ავტორი: Bubu

  • რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    რეპი და ჰიპ-ჰოპი კორეაში

    გადავწყვიტე დამეწერა კორეული რეპისა და ჰიპ-ჰოპის შესახებ, რახან მეც მიყვარს და იქნებ მკითხველსაც უყვარდეს/ამის შემდეგ მოეწონოს ^_^

    ვინც თანამედროვე კორეულ მუსიკას უსმენს, ალბათ დაკვირვებია, რომ თითქმის ყველა სიმღერაში, რომელსაც ჯგუფი ასრულებს, რეპს უჭირავს გარკვეული ადგილი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს წევრი, რომელიც მთავარი რეპერის სტატუსით სარგებლობს. ასევე, რაღა თქმა უნდა, არსებობენ სოლო რეპერებიც და ზოგიერთი მათგანი ძალიან პოპულარულია. მართალია, არაა კორეული რეპი იმდენად ცნობილი რამდენადაც კორეული პოპი, მაგრამ მას მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კორეის მუსიკალურ ინდუსტრიაში.

    ახლა კი ეგრევე რამდენიმე ყველაზე ცნობილ და განსაკუთრებულ არტისტს გაგაცნობთ.

    1.Yoon Mi-rae (Tasha)

    დაბადების თარიღი: 31 მაისი , 1981 (32 წლისაა ამჟამად);
    კომპანია: Jungle Entertainment;

    ტაშას ბევრი თვლის კორეული რეპის დედოფლად. ის უკვე დიდი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობს თავის ქმართან, Tiger JK-სთან ერთად. მისი ნიჭი მხოლოდ რეპით არ შემოიფარგლება, მას არაჩვეულებრივი ვოკალიც აქვს. იგი თავისუფლად ლაპარაკობს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე. ახლა კი გავეცნოთ თვითონ მის რეპერტუარებს, ზოგიერთი მათგანი არის როგორც კორეულად, ასევე ინგლისურადაც.

    2. Tiger JK

    დაბადების თარიღი: 29 ივლისი, 1974 (ამჟამად 38 წლის);
    კომპანია: Jungle Entertainment;
    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამხრეთ კორეელი რეპერია. იგი არის Jungle Entertainment-ის CEO და დამფუძნებელი. იგი ასევე არის ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Drunken Tiger-ის ერთ-ერთი პირველი წევრი. მისი პოპულარობის ზრდა გვიანი ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და გასცდა სამხრეთ კორეის ფარგლებს. ის და ტაშა 2007 წელს დაქორწინდნენ და ახლა შვილიც ჰყავთ, სახელად ჯორდანი.

    ასევე მან, ტაშამ და რეპერმა Bizzy-მ ერთად ჩაწერეს ძალიან წარმატებული სიმღერა Sweet Dream. ამ კოლაბორაციას MFBTY ეწოდა.

    http://www.youtube.com/watch?v=qLrM_auor2Q

    3. Outsider

    დაბადების თარიღი: 21 მარტი, 1983;
    კომპანია: Sniper Sound;
    Outsider არის არა მხოლოდ კორეაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეპერი. მას შეუძლია წამში 17 მარცვლის წარმოთქმა. სისწრაფის გარდა, იგი დიდ ყურადღებას აქცევს გამოთქმას (მაგ. არ ყლაპავს ასოებს ან მარცვლებს). იგი დიდ პატივს სცემს MC Sniper-ს და მასთან ერთად მრავალი სიმღერა აქვს ჩაწერილი.

    4. MC Sniper

    დაბადების თარიღი: 8 თებერვალი, 1979;
    კომპანია: Sniper Sound;
    MC Sniper არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერი კორეაში. იგია ხელოვანი, რომელიც ცნობილია კორეული ტრადიციული მუსიკისა და კორეული ჰიპ-ჰოპის სინთეზით. მას ბევრი არაჩვეულებრივი მუსიკა აქვს შექმნილი, თუმცა აქ მხოლოდ რამდენიმეს წარმოგიდგენთ.

    http://www.youtube.com/watch?v=rZu-tN3asJQ

    5. E.via (Tymee, Napper)

    დაბარების თარიღი: 15 იანვარი, 1986;
    E.via არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ქალი რეპერი არა მხოლოდ კორეაში. იგი ადრე კომპანია Dline Art Media-ში იყო, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო იქაურობის დატოვება მოუწია და ფსევდონიმიც შეიცვალა.

    http://www.youtube.com/watch?v=SEmxb6jefBA

    http://www.youtube.com/watch?v=Rht74e6QVM0

    6. Epik High

    კომპანია: YG Entertainment;
    Epik High სამი წევრისაგან შედგება. ესენია: Tablo, Mithra Jin და DJ Tukutz. ისინი მოღვაწეობენ როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკეც.

