უნდა ის გარემოება, რომ ამჯერად პროპაგანდა არა სარაკეტო-ბირთვული განადგურების, არამედ მშვიდობის ჟესტებისგან შედგება, დასაფასებელია.

     ანდრეი ლანკოვის სტატიის თარგმანი