    7. Verbal Jint

    დაბადების თარიღი: (19 დეკემბერი, 1980 წელი)
    Verbal Jint უკვე ნახსენებ შემსრულებლებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი, თუმცა წინა ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეპერია. ამბობენ, რომ სწორედ მისი წყალობითაა დღევანდელ კორეელ რეპერთა შესრულებაში რიტმი ასე კარგად დაცული და სტროფები ასე კარგად გარითმული.

    8. Dynamic Duo


    ჯგუფი Dynamic Duo, როგორც სახელიდან არ გაგიჭირდებოდათ მიხვედრა, ორი წევრისაგან შედგება. მათი ფსევდონიმებია Choiza და Gaeko. ჯგუფი შედის კომპანია Amoeba Culture-ში.

    http://www.youtube.com/watch?v=DbE5viJ25sQ

    http://www.youtube.com/watch?v=91tUkX9H7gw

    9. 1TYM

    1TYM ოთხწევრიანი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ოფიციალურად არ დაშლილა, ის მუსიკალური ინდუსტრიის ასპარეზზე არ გამოსულა 2005 წლის შემდეგ.

    10. Leessang

    Leessang ორი წევრისაგან შემდგარი ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს და პოპულარულია. ამბობენ, რომ მის ყოველ ცოცხალ შესრულებას თავისი არჩვეულებრივი ხიბლი აქვს. ჯგუფი ცდილობს თავისი მოღვაწეობის არეალი მხოლოდ ერთ იმიჯზე არ შეაჩეროს და ატარებს ბევრ ექსპერიმენტს მუსიკალურ სტილზე.

    ცხადია, რომ აქ წარმოდგენილი 10 შემსრულებლით კორეული ჰიპ-ჰოპ-რეპის სივრცე არ შემოიფარგლება. როგორც უკვე ვახსენე, თითქმის ყველა ჯგუფს ჰყავს თავისი რეპერი. ამ რეპერთა სია ძალიან დიდია და ალბათ ცალკე სტატია ეკუთვნის :დ. თუ თქვენი საყვარელი რომელიმე შემსრულებელი არ შევიდა ამ სიაში, არ ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად პოპულარულები ან ნაკლებად მოსაწონნი არიან. უბრალოდ, აქ ვეცადე წარმომედგინა სოლო რეპერები და ისეთი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობა “underground” რეპერებად დაიწყეს, ანდაც ისეთები, რომლებსაც ვერ უწოდებ K-pop-ს. ვეცადე დამენახვებინა, რომ კორეაში მხოლოდ პოპი არაა პოპულარული (თუმცა ხშირად სხვა მუსიკალური მიმდინარეობებიც მოიაზრება, როცა კორეულ პოპზე საუბრობენ).

    იცოდით თუ არა მათ შესახებ? რომელი მოგეწონათ? რომელი არ მოგეწონათ? დაწერეთ კომენტარებში ^_^
    პ.ს. იმედია ბევრი ვიდეოების გამო არ გაგიჭედათ საიტმა (მე მიჭედავს რატომღაც)

  • სეულის მეტრო

    სეულის მეტრო

    გადავწყვიტე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტრანსპორტის – მეტროს შესახებ მესაუბრა. გაგაცნობთ სეულის მეტროს – მსოფლიოში სიგრძით პირველს და სადგურების რაოდენობით – მეორეს (ნიუ იორკის მეტროს შემდეგ). სეულის მეტრო გამოყენების სიხშირით მსოფლიოს მეტროთა სამეულში შედის.
    ხშირად სწორედ მეტროა სეულში ყველაზე მოსახერხებელი და სწრაფი ტრანსპორტი. სეულის მეტრო ასევე ცნობილია თავისი მოხერხებულობით, სისუფთავით და მომსახურების სისწრაფით. მატარებლები გაუჩერებლად დადიან სადღაც დილის 5:30-დან შუაღამემდე. ყველა სადგურზე შეხვდებით მინიშნებებს როგორც კორეულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
    სეულის მეტრო 19 ხაზისგან შედგება, მაგრამ ყველაფერი 1 ხაზით დაიწყო 1974 წელს და ახლა, 2013 წლისთვის სადგურების რაოდენობა 607-ს აღწევს (შედარებისთვის – თბილისის მეტროში 22 სადგურია). ყველა ხაზს თავისი ფერი აქვს. დღესაც მრავალი ახალი სადგური შენდება და კიდევ მრავლის აშენება იგეგმება.
    სეულის მეტროში მომხვედრს სასიამოვნო მოულოდნელობები ელოდება. მაგალითად, სკამების გათბობა მატარებლებში. ზამთარში ეს მისწრებაა გათოშილი მგზავრებისთვის, თუმცა ისიც მართალია, რომ თბილად მოკალათებულს ადვილად შეიძლება ჩაგეძინოს და მატარებლიდან ჩამოსვლა დაგეზაროს.
    სეულის მეტროს მატარებლებში ყოველთვის შეგიძლიათ თან ტელეფონზე ისაუბროთ და თან იმგზავროთ იმის ფიქრის გარეშე, რომ შეიძლება ნებისმიერ წამს გაგეთიშოთ კავშირი. თუმცა ეს სიახლე არაა – ასე უკვე 10 წელია არის. უკაბელო ინტერნეტთან წვდომა ყოველთვის შეგიძლიათ.
    მეტროში უხვადაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ალბათ არ უნდა აკვირვებდეს მკითხველს. თითქმის ყველა ახალ მატარებელში არის ტელევიზორები, რომლებიც სიახლეებს გადმოსცემენ. ასევე, სადგურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ენაზეა გადმოცემული (ახლა უკვე თბილისის მეტროშიც, ქართულად და ინგლისურად ^^), რაც მისწრებაა ტურისტებისთვის. სეულის მეტროს უსაფრთხოებაზე ლაპარაკიც კი არ ღირს, რახან სეული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქადაა აღიარებული (ამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://korea.ge/?p=150). ამის თვალსაჩინოებისთვის შეხედეთ გაჩერებებს. შეუძლებელია მატარებლის წინ გადავარდეს ადამიანი (თუმცა, როგორც ვიცი, ჯერჯერობით ყველა სადგურზე არაა მსგავსად მოწყობილი):

    რაც შეეხება ფასს, მგზავრობა 1050 ვონი ჯდება (სადღაც 1 დოლარი). ის ნამდვილად არაა მსოფლიოში ყველაზე იაფი, თუმცა სხვა ქვეყნების მეტროების ფასს რომ შევადაროთ, ძალიან ძვირადაც აღარ მოგვეჩვენება. მაგალითად, ლონდონში სადღაც 4 დოლარი, სტოკჰოლმშიც დაახლოებით ასევე, სან ფრანცისკოში – 3 დოლარი, ვაშინგტონშიც დაახლოებით 3 და ასე შემდეგ.
    თუ გსურთ მეტროს სადგურების მდებარეობებისა და სახელების დეტალურად გაგება, შედით საიტზე http://www.korea4expats.com/korean-subways.php
    ბონუს ვიდეო:
    http://www.youtube.com/watch?v=XCARKKpQN_8

  • მოსწავლეები და სკოლა სამხრეთ კორეაში

    მოსწავლეები და სკოლა სამხრეთ კორეაში

    ეს სტატია მეტს გაგაგებინებთ სამხრეთ კორეული სასკოლო სისტემის შესახებ. შეიტყობთ სწავლების რა მეთოდს მიმართავენ მასწავლებლები, როგორ განსხვავდება ქართული სასკოლო სისტემა მისგან, რა შედეგი აქვს ასეთ სისტემას და რატომაა იგი განსაკუთრებული.
    დავიწყოთ იმით, რომ ექვსიდან თხუთმეტ წლამდე სკოლა უფასოა საჯარო სკოლებში. სკოლა იყოფა რამდენიმე ეტაპად: დაწყებითი სკოლა (chodeung-hakgyo (초등학교)) – პირველიდან მეექვსე კლასამდე, საშუალო სკოლა (중학교, jung hakgyo) – მეშვიდე-მეცხრე კლასები და უმაღლესი სკოლა (고등학교, godeung hakgyo) – დარჩენილი სამი წელი. ესაა ის დრო, როცა მოსწავლეებმა უნდა მიიღონ განათლება და მოემზადონ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. კონკურსი ძალიან დიდია, რადგან ვინც პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში მოხვდება, ითვლება, რომ მისთვის ადვილი იქნება სამსახურის შოვნა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.
    დავიწყოთ იმით, თუ რითია სამხრეთ კორეის სასკოლო სისტემა საინტერესო. იგი ძალიან ტვირთავს მოსწავლეს და იგი იძულებული ხდება დღის უმეტესი ნაწილი მეცადინეობაში გაატაროს და ნაკლები დრო დაუთმოს, მაგალითად, საყვარელ საქმიანობას, სპორტს და სხვა. ჩვეულებრივ, სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოსწავლეები სწავლას დამატებით სკოლებში აგრძელებენ.
    გამოცდების პერიოდი ყველაზე დაძაბულია. ამ დროს მოსწავლეები საშუალოდ 15 საათს უთმობენ დღეში მეცადინეობას და ძილის დროც იშვიათად რჩებათ (ცხადია, ყველაზე არაა აქ საუბარი). განსაკუთრებით დაძაბულია ეროვნული გამოცდების პერიოდი. ამ დროს დაძაბულობა პიკს აღწევს. მთელი ქვეყანა ნერვიულობს. გამოცდის დროს გულშემატკივარ ადამიანთა (არა მარტო მშობელთა, როგორც ჩვენთანაა გავრცელებული) რიცხვში ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეხვდეთ. სახელმწიფოც ცდილობს ხელი შეუწყოს მათ, ვინც გამოცდების წერის პერიოდშია. მაგალითად, მანქანის მძღოლებს საგამოცდო ადგილებთან ეკრძალებათ პიპინი, ან პოლიცია ვალდებულია დაეხმაროს გამოცდის ადგილზე დროზე მისვლაში იმას, ვისაც ეს სჭირდება და ა.შ.
    დაძაბული სასწავლო სისტემის შედეგია ის, რომ მოსწავლეები მთლიანად არიან კონცენტრირებულნი კარგ უნივერსიტეტში ჩაბარებასა თუ კონკურსებში გამარჯვებაზე. ამას მოჰყვება გამარჯვებები საერთაშორისო ოლიმპიადებში და სხვადასხვა კონკურსებში.
    ძირითადად, მეტი ყურადღება ექცევა ტექნიკურ საგნებსა და ინგლისურს. ფიზკულტურა და ხელოვნება უკანა პლანზე ინაცვლებს. დასავლურ საგანგმანათლებლო სისტემასთან შედარებით, ყურადღება გამახვილებულია დამახსოვრებაზე და შრომაზე, და არა შემოქმედებითობაზე, საკუთარი თავის ძიებაზე.
    კიდევ არის რაღაცეები, რაც არაა დასავლეთში გავრცელებული (და არც საქართველოში) და ძირითადად აზიაში ვხვდებით. მაგალითად, სამხრეთ კორეის სკოლებში შეიძლება მოგიწიოთ სხვა, არასაგარეო ფეხსაცმლის ტარება. მოსწავლეები ვალდებულნი არიან თავად დაასუფთავონ საკლასო ოთახი, მოგავონ, მოხეხონ, მასწავლებლის შემოსვლისას უნდა დაიხარონ და ა.შ. და კიდევ, მასწავლებლები ძირითადად არ კითხულობენ სიას.

    ახლა კი იხილეთ საინტერესო ვიდეო, სადაც გადმოცემულია, თუ რა სხვაობებია სამხრეთ კორეელსა და ჩრდილოეთ ამერიკელ მოსწავლეებს შორის და რა დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს ასეთ სისტემებს:

    ზოგი მშობელი ამბობს, რომ 1-2 შვილის ყოლაც კი ძალიან ძნელია, რახან განათლება ძალიან ძვირი ჯდება. ზოგიერთი მშობლისთვის შვილის უნივერსიტეტში ვერ მოხვედრა დიდი ტრაგედიის ტოლფასია, ამიტომ მოსწავლეები სულ დაძაბულნი არიან და გამუდმებული სტრესი სამხრეთ კორეელი მოსწავლისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო დოკუმენტური ფილმი:

    საინტერესო ტრადიცია: ჩვენთან მიღებულია, რომ უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მაგალითად, ფულით ან ავტომანქანით დაასაჩუქრონ შვილი მშობლებმა, ან რამე სხვა სიურპრიზი მოუწყონ, ნათესავებმა საჩუქრები აჩუქონ. სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ ასეთ საჩუქრად პლასტიკური ოპერაცია ითვლება. მშობლები შვილებს წარმატების შემთხვევაში ცხვირის, ყბის და ა.შ. ოპერაციას უფინანსებენ.

    ბონუს ვიდეო:


    რა აზრის ხართ ასეთ სასკოლო სისტემაზე? შეგვატყობინეთ კომენტარებში ^_^
    გმადლობთ ყურადღებისთვის.

  • იუნა კიმი – ფიგურული სრიალის ლეგენდა!

    იუნა კიმი – ფიგურული სრიალის ლეგენდა!

    სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება მოციგურავე იუნა კიმი. ჩემზე, როგორც ფიგურული სრიალის გულშემატკივარზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იუნა კიმმა და მისი დახმარებით მოვისმინე პირველი გრძელი კორეული საუბარი. ფიგურული სრიალის მაყურებლებისთვის უცხო არ იქნება ამ სპორტსმენის მიღწევები, თუმცა ამ პოსტის კითხვა ალბათ უფრო მეტს გაგაგებინებთ ყველას.

    ეს გოგონა პირველად 2007 წლის მსოფლიო ფიგურული სრიალის ჩემპიონატზე ვნახე, მოკლე პროგრამის სრიალის დროს და ძალიან გამიკვირდა, რადგან მისი სრიალის ტექნიკა აშკარად ძალიან გამორჩეული იყო. იმ დროისათვის იგი 16 წლის იყო და თავის პირველივე მსოფლიო დონის ჩემპიონატზე დაამყარა მსოფლიო რეკორდი. მას ამ სპორტის ყველა კომენტატორი აქებდა და იუნა კიმმა მათი მოლოდინები გაამართლა: აიღო ბრინჯაო, მიუხედავად იმისა, რომ ტრამვირებული ჰქონდა ზურგი. მომავალ წელსაც ანალოგიური შედეგით – ბრინჯაოს მედლით დაუბრუნდა კორეას. მაგრამ რაც მთავარია მან გადააჭარბა ბევრის მოლოდინს: 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ოქროს მედალი და დაამყარა სამი მსოფლიო რეკორდი: მოკლე პროგრამაში, გრძელ პროგრამაში და ჯამურ საბოლოო ქულაში.

    ახლახანს, ანუ 2013 წლის ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე იუნა კიმმა კვლავ დაგვანახა, რომ ის დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მოციგურავეა მსოფლიოში. მან ოქროს მედალი მოიპოვა! აი მისი გრძელი და მოკლე პროგრამები:
    მოკლე პროგრამა:

    გრძელი პროგრამა:

    https://www.youtube.com/watch?v=-aUdJVZTC70

    იუნა კიმის მიღწევები მხოლოდ სპორტული შეჯიბრებებით როდი შემოიფარგლება. იგი იყო სამხრეთ კორეის წარმომადგენელი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის პიონგჩანგის არჩევის დროს. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო:

    ახლა კი იხილეთ მოკლე და გრძელი პროგრამები, რომლებშიც იუნა კიმმა მსოფლიო რეკორდები დაამყარა და ოქროს მედალიც მოიპოვა 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე:
    მოკლე პროგრამა:

    გრძელი პროგრამა:

    იუნა კიმის შესახებ დოკუმენტური ფილმების გადაღებაც დაიწყეს. აი ერთ-ერთი მათგანი:

    ყველაფერი ნათქვამის გარდა, იგი მონაწილეობს ფიგურული სრიალის შოუებში და სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში. სამხრეთ კორეაში ფიგურული სრიალის ცნობადობის გაზრდას იუნა კიმს უნდა უმადლოდნენ. ახლა მრავალი ახალგაზრდა ძალიან დიდ დროს ატარებს ყინულზე რომ გახდეს „ახალი იუნა.“
    და ბოლოს, იუნა კიმს ჰქონდა საკუთარი გადაცემა სახელწოდებით Kim Yu-na’s Kiss and Cry, სადაც კორეის სხვადასხვა გამოჩენილი ადამიანები გამოდიოდნენ ყინულზე, როდესაც სრიალი სულ ახალი ნასწავლი შეიძლება ჰქონოდათ და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ამ კონკურსში საბოლოოდ გაიმარჯვა f(x)-ის Krystal-მა.
    საინტერესო ფაქტები: იუნა კიმს სხვა ყველაფერთან ერთად კარგი ხმაც აქვს და ჩაწერილი აქვს დუეტები ისეთ გამოჩენილ სამხრეთ კორეელებთან, როგორებიც არიან Lee Seung-Gi და IU:

    იუნა კიმის ცნობადობის ზრდასთან ერთად იზრდება მასზე მოთხოვნაც მარკეტინგულ საქმიანობაში. ახლა იგი ისეთი ცნობილი კომპანიების სახეა, როგორებიცაა: Hyundai Motor, P&G, Samsung, Ivy Club, Nike, LG, Universal Music, Maeil Dairy და სხვა.

    გმადლობთ ყურადღებისთვის.